Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„დავით გარეჯი“ - გვეკუთვნის, მაგრამ არ გვეკუთვნის


კვირაზე მეტია, რაც დავით გარეჯის კომპლექსის უდაბნოს მონასტრის ტერიტორიას აზერბაიჯანელი მესაზღვრეები აკონტროლებენ. მეზობელი ქვეყნის საზღვრის დაცვის სამსახური 6 მაისის შემდეგ გააქტიურდა. სასულიერო პირების თქმით, მესაზღვრეები, რომლებიც აღდგომის ტაძრის მისასვლელთან დადგნენ, აჩერებენ და უკან აბრუნებენ ტაძრისკენ მიმავალ ტურისტებსა და მომლოცველებს. ვის ტერიტორიაზე მდებარეობს სამონასტრო კომპლექსი და რამ გამოიწვია ბოლო დროს აზერბაიჯანელი მესაზღვრეების გააქტიურება?

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე მდებარე სამონასტრო კომპლექსის გარშემო შექმნილი ვითარების გამო განგაში დავით გარეჯის ლავრის მღვდელმსახურებმა ატეხეს. ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში მღვდელ-მონაზონმა კირიონმა განაცხადა, რომ 6 მაისის შემდეგ ტურისტებს უდაბნოს მონასტერში აღარ უშვებენ:

„სულ რაღაც 6 დღის წინ მოხდა აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მიერ ამ ტერიტორიის დაკავება, რის შემდეგაც საქართველოს მხარეც გვეუბნება, რომ იქ ასვლის უფლება ქართველ ტურისტს არ აქვს. ჩვენ რამე კონკრეტული ბერკეტი არ გაგვაჩნია, ბერები ვართ, მაგრამ გეუბნებით თქვენ, საზოგადოებას, ქართველ ხალხს, რომ ეს არის უწმინდესი ადგილი, უწმინდესი მონასტერი, რომელიც დგას საფრთხის წინაშე, გადავიდეს აზერბაიჯანის დაქვემდებარებაში.“
კონკრეტულად გარეჯის კომპლექსის იმ ნაწილს რაც შეეხება, შეგახსენებთ, რომ, საბჭოთა კავშირის დროიდან მოყოლებული, არ იმყოფება საქართველოს ფარგლებში და არის სწორედ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე კონკრეტულად ეს ნაწილი ...
ნინო კალანდაძე

სულ გარეჯის სამონასტრო კომპლექსი 2,5 კილომეტრზეა განთავსებული. ამასთან, სამონასტრო კომპლექსის მნიშვნელოვანი ნაწილი მოქცეულია საქართველო-აზერბაიჯანის 450 კილომეტრიანი საზღვრის ერთ-ერთ დაუდგენელ მონაკვეთში. საქმე ისაა, რომ საზღვრის სადელიმიტაციო ორმხრივი სამთავრობოთაშორისო კომისია, რომელიც 1996 წლიდან მუშაობს, არაერთი მცდელობის მიუხედავად, ვერ შეთანხმდა ტერიტორიაზე - გარეჯის მთის ნახევრად უდაბურ კალთაზე, რომელზეც სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს, თუმცა 14 მაისს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ ბევრისთვის მოულოდნელად განაცხადა:

„კონკრეტულად გარეჯის კომპლექსის იმ ნაწილს რაც შეეხება, შეგახსენებთ, რომ, საბჭოთა კავშირის დროიდან მოყოლებული, არ იმყოფება საქართველოს ფარგლებში და არის სწორედ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე კონკრეტულად ეს ნაწილი, რომელიც პრობლემის წყარო გახდა, თუმცა იმედი გვაქვს, რომ დელიმიტაციის პროცესი აქამდე მეტ-ნაკლები წარმატებით მიმდინარეობდა და იმედი გვაქვს, რომ სწრაფად დასრულდება დ, საბოლოო ჯამში, სადავო ტერიტორიები, როგორც ასეთი, გაირკვევა. თუმცა ეს ნაწილი, კიდევ ერთხელ ვამბობ, სადავო ტერიტორიებს არ განეკუთვნება.“

საბჭოთა კავშირის დროიდან მოყოლებული, საზღვრები, რომლის შესახებაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაპარაკობდა, გასული საუკუნის 20-იან წლებში დადგინდა. ისტორიკოს ბონდო კუპატაძის თქმით, გადამწყვეტი აღმოჩნდა 1921 წელს ამიერკავკასიის ფედერაციის კავბიუროს ხელმძღვანელის სერგო ორჯონიკის გადაწყვეტილება.

„სერგო ორჯონიკიძის ხელმძღვანელობით მოხდა შიდა საზღვრების დადგენა და აზერბაიჯანელმა და სომეხმა კომუნისტებმა მოითხოვეს გარკვეული ტერიტორიები. კერძოდ, ეს იყო ლორე - სომხების მხრიდან, ყარაიას ველი და ზაქათალის ოკრუგი - აზერბაიჯანელების მხრიდან. ქართველმა კომუნისტებმა მაინცდამაინც თავი არ გამოიდეს და ორჯონიკიძემ ეს საკითხი გადაწყვიტა აზერბაიჯანისა და სომხეთის სასარგებლოდ, თან ისე, რომ განმარტებაც მიაყოლა, საერთოდ სირცხვილია მოძმე კომუნისტებს შორის საზღვრებზე დავაო, ჩვენ მსოფლიო პროლეტარულ რევოლუციას რომ მოვახდენთ, საზღვრები საერთოდ არ იქნება და რატომ უნდა ვიდავოთ და რატომ უნდა ვაწყენინოთ ჩვენს ძმებსო“, უთხრა ბონდო კუპატაძემ რადიო თავისუფლებას.
ეს არ არის სიურპრიზი აზერბაიჯანის სახელმწიფოს მხრიდან. ეს არის შეთანხმებული ქმედება საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობებს შორის ...
ზვიად ძიძიგური

ბონდო კუპატაძის თქმით, ყარაიაზის ველი და, მათ შორის, სამონასტრო კომპლექსის მნიშვნელოვანი ნაწილი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე აღმოჩნდა, თუმცა მოგვიანებით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მხარეების დროებითი შეთანხმების საფუძველზე, პირობითი საზღვარი გავლებული იქნა მონასტრის თხემზე ისე, რომ სამონასტრო კომლექსის ყოველდღიური ცხოვრება არ შეცვლილა: ბერები, ტურისტები და მომლოცველები ვერ გრძნობდნენ მესაზღვრეების არსებობას, მაგრამ, როგორც უკვე ვთქვით, ვითარება შეიცვალა მიმდინარე წლის 6 მაისს. ოპოზიციური გაერთიანება „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი წევრი, ზვიად ძიძიგური, ამტკიცებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ პოზიციები დათმო:

„რაც აქ ჩამოსვლის შემდეგ გავარკვიეთ, არის ფაქტი, რომ ეს არ არის სიურპრიზი აზერბაიჯანის სახელმწიფოს მხრიდან. ეს არის შეთანხმებული ქმედება საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობებს შორის და ამგვარი მოქმედების არსი გამოიხატება იმაში, რომ დღეს ჩვენ ქართველი მესაზღვრეები გვეუბნებიან, რომ დავით გარეჯი ეს არ არის საქართველოს ტერიტორია. ეს არის ფაქტი. ჩვენ გვაინტერესებს რა დოკუმენტი არსებობს, რა შეთანხმება განხორციელდა ხალხის ზურგს უკან.“

მაინც რა მოხდა 6 მაისს? კახეთის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი გელა მთივლიშვილი, აზერბაიჯანში ზაქათალის რაიონში მყოფ კორესპონდენტზე დაყრდნობით, ამბობს:

„აზერბაიჯანის საზ ღვრის დაცვის სამსახურში შეიცვალა იმ სამმართველოს ერთ-ერთი ხელმძღვანელი, რომელსაც ევალება ეგრეთ წოდებულ „კეშიკჩის“ პერიმეტრის გაკონტროლება. „კეშიკჩს“ აზერბაიჯანელები უწოდებენ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსს. ამ გარემოებას უკავშირებენ 6 მაისის შემდეგ გამკაცრებულ ზომებს. აზერბაიჯანის საზღვრის დაცვის სამსახურში დაგვიდასტურეს და მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ ორი ქვეყნის პრეზიდენტებს შორის უკვე შედგა მოლაპარაკება. ისინი ვარაუდობენ, რომ საკითხი რამდენიმე დღეში გადაწყდება. ჩვენ მიგვანიშნეს, რომ შესაძლებელია სამონასტრო კომპლექსის რაღაც ნაწილი ღია ტურისტულ ზონად გამოცხადდეს.“

დავით გარეჯის კომპლექსის ღია ტურისტულ ზონად გამოცხადების იდეას ზოგიერთი ქართველი ისტორიკოსიც იზიარებს. სამონასტრო კომპლექსს აზერბაიჯანელები თავიანთი წინაპრების - ქრისტიანი ალბანელების -მემკვიდრეობად მიიჩნევენ და "კეშიკჩს" უწოდებენ. ქართველი ისტორიკოსებისათვის კი დავით გარეჯი მე-6 საუკუნის ქრისტიანულ-მართლმადიდებლური ეკლესია და ქართველ მართლმადიდებელთა ერთ-ერთ მთავარი სიწმინდეა.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG