Accessibility links

logo-print

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი, რომელმაც რიოს თამაშებში მონაწილეობა აუკრძალა 100-ზე მეტ რუს სპორტსმენს, ღია დავაში შევიდა დოპინგის საწინააღმდეგო მსოფლიო სააგენტოსთან, რომელიც თვლის, რომ შეჯიბრებაზე აკრძალვა აბსოლუტურად ყველა რუს სპორტსმენზე უნდა გავრცელდეს.

ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელმა, თომას ბახმა 1 აგვისტოს გააკრიტიკა დოპინგის საწინააღმდეგო სააგენტო - მისი თქმით, სააგენტომ ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე წამოაყენა რუსეთში დოპინგის პრაქტიკის და მისი დაფარვის სისტემის საკითხი, რამაც კომიტეტს მცირე დრო დაუტოვა სამოქმედოდ. ოლიმპიური თამაშები 5 აგვისტოს იწყება. შესაბამისად, კომიტეტმა სპორტის ცალკეული სახეობების ფედერაციებს მიმართა თხოვნით მათ თავად გადაეწყვიტათ ვის ექნებოდა თამაშებში მონაწილეობის უფლება, და მათ რეკომენდაციებს ოლიმპიური კომიტეტი ახლა განიხილავს, თამაშების დაწყებამდე სულ რამდენიმე დღით ადრე. „ეს გადაწყვეტილება სამართალს ეხებაო“, განაცხადა ბახმა რიოში გამართულ ოლიმპიურ ასამბლეაზე 1 აგვისტოს და დასძინა - „სამართალი პოლიტიკისგან დამოუკიდებელი უნდა იყოსო“. ბახის თქმით, კომიტეტს აუცილებელი გადაწყვეტილებების მიღება მოუხდა; „ბრალდებების სერიოზული ხასიათის გამო, ვერ შევძელით რუსი სპორტსმენების უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვა. თუმცა, მეორე მხრივ, სპორტსმენს ვერ წავართმევთ ადამიანის უფლებას ჰქონდეს საშუალება დაამტკიცოს თავისი უდანაშაულობა“ - განაცხადა ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელმა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG