Accessibility links

logo-print

დავით ბაქრაძე „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატია


დავით ბაქრაძე

დავით ბაქრაძე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატი დავით ბაქრაძე იქნება. პრეზიდენტობის კანდიდატი საპარლამენტო ოპოზიციამ დღეს თბილისში შემაჯამებელი პრაიმერით აირჩია. მეორე ადგილი გიორგი ბარამიძეს ხვდა წილად, მესამე ადგილს ზურაბ ჯაფარიძე დასჯერდა, ბოლო, მეოთხე ადგილი კი შოთა მალაშხიას ერგო. პრაიმერი საქართველოს ექვს ქალაქში ჩატარდა. ამას გარდა, ხმის მიცემა სასურველი კანდიდატისთვის შესაძლებელი იყო ინტერნეტის საშუალებითაც. ონლაინ შედეგებითაც პირველ ადგილზე საპარლამენტო უმცირესობის წევრი დავით ბაქრაძე გავიდა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რიგით მეექვსე შემაჯამებელი პრაიმერი თბილისში, წერეთლის გამზირზე, საგამოფენო ცენტრთან საპროტესტო აქციის პარალელურად დაიწყო. ოპოზიციურმა პარტიამ „თავისუფალი საქართველო“ და არასამთავრობო ორგანიზაციამ „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის“ „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ რამდენიმე ათეული ადამიანი შემოიკრიბეს და კიდევ ერთხელ მოითხოვეს რეჟიმის გასამართლება და სამართლიანობის აღდგენა როგორც რკინის ბარიერებზე გამოფენილი პლაკატებით, ისე სიტყვიერად. „პრაიმერი ჩაატარეთ ციხეში“ - ასეთია ერთ-ერთი პლაკატის შინაარსი, რომლის პათოსსაც რადიო თავისუფლებასთან საუბარში „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავაც იზიარებს. მეტიც, როგორც ის აცხადებს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ხანგრძლივი დროის მანძილზე უნდა აეკრძალოთ პოლიტიკური საქმიანობა:

„ეს არის კრიმინალური ორგანიზაცია, ეს არის ფაშისტური ორგანიზაცია, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული კაციობრიობის წინააღმდეგ და ჩვენი ამოცანაა, რომ საქართველოშიც შემოვიტანოთ ევროპული სტანდარტები, რადგან ვიცით, რომ გერმანიაში ომის შემდეგ აიკრძალა ფაშისტური პარტია. კომუნისტური ბლოკის რღვევის შემდეგ მიღებული იქნა ლუსტრაციის კანონი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. ჩვენ გვინდა, რომ საქართველოშიც ავამოქმედოთ ლუსტრაციის კანონპროექტი, რათა ჩვენი პოლიტიკური ინსტიტუტები იყოს დაცული ამ ვირუსისგან, რასაც ჰქვია ‘ნაციონალური მოძრაობა’ “.

„ნაციონალური მოძრაობის“ შემაჯამებელი პრაიმერი სამართალდამცავების გაძლიერებული დაცვის თანხლებით წარიმართა, თუმცა, მიუხედავად ამისა, საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ წევრს შორის მომხდარ დაპირისპირებას აქციის ორი მონაწილის დაკავება მოჰყვა. შეგახსენებთ იმასაც, რომ ექსცესების ფონზე ჩაიარა პრაიმერმა ზუგდიდსა და ბათუმში. და მაშინ, როცა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები რკინის ბარიერებს აქეთ „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლებას მოითხოვდნენ, რკინის ბარიერს იქით, საგამოფენო ცენტრის ერთ-ერთ მთავარ პავილიონში, „ნაციონალური მოძრაობის“ პრაიმერის ოთხი მონაწილე - დავით ბაქრაძე, ზურაბ ჯაფარიძე, შოთა მალაშხია და გიორგი ბარამიძე - დარბაზში შეკრებილ დელეგატებსა და „ნაციონალური მოძრაობის“ დანარჩენ წევრებს ქვეყნის განვითარების თავ-თავის ხედვას აცნობდა. როგორი უნდა იყოს ახალი პრეზიდენტი? ეს კითხვა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა, გიორგი ვაშაძემ, პრაიმერის მონაწილეების გამოსვლამდე რამდენიმე წუთით ადრე დასვა და თავადვე გასცა პასუხი - ეს უნდა იყოს ადამიანი, რომელიც არ იქნება რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის პრეზიდენტი, არამედ იქნება ყველას პრეზიდენტიო, და ამ რეპლიკას მომავალი პრეზიდენტის სხვა დანარჩენი მახასიათებლებიც მოაყოლა:

