Accessibility links

logo-print

დევნილთათვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება გამოწვევად რჩება


დევნილების საცხოვრებელი თბილისის ზღვაზე, 2011 წელი

დევნილების საცხოვრებელი თბილისის ზღვაზე, 2011 წელი

დევნილთათვის საცხოვრებელი ფართების დაკანონება, დევნილთათვის განკუთვნილი ახალი მშენებლობები და ძველი შენობების სარეაბილიტაციო პროცესი, დევნილთათვის იპოთეკური სესხების დაფარვის პროექტი, გაორმაგებული შემწეობა - ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რომელთა შესახებაც 13 ოქტომბერს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა ისაუბრა. მან უწყების სამწლიანი პერიოდი შეაჯამა და კანონმდებლებსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ანგარიში ჩააბარა.

საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლამდე რამდენიმე ხნით ადრე დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ სოციალურად დაუცველი მოსახლეობისა და დევნილებისთვის ნორმალური პირობების შექმნა მთავრობის პრიორიტეტად იქცა.

შევაჩეროთ ყურადღება მინისტრის მიერ ხსენებულ რამდენიმე რიცხვზე: 2013 წელს ჩატარებული ხელახალი რეგისტრაციის შედეგად, დევნილთა რიცხვმა 260 ათასი შეადგინა. 10 ათასზე მეტ დევნილ ოჯახს დაუკანონდა საცხოვრებელი ფართი. უკანასკნელი სამი წლის მანძილზე 4 ათასამდე დევნილს გადაეცა ახლად აშენებული ან რეაბილიტირებული ბინა. მიმდინარეობს შენობების სარეაბილიტაცო სამუშაოები რამდენიმე ქალაქში, მათ შორის, თბილისში, ვაზიანის სამხედრო დასახლებაში, ქუთაისში, გორში, ახალციხეში, ხაშურში. სოზარ სუბარმა განსაკუთრებით გაამახვილა ყურადღება წინა ხელისუფლების მიერ მიღებული განკარგულების გაუქმებაზე, განკარგულებაზე, რომლის მიხედვითაც, დევნილებს არ ჰქონდათ საშუალება ბინა თბილისში მიეღოთ: „წელს, პირველად, თბილისში ბინებს მიიღებენ დენილები. ისინი ბინებს მიიღებენ „ჰუალინგ ჯგუფის“ მიერ აშენებულ ოლიმპიურ სოფელში. ბინას 63 დევნილი ოჯახი მიიღებს“.

დღევანდელი მონაცემებით, მხოლოდ 30 ათასი დევნილი ოჯახია დაკმაყოფილებული. ეს არის ზღვაში წვეთი. ქვეყნის ძირითად მიმართულებებსა და პრიორიტეტებში მომდევნო სამი წლის განმავლობაში დევნილთა სამინისტროს ბიუჯეტი არ იზრდება...

რაც შეეხება საცხოვრებელი ფართების დაკანონებას, სოზარ სუბარის განმარტებით, ეს პროექტი გასული წლის ნოემბრიდან დაიწყო, რაც ნიშნავს საცხოვრებელი ფართების დაკანონებას იმ დევნილებისთვის, რომლებიც მართლზომიერად იკავებენ ამ ფართებს. პროექტი წლის ბოლომდე გაგრძელდება და, საბოლოოდ, 11 ათას ოჯახს დაუკანონდება ფართი. კიდევ ერთი პროექტი, რომელზეც სოზარ სუბარმა ისაუბრა, ეს დევნილთათვის იპოთეკური სესხის დაფარვის პროექტია, რომელიც მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო და რომლის ფარგლებშიც, დევნილთა და განსახლების სამინისტრო იმ დევნილებს, რომლებსაც ერთადერთი საცხოვრებელი სახლი იპოთეკით აქვთ შეძენილი, იპოთეკური სესხის ნაწილობრივ დაფარვაში ეხმარება: „ეს პროექტი მილიონ ლარად დავიწყეთ. ოჯახებს მაქსიმუმ 20 ათასი დოლარით ვეხმარებით. 400-მდე განაცხადი შემოვიდა და, საბოლოოდ, 50 ოჯახი გამოვლინდა, რომელთაც ჩვენი დახმარება ესაჭიროება. მათგან 30-მა უკვე მიიღო დახმარება“.

ლელა გულედანი, დევნილთა პარტიის თავმჯდომარე, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ, მიუხედავად სოზარ სუბარის პოზიტიური გზავნილებისა, ის ხედვა დევნილების მიმართ, რომელიც წინა ხელისუფლების პირობებში არსებობდა, არ შეცვლილა. მისივე თქმით, დევნილთა პირობების გასაუმჯობესებლად ქვეყანა მცირე რესურსს ხარჯავს, რის გამოც 60 ათასამდე დევნილი ოჯახი კვლავაც საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების მოლოდინშია: „დღევანდელი მონაცემებით, მხოლოდ 30 ათასი დევნილი ოჯახია დაკმაყოფილებული. ეს არის ზღვაში წვეთი. ქვეყნის ძირითად მიმართულებებსა და პრიორიტეტებში მომდევნო სამი წლის განმავლობაში დევნილთა სამინისტროს ბიუჯეტი არ იზრდება და რჩება იგივე და, რა თქმა უნდა, განსახლების ტემპებიც იქნება იგივე“.

ამასვე ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბარში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ნონა ქურდოვანიძე, რომელიც დევნილთა უფლებებსა და მათ საცხოვრებელ პირობებს სწავლობს. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელ პერიოდში გაუმჯობესდა გარკვეული რეგულაციები, მათ შორის, დადგინდა საცხოვრებლის განაწილების წესი და პროცედურები, კვლავაც რჩება მთელი რიგი პრობლემები და ამ პრობლემად შეიძლება დასახელდეს, საცხოვრებელი ფართით დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში სამინისტროს მხრიდან უარის მიზეზის დროული განმარტება: „მათ ძალიან ნელა აწვდიან ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რატომ არ ხდება მათი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება, რაც ხელს უშლის დევნილებს, რომ დროულად მიმართონ შესაბამის უწყებებს, მათ შორის, სასამართლოს, და სასამართლოს მეშვეობით გაასაჩივრონ ის გადაწყვეტილება, რომელიც სამინისტრომ მიიღო მათი საცხოვრებლით დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით“.

სოზარ სუბარი

სოზარ სუბარი

რაც შეეხება საქართველოს ტერიტორიაზე შემოსული ლტოლვილებისა და საცხოვრებლის მაძიებელთა რაოდენობასა და მათ საცხოვრებელ პირობებს, სოზარ სუბარის თქმით, ბოლო წლის განმავლობაში გაცილებით მეტი ადამიანი შემოვიდა საქართველოს ტერიტორიაზე, ვიდრე მანამდე ათი წლის მანძილზე, მათ შორის, უკრაინიდან, სირიიდან და ერაყიდან. 2015 წელს 66-მა ადამიანმა მიიღო ლტოლვილის სტატუსი, 838-მა კი ჰუმანიტარული სტატუსი. რაც შეეხება უცხოეთიდან შემოსული ლტოლვილებისთვის თავშესაფრის მიმღებ ცენტრს, დღეს ამგვარი ცენტრი ფუნქციონირებს მარტყოფში, რომელიც 60 ადამიანზეა გათვლილი, მიმდინარე წლის ბოლომდე კი გაიხსნება ახალი ცენტრი, სადაც 80-მდე ადამიანის განთავსება იქნება შესაძლებელი.

სოზარ სუბარმის ვარაუდით, მიუხედავად იმისა, რომ წელს სამინისტროს ბიუჯეტი 70 მილიონ ლარს შეადგენს, არ არის გამორიცხული, ეს რიცხვი მომავალი წლის ბიუჯეტში გაიზარდოს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG