Accessibility links

logo-print

თბილისში განახლდა დევნილების გამოსახლების პროცესი


დევნილების გამოსახლება სტუდქალაქიდან

დევნილების გამოსახლება სტუდქალაქიდან

განახლდა დევნილთა გამოსახლების პროცესი. როგორც ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში განმარტავენ, განსახლების პროცესი მიმდინარეობს დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის სამოქმედო გეგმის თანახმად და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად შემუშავებული სპეციალური ოპერაციული პროცედურების მიხედვით. ბაგებში, სტუდქალაქის ტერიტორიაზე მცხოვრები დევნილების გასახლება დღეს დილის 6 საათიდან დაიწყო.



დევნილებსა და პოლიციას შორის მომხდარი უთანხმოების შედეგად დაკავებულ დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის თავმჯდომარეს მანუჩარ სიგუასა და ”თავისუფალი საქართველოს” წევრს გია ყრუაშვილს, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და ხულიგნობის ბრალდებით, სასამართლომ 14 დღიანი პატიმრობა მიუსაჯა, ოთხ დაკავებულ დევნილ ქალს კი 400 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. დევნილთა მხარდამჭერი აქცია გაიმართა პარლამენტის შენობის წინ. როგორც დევნილები და აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, ხვალ დილიდან ისინი მიაკითხავენ სხვადასხვა ქვეყნის საელჩოს და მათგან თავშესაფარს მოითხოვენ. ამის შემდეგ კი, 14.00 საათიდან, პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდება.

დევნილების გამოსახლება და ხელახალი განსახლების პროცესი იანვრის შუა რიცხვებში უნდა დაწყებულიყო, მაგრამ მათი გამოსახლების რიცხვად 20 იანვარი მოინიშნა. ჩაიარა ყველა არსებულმა რელიგიურმა თუ სახალხო დღესასწაულმა, ასე რომ, ახლა დევნილების გასახლებაც შეიძლება.

დილის 6 საათიდან შემოარტყა პოლიციამ ბაგებში არსებულ სტუდქალაქს ალყა, ჰყვება კოდორის ხეობიდან დევნილი ზეინაბ გურჩიანი: ”ვეუბნები პოლიციას, რა ხდება, ხალხო, ქართველები არა ხართ-მეთქი? 40 აქვს სიცხე ჩემს შვილს, წამოდით, ნახეთ, ”ნასკები” არ აცვია, ისე გამოაგდეს.”

ლიდა კვასდიანს კაბაზე თვალებგაფართოებული პატარა გოგონა ჰკიდია: ”პოლიციამ, პირველ რიგში, ”აკრუჟენიე” გაგვიკეთა, თითქოს ტერორისტები ვიყავით, და ისე გამოგვყარეს. ექვსი შვილის დედა ვარ. ისე ცუდად ვარ, რომ ლაპარაკის თავიც არა მაქვს. ”

თბილისში 25 სხვადასხვა ობიექტში მცხოვრები დევნილების სიაში პირველ ნომრად სწორედ სტუდქალაქში მცხოვრები 60-მდე ოჯახი აღმოჩნდა. თბილისური ზამთრის უჩვეულო სიცივეა. თოვს. ტერიტორიას სრულად აკონტროლებს პოლიცია. შენობამდე მისასვლელი ყველა გზა რკინის ბარიერებით არის გადაკეტილი, ბარიერს იქით პოლიციის კორდონი, სატვირთო მანქანები და ავტობუსებია. შორიდან ჩანს, როგორ ალაგებენ ბარგს აფხაზეთიდან და კოდორიდან დევნილები. მათ სამართალდამცავები აკონტროლებენ, ბარიერს აქეთ კი ის დევნილები დგანან, რომლებსაც ხვალ, ან ზეგ, ან მაზეგ მიაყენებენ სატვირთო მანქანებს და, სავარაუდოდ, ფოცხოეწერში, აბაშაში, წალენჯიხაში, ჩხოროწყუში ან ბაკურციხეში გადაანაწილებენ. ისინი სტუდქალაქის ტერიტორიაზე საკუთარი ნათესავების, ყოფილი მეზობლებისა და ახლობლების მხარდასაჭერად მივიდნენ, თუმცა რკინის ბარიერი და პოლიციის ცოცხალი ჯაჭვი მტკიცე გამოდგა.

პოლიციის მტკიცე ჯაჭვი ვერც ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შეგონებებმა გაარღვიეს. ”თავისუფალი საქართველოს” წევრი კახა კუკავა დიდხანს მოუწოდებდა სამართალდამცავებს აეღოთ რკინის ბარიერები და არ დამორჩილებოდნენ ხელისუფლების უკანონო ბრძანებებს:

”არანაირი უფლება არა გაქვთ, საქართველოს მოქალაქეები გაყაროთ საქართველოს დედაქალაქიდან. მოგიწოდებთ პოლიციის თანამშრომლებს, ნუ დაემორჩილებით უკანონო ბრძანებას. სააკაშვილი წავა, თქვენ კი აქ დარჩებით, თვალს ვერ გაუსწორებთ თქვენს თანამემამულეებს, თქვენ ამ ქვეყანაში უნდა იცხოვროთ, ბიჭებო!”

სტუდქალაქის ტერიტორიაზე გავლებული რკინის ბარიერი გადაულახავი გამოდგა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წარმომადგენლის დიმიტრი ლორთქიფანიძისთვისაც. ის სტუდქალაქში მიმდინარე დევნილების გამოსახლების პროცესზე მონიტორინგის უფლებას ითხოვდა:

- პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის წევრი გახლავართ და შესვლა მინდა.
- კი, ბატონო, მაგრამ ღონისძიება მიმდინარეობს და, თქვენივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ვერ შეგიშვებთ.
- თქვენ ჩემს უსაფრთხოებაზე ნუ ზრუნავთ.
- დიდი ბოდიში, მაგრამ ღონისძიება მიმდინარეობს და ვერ შეგიშვებთ.
- თქვენი სახელი და გვარი, თუ შეიძლება.
- გიორგი ონიანი.
- ბატონო გიორგი, ერთი რამე იცოდეთ, თქვენ უფლება არ გაქვთ მე შემაფერხოთ.
- ჩვენ ვმოქმედებთ ბრძანების შესაბამისად.
- მე უნდა შევიდე და ვნახო, რა ხდება იქ.
- ვერ შეგიშვებთ, ვერა, რა.

რკინის ბარიერი მხოლოდ მაშინ იხსნება, როცა სტუდქალაქის ეზოდან დევნილების ბარგით დატვირთული მანქანები გამოდის. ახლობლების მხარდასაჭერად მისული რამდენიმე დევნილი ეზოს შიგნით ახერხებს შესვლას. ათამდე დევნილს პოლიცია აკავებს. დაკავებულთა შორისაა რამდენიმე დევნილი ქალი და არასამთავრობო ორგანიზაცია ”თავისუფალი საქართველოს” წევრი გია ყრუაშვილი.

როგორც ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვალერი კოპალეიშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში განმარტავს, მიმდინარეობს იმ ობიექტების დაცლა, სადაც დევნილები არალეგალურად ცხოვრობდნენ, თუმცა სამინისტრო უბინაოდ არავის ტოვებს:

”ჩვენ ისინი გასულ წელს გავაფრთხილეთ, რომ ობიექტები უნდა დაცლილიყო. სამინისტრო ყველა იმ დევნილ ოჯახს, რომლებსაც არ აქვთ მიღებული სახელმწიფოსგან განსახლების კუთხით დახმარება, სთავაზობს კონკრეტულ, გარემონტებულ ფართებს საკუთრებაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში”, - ამბობს ვალერი კოპალეიშვილი.

20 იანვარს გამოასახლეს დევნილები საბაჟო დეპარტამენტის ყოფილი შენობიდანაც. უახლოეს დღეებში სიის მიხედვით იგეგმება დევნილთა გამოსახლებები თბილისში არსებული სხვადასხვა ობიექტებიდან. დევნილები ბრძოლას აპირებენ:

”შეგაკვდებით, დამიმახსოვრეთ, და არ გამოვალ იქიდან. თქვენ კანდელაკის 12 ნომერში მოხვალთ 22 იანვარს. შეგაკვდებით და არ გამოვალ”, - ამბობს დევნილი ქალი.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG