Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაძაბულობა კონფლიქტის ზონაში


საოკუპაციო ხაზი
საოკუპაციო ხაზი

გასულ კვირაში საქართველოს საზოგადოების ყურადღება გორის რაიონის სოფლებისაკენ იყო მიპყრობილი. 10 ივლისს რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის რაიონის სოფლებთან - ხურვალეთთან, წითელუბანთან და ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანთან - ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ახალი ბანერები დაამონტაჟეს. შესაბამისად, ამ რაიონებში მცხოვრები მოსახლეობის კუთვნილი მიწის ფართობები და ბაქო-სუფსის მილსადენის ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა.

რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ თბილისი-გორის ცენტრალური ავტომაგისტრალის სიახლოვეს "საზღვრის" აღმნიშვნელი ბანერების აღმართვის ფაქტი გასული კვირის მთავარი თემა იყო. კვირა დასრულდა კიდეც მომხდარის საწინააღმდეგო აქციით, რომლის დევიზიც იყო “STOP RUSSIA”. გორის რაიონის სოფელ ხურვალეთთან, წითელუბანსა და ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანთან ბანერების დადგმის ფაქტს მალევე მოჰყვა შეფასებები საქართველოს ხელისუფლებისა და საზოგადოების მხრიდან. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის პრესსპიკერმა დავით კერესელიძემ ორშაბათის სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, ხელისუფლება გმობს რუსეთის საოკუპაციო ძალების ქმედებებს და საერთაშორისო თანამეგობრობას დროული და ადეკვატური რეაგირებისკენ მოუწოდებს:

„აღნიშნული ქმედება ეწინააღმდეგება რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე აღებულ ვალდებულებებს... საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოითხოვს, რუსეთის ფედერაციამ შეწყვიტოს უკანონო ქმედება და მოვიდეს საერთაშორისო ვალდებულებებთან შესაბამისობაში“.

"საზღვრის" აღმნიშვნელი ბანერების დადგმის გამო, ოკუპირებულ საზღვრებში მოექცა ბაქო-სუფსის 830-კილომეტრიანი ნავთობსადენის 1 605 მეტრი სიგრძის მონაკვეთი. ვიცე-პრემიერ კახა კალაძის განმარტებით, ბაქო-სუფსის ნავთობსადენის გარკვეული მონაკვეთი მანამდეც იყო ოკუპირებული ტერიტორიის საზღვრებში და, როგორც ნავთობსადენის ოპერატორი კომპანიის, BP-ს, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ტელეკომპანია „იმედთან“ საუბარში ადასტურებს, ამის გამო კომპანიის მუშაობას შეფერხება არ ჰქონია. კახა კალაძის თქმით, საკითხის გამწვავების შემთხვევაში შესაძლოა ალტერნატიულ მარშრუტზეც დაიწყოს მუშაობა.

დღეს მაინც უნდ დავიწყოთ ამაზე ლაპარაკი, რომ არ გამოვიდა ჩვენი ურთიერთობის ნორმალიზება. გერმანიამ აღიარა, რომ რუსეთთან ჩართულობის პოლიტიკამ არ გაამართლა და ჩვენი ნორმალიზების მცდელობას რომ არ გაემართლებინა, ამის აღიარება არ უნდა იყოს პრობლემა...
ელენე ხოშტარია

მომხდარის განჭვრეტა შესაძლებელი იყო, ამბობს „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ თანადამფუძნებელი ელენე ხოშტარია, და რადგან ეს საკითხი სცდებოდა მხოლოდ საქართველოს ინტერესებს, მისი თქმით, ხელისუფლებას ამ საკითხის გარშემო საერთაშორისო აზრის მობილიზება უნდა მოეხდინა, მათ შორის, ესაუბრა თავად კომპანია BP-სთან, აზერბაიჯანთან, დიდ ბრიტანეთთან, ეს საკითხი გადაეყვანა მათი ინტერესების ჭრილში. მაგრამ, ელენე ხოშტარიას თქმით, იმისათვის, რომ რუსეთის ხელისუფლება არ გაღიზიანებულიყო, ამ თემისთვის ყურადღება არავის მიუქცევია. მეტიც, საქართველოს ხელისუფლება ჩაება რუსეთთან ორმხრივ დიალოგში, რის გამოც საერთაშორისო თანამეგობრობამაც მოადუნა ამ მიმართულებით ყურადღება:

„არ დავიწყეთ საერთაშორისო თანამეგობრობის ინტერესების მობილიზება, იმიტომ რომ კლიმატის შექმნას ვცდილობთ, რომ ორმხრივად რაღაცას ვალაგებთ. ეს არის დახურული წრე. დღეს მაინც უნდ დავიწყოთ ამაზე ლაპარაკი, რომ არ გამოვიდა ჩვენი ურთიერთობის ნორმალიზება. გერმანიამ აღიარა, რომ რუსეთთან ჩართულობის პოლიტიკამ არ გაამართლა და ჩვენი ნორმალიზების მცდელობას რომ არ გაემართლებინა, ამის აღიარება არ უნდა იყოს პრობლემა“.

„საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერების უკანონოდ აღმართვის ფაქტს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი ჯონ კირბიც გამოეხმაურა. მისი განცხადებით, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია და ამ საკითხის თაობაზე აშშ-ის პოზიცია უცვლელია:

„კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება: დააბრუნოს თავისი შეიარაღებული ძალები კონფლიქტამდე დაკავებულ პოზიციებზე, გააუქმოს საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის - დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილება და უზრუნველყოს ჰუმანიტარული დახმარების ხელმისაწვდომობა ამ რეგიონებში“.

საჭირო არ არის ზედმეტი აჟიოტაჟი და პანიკა. მთავრობამ იცის, რა უნდა გააკეთოს. მთავრობამ იცის, რას აკეთებდა და ჩვენ მიზანმიმართულად, თანმიმდევრულად მივყვებით ჩვენს გზას. ჩვენ მშვიდად, მაგრამ პრინციპულად და მტკიცედ უნდა გამოვიყენოთ ყველა საერთაშორისო ბერკეტი...
ირაკლი ღარიბაშვილი

„პროვოკაციულად“ შეაფასა რუსეთის ქმედება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისი თქმით, საქართველო უკვე 3 წელიწადია ამაოდ ცდილობს რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებას. თუმცა, ამის მიუხედავად, პრემიერი საზოგადოებას სიმშვიდისკენ მოუწოდებს:

„საჭირო არ არის ზედმეტი აჟიოტაჟი და პანიკა. მთავრობამ იცის, რა უნდა გააკეთოს. მთავრობამ იცის, რას აკეთებდა და ჩვენ მიზანმიმართულად, თანმიმდევრულად მივყვებით ჩვენს გზას. ჩვენ მშვიდად, მაგრამ პრინციპულად და მტკიცედ უნდა გამოვიყენოთ ყველა საერთაშორისო ბერკეტი“.

15 ივლისს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს მეშვეობით, რუსეთის ფედერაციას საპროტესტო ნოტა გაუგზავნა. საგარეო უწყებაში გამართულ შეხვედრაზე ქართულმა მხარემ საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს გიუნტერ ბეხლერს მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია რუსეთის ფედერაციის მიერ 10 ივლისს თბილისი-გორის ცენტრალური ავტომაგისტრალის სიახლოვეს აღმართული ე. წ. „საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერების უკანონოდ განლაგების შესახებ და დაგმო რუსეთის პროვოკაციული ქმედება, „რომელიც მიზნად ისახავს ადგილზე ვითარების დესტაბილიზაციას“.

რუსეთის ბოლოდროინდელ ქმედებებთან დაკავშირებით აღშფოთება გამოხატა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ან ბრასორმაც. როგორც 16 ივლისს მისი სახელით გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, ასამბლეა ყოველთვის „თანმიმდევრულად გამოხატავდა თავის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“ და საერთაშორისო სამართლის დარღვევის ეს მორიგი ფაქტი „მხოლოდ დაძაბულობის გამწვავების მიზანს ემსახურება“.

აქცია "საზღვართან"
აქცია "საზღვართან"

კვირის ბოლოს საოკუპაციო ხაზთან აქციის ჩატარება სცადეს ორგანიზაცია „თავისუფალი ზონის“ წარმომადგენლებმა, რაც მათი 5 წევრის დაკავებით დასრულდა.