„ეს არ უნდა იყოს ადამიანი, ვინც დაგვაპირისპირებს; ეს უნდა იყოს ადამიანი, ვინც გაგვაერთიანებს. ეს უნდა იყოს ადამიანი - ხიდი თითოეული ჩვენგანისა მთავრობასთან. ეს უნდა იყოს ადამიანი, რომელსაც ექნება მოსმენის უნარი. ეს უნდა იყოს ადამიანი, რომელიც მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ქვეყნის დეოკუპაციაში და ჩვენ ეს ყველაზე მეტად გვტკივა. ეს უნდა იყოს ადამიანი, რომელიც ეკონომიკას განავითარებს და ეკონომიკის განვითარებაში ჩაერთვება ისე, რომ, საბოლოო ჯამში, შედეგს მიიღებს თითოეული ჩვენგანის ოჯახი“.
საზოგადოებისათვის ამ თვისებების წარმოჩენას „ნაციონალური მოძრაობის“ პრაიმერის ოთხი მონაწილე თითქმის ორი საათის განმავლობაში ცდილობდა. იქიდან გამომდინარე, რომ თბილისში ჩატარებული პრაიმერი შემაჯამებელი იყო, მის მონაწილეებს კონკრეტული თემა არ ჰქონიათ და ისინი სხვადასხვა, მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ამახვილებდნენ ყურადღებას. როგორც აღმოჩნდა, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერისა და, ამასთანავე, პრაიმერის ლიდერის, დავით ბაქრაძისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მომავალი პრეზიდენტის მისია - მოახერხოს საზოგადოების გამთლიანება. ამისათვის კი, მისი სიტყვებით, აუცილებელია, რომ ახალი პრეზიდენტი არ წარმოადგენდეს იმ პოლიტიკურ გუნდს, რომელიც დღეს საქართველოს მთავრობაშია.

„დღევანდელი ხელისუფლება მთელ თავის ენერგიას და რესურსს ხარჯავს დაპირისპირებაზე, ხარჯავს წარსულთან ბრძოლაზე და ხარჯავს ოპონენტების წინააღმდეგ. მთავრობა, რომელიც დაკავებულია მხოლოდ წარსულის ნგრევით, ვერ ააშენებს მომავალს. ამიტომ მთავრობა უნდა დაკავდეს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებით და ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ახალი პრეზიდენტისთვის - იმუშაოს მთავრობასთან ერთად ხალხის სახელით და ხალხთან ერთად გააკონტროლოს მთავრობა, იმისთვის რომ მთავრობამ კეთილი ინებოს და შეასრულოს ყველა ის დაპირება, რომლის ხათრითაც მან მიიღო ხმები საპარლამენტო არჩევნებში“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გოგა ხაჩიძის ფავორიტი პრაიმერში ზურაბ ჯაფარიძე იყო. და თუმცა მისმა ფავორიტმა „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატის სტატუსი ვერ მოიპოვა, მას მნიშვნელოვან გადაწყვეტილებად მიაჩნია პრაიმერის ჩატარება, რამაც დაადასტურა, რომ პარტიის შიგნით არსებობს მსჯელობა და აზრთა სხვადასხვაობა, რაც ჯანსაღი პოლიტიკური პროცესია:

„სამწუხაროა, რომ ჩემი მხარდაჭერილი კანდიდატი ვერ გახდა ფავორიტი, თუმცა სათქმელი ითქვა, ბევრი პოზიცია დაფიქსირდა და, ზოგადად, ეს პრაიმერი არის იმის საფუძველი, რომ „ნაციონალურ მოძრობას“ გაგრძელება ჰქონდეს“.

შეგახსენებთ, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" საპრეზიდენტო არჩევნებისთვის პარტიის ერთიანი კანდიდატის გამოსავლენად პრაიმერი 28 ივნისიდან გამოაცხადა. თბილისის პრაიმერის ჩათვლით, ექვსივე პრაიმერში გამარჯვებული დავით ბაქრაძე იყო. შესაბამისად, 27 ოქტომბერს დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ ერთიანი კანდიდატიც სწორედ ის იქნება.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG