Accessibility links

logo-print

საქართველო წელს უკვე მეშვიდედ უერთდება მსოფლიოში უდიდეს გარემოსდაცვით აქციას, „დედამიწის საათს“, რომლის დროსაც მილიონობით ადამიანი ერთი საათით უარს ამბობს ელექტროენერგიის გამოყენებაზე და ამით მხარს უჭერს მწვანე და უსაფრთხო პლანეტას. ამ ერთი საათის განმავლობაში საქართველოს დიდ ქალაქებში სიმბოლურად გამოირთვება გარეგანათება სამთავრობო შენობებზე, მთავარ ქუჩებზე, ისტორიულ ნაგებობათა ფასადებზე.

„ჩვენ საკუთარი პლანეტისგან იმაზე გაცილებით მეტს მოვიხმართ, ვიდრე ეს რეალურად გვჭირდება და ვიდრე მას უკან ვუბრუნებთ. კლიმატის ცვლილების პროცესი, უკვე წლებია, დაწყებულია და სულ უფრო ძალას იკრებს. გასული წლის ზაფხული კი, ბოლო 135 წლის განმავლობაში, ყველაზე ცხელ ზაფხულად შეფასდა. „დედამიწის საათის“ მშვიდობიანი მანიფესტით თითოეული ჩვენგანი დავდებთ პირობას და მოვუწოდებთ პასუხისმგებელ პირებსა თუ დაწესებულებებს შეამცირონ ზეგავლენა გარემოზე, ვინაიდან 10 წელიწადში შედეგი შეუქცევადი იქნება“ - ამ სიტყვებით მოუწოდეს საზოგადოებას 28 მარტის აქციის, „დედამიწის ერთი საათის“, ორგანიზატორებმა მასში მონაწილეობის მიღებისაკენ. ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF), საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN), საქართველოში გაეროს წარმომადგენლობისა (UN) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, „დედამიწის ერთი საათის“ აღსანიშნ ადგილად თბილისში მრგვალი ბაღი შეირჩა.

გლობალური დათბობის შედეგები საქართველოშიც შესამჩნევია, ეს განსაკუთრებით შესამჩნევია დედოფლისწყაროს რაიონში, სადაც უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში საგრძნობლაად იმატა გვალვამ...

როგორც კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) პროექტის მენეჯერი ნინო გაფრინდაშვილი გვიხსნის, ამ დღეს ყოველწლიურად სულ უფრო მეტი ადამიანი უერთდება და კლიმატის ცვლილებებისა და გლობალური დათბობის შესახებ მეტ ინფორმაციას იღებს:

„სიმბოლურია, რომ წლევანდელი „დედამიწის საათის“ მთავარი მესიჯი არის „გამოიყენე შენი ძალა კლიმატის ცვლილების შესაჩერებლად“ და მსოფლიოს დაახლოებით 165 ქვეყანა ერთი საათის განმავლობაში გამორთავს ელექტროენერგიას ეკონომიკური, პოლიტიკური თუ კულტურული მნიშვნელობის ძეგლებსა დ შენობებზე. რაც შეეხება საქართველოს, წელს კამპანია უფრო მასშტაბური გახდა და თბილისის გარდა შემოგვიერთდნენ რეგიონებიდანაც. აქციას უერთდება ჭიათურა, ტყიბული, ბათუმი, თელავი, ქუთაისი“.

ნინო გაფრინდაშვილი ამბობს, რომ კლიმატის გლობალური ცვლილებები უკვე საქართველოზეც აისახება და მაგალითად დედოფლისწყაროს რაიონი მოჰყავს:

„გლობალური დათბობის შედეგები საქართველოშიც შესამჩნევია, ეს განსაკუთრებით შესამჩნევია დედოფლისწყაროს რაიონში, სადაც უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში საგრძნობლაად იმატა გვალვამ. საქართველო, მისი რთული რელიეფური პირობების გამო, საკმაოდ მოწყვლადია კლიმატის გლობალური ცვლილებებით გამოწვეული ბუნებრივი კატასტროფების მიმართაც და ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ერთიანი ძალებით როგორმე შევაჩეროთ კლიმატის გლობალური ცვლილება დედამიწაზე“.

გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ბითაძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ ამ სიმბოლური 60 წუთის განმავლობაში საზოგადოების თითოეულმა წევრმა უნდა იგრძნოს, რომ ეს პლანეტა მისიცაა და რომ საბოლოო შედეგი ყოველი მათგანის ქმედებაზეა დამოკიდებული:

მაია ბითაძე

მაია ბითაძე

„ის ქმედებები, რაც სითბური აირების ატმოსფეროში დაგროვებას და, ზოგადად, კლიმატურ ცვლილებებს იწვევს, ვიღაც სხვისგან არ არის გამოწვეული. ამიტომ გლობალური დათბობის წინააღმდეგ ბრძოლაში ყველა ჩვენგანის მონაწილეობა მნიშვნელოვანია. ეს ყოველდღიურ ცხოვრებაშიც გამოიხატება, მაგალითად, ჩვენ შეგვიძლია გამოვრთოთ ელექტროენერგია მაშინ, როცა ის არ გვჭირდება - ეს არა მხოლოდ ჩვენს ბიუჯეტს ზოგავს, არამედ კლიმატის ცვლილებასაც აღუდგება წინ“.

რაც შეეხება გლობალური დათბობის გამომწვევ უფრო დიდ პრობლემებს და რეალურ ფაქტორებსაც, - ატმოსფეროში სითბური აირების დაგროვებას, - მაია ბითაძე ამბობს, რომ საქართველო ცდილობს აუწყოს ფეხი მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების პოლიტიკას - მით უმეტეს, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ საქართველოს, ამ მხრივ, არაერთი ვალდებულება აქვს შესასრულებელი:

„ჩვენი წარმოება რამდენიმე წელში, ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულებების პარალელურად, მთლიანადაც გადავა იმ სტანდარტებზე, რა სტანდარტებიც არსებობს ევროკავშირის ქვეყნებში და იმ სახელმწიფოებში, რომლებმაც უკვე იწვნიეს თავის თავზე ეკოლოგიური პრობლემები და იმ გზაზე დგანან, როდესაც გარემოს არა მხოლოდ მოხმარების ობიექტად, არამედ დასაცავ და საკონსერვაციო გარემოდაც აღიქვამენ“.

„დედამიწის საათს“ დაამთხვია 28 მარტს შვიდდღიანი აქცია გამომცემლობა „პალიტრამაც“, რომელიც პროექტ "მაკულიტერატურის" ფარგლებში საზოგადოებას 1 კგ მაკულატურაში 1 ლარის ღირებულების წიგნს სთავაზობს. როგორც გამომცემლობის კრეატიული მენეჯერი მარიკა დარჩია აცხადებს რადიო თავისუფლებასთან საუბარში, ასე შეუძლია ყველა მსურველს წერეთლის N116-ში აღნიშნოს თავისი „დედამიწის საათი“ და მაკულატურის სანაცვლოდ სასურველი წიგნიც მიიღოს. მარიკა დარჩია გვეუბნება, რომ აქცია აპრილში დედამიწის დღიდანაც გაგრძელდება.

აქცია „დედამიწის საათის“ ორგანიზატორები კი აღნიშნავენ, რომ კლიმატის ცვლილება დედამიწის ყველაზე რთული და კომპლექსური გარემოსდაცვითი პრობლემაა. მის ცვლილებაზე ზემოქმედების შესაძლებლობის შანსი ამ ეტაპზე არსებობს, რაც ხვალ, შესაძლოა, დაგვიანებული აღმოჩნდეს.

XS
SM
MD
LG