ამ აქციას წინ უძღოდა კიდევ ერთი აქცია, მაგრამ განსხვავება ის იყო, რომ ადგილობრივი მოსახლეობა თანაბრად აკრიტიკებდა ხელისუფლების, ოპოზიციისა და მედიის ზოგიერთი წარმომადგენლის ქმედებას საოკუპაციო ხაზთან. ხურვალეთის მოსახლეობა ორ ფაქტს აპროტესტებს: მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიერ რამდენიმე დღის წინ ჩატარებული აქციისას დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერის დემონტაჟს და ანდრო ბარნოვის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებებს.ხურვალეთელები ამბობენ, რომ ამგვარი ქმედებები პროვოკაციულ ხასიათს ატარებს. ადგილობრივთა თქმით, ამ დღეებში მომხდარი პროვოკაციების გამო საფრთხის ქვეშ დადგა მათი მოსავლის აღების საკითხი, რადგან აღარ იციან ოსური მხარე ამის საშუალებას კიდევ მისცემს თუ არა.

კვირის ბოლოს ცნობილი გახდა ასევე, რომ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ქართველი ჟურნალისტების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა -როგორც ე.წ. სამხრეთ ოსეთში მოქმედი სააგენტო "რესი" ე.წ. სამხრეთ ოსეთის უშიშროების სამსახურზე დაყრდნობით იუწყება, საქმე ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საზღვრის დარღვევის და ე.წ სახელმწიფო სიმბოლოებისადმი ვანდალური დამოკიდებულების ფაქტზე აღიძრა.

ბოლო 4 თვის განმავლობაში უკვე მეორედ დატრიალდა ტრაგედია გლდანის რაიონში, სადაც საცხოვრებელ კორპუსში ძლიერ აფეთქებას ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. წინასწარი ცნობით, აფეთქება ბუნებრივი აირის დაგროვებას მოჰყვა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე აღძრა სამშენებლო უსაფრთხოების ნორმების დარღვევის მუხლით.

გლდანის მე-6 მიკრორაიონის მე-2 კორპუსი
გლდანის მე-6 მიკრორაიონის მე-2 კორპუსი

„სოფლიდან ჩამოვედი, მანქანა გავაჩერე და მეზობლებთან ერთად ჩამოვჯექი ეზოში. დაჯდომიდან ასე 15-20 წუთში იქუხა და მაცივრის კარი, სავარძლები და ჩამსხვრეული შუშების წვიმა წამოვიდა. გავოგნდი. უცებ ვერც მივხვდი, რა მოხდა. ასეთი აფეთქება კინოშიც არ მინახავს“, - ასე აღწერდა გლდანის მე-6 მიკრორაიონის მე-2 კორპუსში მცხოვრები აბესალომ დოლიძე მომხდარს.

14 ივლისის აფეთქების შემდეგ კორპუსის არაერთმა ბინადარმა თქვა, რომ აფეთქებამდე კორპუსში ბუნებრივი აირის სუნი იგრძნობოდა, რის გამოც კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისშიც“ დარეკეს, კომპანიის განცხადებით კი, ამ კორპუსიდან შეტყობინება ბოლო სამი თვის განმავლობაში არ შესულა.

კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისმა“ ბუნებრივ აირზე მომუშავე ხელსაწყოების გამართულობასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადებაც გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ „პასუხისმგებლობა საცხოვრებელ სახლებში გაზის საყოფაცხოვრებო ხელსაწყოების ექსპლუატაციაზე ეკისრებათ მომხმარებლებს. მოქალაქეების მიერ წინამდებარე წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" პასუხისმგებელი არ არის“.

17 ივლისს საქართველოში მცხოვრებ მუსლიმთა თემმა, დანარჩენ მაჰმადიანურ სამყაროსთან ერთად, რამაზან ბაირამის დღესასწაული აღნიშნა. ბათუმში მცხოვრებმა მუსლიმებმა ბათუმის მეჩეთში რამაზან ბაირამის ლოცვა დილიდანვე აღასრულეს. მეჩეთში მორწმუნეები ვერ დაეტივნენ, ამიტომ ადგილობრივი მუსლიმების ნაწილმა მიმდებარე ქუჩაზე, ღია ცის ქვეშ, ილოცა. საქართველოს მაჰმადიან მოსახლეობას რამაზან ბაირამის დღესასწაული - წმინდა თვის, რამადანის, დასრულება - საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც მიულოცა და თქვა, რომ საქართველოში მცხოვრები მუსლიმები არა მხოლოდ საქართველოს განუყოფელი ნაწილია, არამედ „ხიდი ისლამურ სამყაროსთან“.

ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

„ჩემო ძმებო, ჩვენ გვაქვს განსხვავებული სარწმუნოება, მაგრამ სწორედ ეს განსხვავებულობა და ჩვენი ძმობა არის ჩვენი ქვეყნის სიმდიდრე, ამის გარეშე საქართველოს არსებობა წარმოუდგენელია. საქართველოში მცხოვრები მუსლიმები არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის განუყოფელი ნაწილია, არამედ თქვენ ხართ ხიდი მთელ ისლამურ სამყაროსთან, რაც დღევანდელი გლობალიზაციის პირობებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს“.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა პროგრამის დირექტორი თამთა მიქელაძე პრემიერის განცხადებებს ქვეყანაში არსებული იდეალური ტოლერანტული გარემოს თაობაზე რეალობის გაყალბების მცდელობად მიიჩნევს. მისი შეფასებით, ბოლო პერიოდში რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებული ვითარება ქვეყანაში საგრძნობლად გაუარესებულია. ამას მოწმობს რელიგიური ძალადობისა და შეუწყნარებლობის არაერთი შემთხვევა, მათ შორის ექვსი სწორედ მუსლიმი თემისკენ მიმართული:

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ხელისუფლებას „პანორამა თბილისის“ პროექტთან დაკავშირებით გადაწყვეტილების ფარულად მიღებას საყვედურობს. სამი ორგანიზაციის მიერ ხელმოწერილი განცხადების თანახმად, ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და ეკონომიკის სამინისტრომ სამშენებლო ნებართვა ერთპიროვნულად გასცა.

არასამთავრობო ორგანიზაციები „თბილისის ჰამქარი“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „მწვანე ალტერნატივა“ ერთობლივ განცხადებაში მიუთითებენ, რომ ეკონომიკის სამინისტროს ერთპიროვნული გადაწყვეტილებით „პანორამა თბილისის“ მშენებლობის ნებართვის გაცემა „ნათლად აჩვენებს, თუ როგორ ეკიდებიან ისინი ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის ვალდებულებებს მოქალაქეების წინაშე".

ანა ნაცვლიშვილი
ანა ნაცვლიშვილი

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის ანა ნაცვლიშვილის თქმით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და სამინისტროს სისტემაში შემავალმა ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ "პანორამა თბილისის" პროექტთან დაკავშირებით სრული იგნორირება გაუკეთეს 17 ორგანიზაციისა და 5 000-მდე საქართველოს მოქალაქის ოფიციალურ მოწოდებას, რომ "პანორამა თბილისის" პროექტზე მსჯელობის დროს გადაწყვეტილება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების საფუძველზე მომხდარიყო:

„ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ ინვესტიციების და ეკონომიკური განვითარების მნიშვნელობას საქართველოსთვის, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ხელისუფლებას ესმოდეს, რომ ქალაქი, საჯარო სივრცე ეკუთვნით ადამიანებს, ამ ქალაქის მცხოვრებლებს და არა ამ მიწაზე საკუთრების უფლების მქონე ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს. გადაწყვეტილების დაჩქარებულად, გაუმჭვირვალედ და საზოგადოების ჩართულობის გარეშე მიღება დემოკრატიული მმართველობის პრინციპებთან წინააღმდეგობაშია“.

ხელოვნებათმცოდნე ცირა ელისაშვილი კიდევ ერთხელ ამბობს, რომ „პანორამა თბილისი“ როგორც თავისი მასშტაბით, ისე შინაარსითა და საინვესტიციო თანხის ოდენობით აბსულუტურად უპრეცედენტო პროექტია და მისი განხორციელება არასასურველია:

„ლამის 10 წელი აშენებდა ბიძინა ივანიშვილი თავის საცხოვრებელ კომპლექსს სოლოლაკის ქედზე. მის სახლთან შედარებით, „პანორამა თბილისი“ ასჯერ დიდი პროექტია თავისი მასშტაბით. მე დიდი ეჭვი მაქვს, რომ ის ამ პროექტის დასრულებას ვერ შეძლებს, მაგრამ მოასწრებს ნგრევას, მოასწრებს იმ ტერიტორიების აოხრებას, სადაც ეს პროექტები უნდა განთავსდეს და მერე დაგვრჩება ადგილები, რომლის გამოკეთილშობილებაზე ფიქრი ჩვენ მოგვიწევს და, აი, ეს იქნება მერე თბილისისთვის პრობლემა“.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG