Accessibility links

logo-print

26 თებერვალი, კვირა

კვირა დილა ზარმაცია და თან ზანტი. კვირას მგონია, რომ ყველაფერი სხვა დღეებზე ნელა ხდება და ხალხიც უფრო ნაკლებად მობილიზებული მხვდება ქუჩაში. კვირას ფიქრია კარგი. ამ ცოტა შენელებულ გარემოში მეტი პერსპექტივაა კარგი აზრებისთვის. კვირა შენელებულ კადრს ჰგავს, გაწელილს, თან ცოტა დაბოხებული და დაგრძელებული ხმა რომ მიჰყვება ფონად.

ყველა მანქანას გადავუსწარი, რომელიც კი ნუცუბიძეზე შემხვდა და ის შეგრძნებაც მივიღე, რაც მინდოდა − დავძლიე კვირა დღის მცდელობა, მეც ჩავეთრიე თავის დაუსრულებელ სიზანტეში. კიდევ კარგი, ჩემმა BMW-მ შეძლო ჩემთვის საჭირო სიჩქარის განვითარება და მეც საჭიროდ მობილიზებული მივედი „რუსთავი 2“-ში. შლაგბაუმის მიღმა, ეზოშივე დამავიწყდა განცდა, რომ კვირა დღე ნელია.

ყოველი ორშაბათის წინა კვირადღე განსაზღვრავს დაახლოებით, როგორი უნდა იყოს მთელი კვირის დილა, ორშაბათიდან პარასკევამდე.

სამუშაო დღე არასდროს სრულდება „რუსთავი 2“-ში, მაგრამ საღამოს 10 საათისთვის მაინც შევძელი „გამოძრომა“. კვირა საღამო უფრო აქტიურია დილასთან შედარებით: იგრძნობა, რომ რამდენიმე საათში ახალი კვირა იწყება მძიმე ორშაბათით.

27 თებერვალი, ორშაბათი

ორშაბათი ტრადიციულად დაიწყო დილის 5-ზე. არადა, მე მაინც მიყვარს იმის შეგრძნება, რომ ყველაზე ადრე ვდგები და ვიწყებ დილას, სანამ სხვებს ჯერ კიდევ სძინავთ. ამ დროს ყველაზე სუფთაა ჰაერი, ყველაზე მშვიდია სივრცე, თითქოს არც ბოროტება არსებობს სამყაროში და ცუდიც არაფერი ხდება. ისეთი სიჩუმეა ირგვლივ, მხოლოდ საკუთარი არსებობის ხმა თუ დაგირღვევს იდილიას.

უკვე მეათე წელია, იშვიათი გამონაკლისების გარდა, ჩემი ორშაბათი იწყება ამ დროს ერთი განწყობით: დილიდანვე ვიყო სასარგებლო და საჭირო მათთვის, ვინც ჩვენთან ერთად იღვიძებს.

ორშაბათს მანქანით მოძრაობა განსაკუთრებით დამთრგუნველია. მოძრაობის წესები და საჭესთან ჯდომის კულტურა მძიმედ გვესმის. ქალებს − განსაკუთრებით. ბოლო პერიოდში გააქტიურებულმა გენდერულმა ბალანსმა საბოლოოდ მოგვიღო ბოლო სუსტი სქესის ვითომ ძლიერ წარმომადგენლებს და განსაკუთრებით აგრესიულები გავხდით. მით უმეტეს, თუ საჭესთან დათმობას, გატარებას ან, უბრალოდ, გაღიმებას ეხება საქმე. არც ძლიერ სქესთან გვაქვს მანუგეშებელი სტატისტიკა...

რამდენიმე დღის წინ ლიზას მივაკითხე მეგობართან მცხეთის ქუჩაზე. ქუჩის ბოლო გადაკეტილი იყო, რაღაც სამუშაოების გამო (ეს რაღაც „სამუშაოები“ დაუსრულებელია ჩვენს ქალაქში, თანაც სულ ერთსა და იმავე ადგილებში) წარმოქმნილი სივიწროვე წარმოუდგენელს ხდიდა მანქანის მობრუნებას. ჩემდა ბედად, ერთმა შუახნის მამაკაცმა გახსნა საკუთარი ეზოს ჭიშკრის კარი. გახარებულმა, ვთხოვე, ორი წუთით მანქანის ცხვირის ეზოში შეწევის ნება მოეცა, მან კი პასუხის ღირსიც კი არ გამხადა, რკინის კარი ცხვირწინ მომიჯახუნა. ვერაფრით ავხსენი მიზეზი, რით გავაბრაზე ის შუახნის კაცი, რომ ასე დაუნდობლად გამწირა ერთი კილომეტრი უკუსვლით სიარულისთვის. არადა ყველაზე მეტად სწორედ ეს არ მიყვარს, და არც განსაკუთრებით კარგად გამომდის.

ორშაბათის სიმძიმეს მძიმე მოგონებებიც დაერთო...

28 თებერვალი, სამშაბათი

ვცდილობდი, ამ თემაზე დღემდე არ დამეწერა... ძალიან მძიმეა, აუტანლად მძიმე და თან უსამართლო. ვერც ახსნას შევძლებ, ვერც აღვწერ და გადმოვცემ შეგრძნებებს, ამ ფაქტის გაგების შემდეგ რომ დამეუფლა. ცრემლები თავისით იწყებენ დენას, მარტო ერთი კითხვა მიტრიალებს თავში: რატომ? და კიდევ: რა ეშველება უბედურ დედას?

ჯინაზე, საოცრად თბილი და მზიანი დღე იყო დღეს... თითქოს ბუნებას არც კი ადარდებს ადამიანის სევდა და დარდი. დღეს კიდევ ერთხელ ვიგრძენი, სამყაროში რა პატარა ვარ და თან უსუსურიც.

მაიკო ასათიანმა დღეს ერთადერთი შვილი გაუშვა სამუდამოდ... ღმერთთან, ანგელოზებთან, ცაში, საიქიოში თუ სამოთხეში.

მე ნუცას არ ვიცნობდი...

მაიკოს ტკივილი კი მთელი ორგანიზმით ვიგრძენი. სულში დამრჩა საშინელი სიმძიმე. ამ დღეებში ყველაზე ცხადად მივხვდი, რა ძნელია ჩემთვის მძიმე განაჩენთან შეგუება. ვერ ვიღებ, თითქოს მთელი სხეულით ვაპროტესტებ, ვეწინააღმდეგები, არ მინდა დავიჯერო და მანადგურებს განცდა, რომ არაფრის შეცვლა აღარ შეიძლება, უკვე აღარაფერს ეშველება. ბოლო წუთამდე არ მჯეროდა, რომ ყველაზე უარესი შედეგი დადგებოდა...

1 მარტი, ოთხშაბათი

გაზაფხულის პირველი დილაც 5 საათზე დაიყო...

როგორც კი სადარბაზოდან გავედი, ვიგრძენი: ზამთარი დამარცხდა. აღარ ურტყამს ჰაერში არც ერთი პროცენტი სუსხის და ისეთი თბილია დილა, გგონია, უყვარხარ, გეფერება და გიფრთხილდება.

ტრადიციულად, აპარატის ყავა ჩამოვისხი და ერთი ჭიქა წყალიც მოვიმარაგე. 06:30-მდე საეთეროდ ვაწყობ, ვასწორებ და ვწერ ტექსტებს. შვიდის ნახევარზე კი იწყებენ მაკიაჟსა და დავარცხნას ჩემს თავზე. რამდენიმეწუთიანი პასიურობა ბოლო კარგი შანსია, ეთერის წინ მობილიზებისთვის. უკვე 07:25-ზე სტუდიაში ვარ ტრადიციული ფრაზით: „გადამრთეთ, ბიჭებო!“ რაც იმას ნიშნავს, რომ, სანამ დავიწყებთ, მონიტორზე უნდა შევამოწმო საეთერო კადრი. ზუსტად 07:30-ზე კი გეუბნებით ყველას: „დილა მშვიდობისა საქართველო!“ ალბათ, ბევრს არ ღვიძავს ამ დროს, მაგრამ ვინც ადრიანად იწყებს დღეს, ზუსტად, წუთობრივად აქვს აწყობილი გადაცემის სხვადასხვა რუბრიკის დროს, სახლში რას უნდა აკეთებდეს, რომ დილის ყველა პროცედურა მოასწროს. ვიცნობ ადამიანს, ვინც ამინდის პირველ ჩართვაზე იწყებს ყავის მოდუღებას და „კურიერის“ პირველ გამოშვებაზე აღვიძებს ბავშვებს.

ოთხშაბათი ორშაბათზე მძიმეა ჩემთვის, ხუთშაბათსაც ეთერი მაქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ დასვენების გარეშე უნდა დავიწყო მეორე დღის დილისთვის სამზადისი. თუმცა ბოლო ერთი თვეა, ახალი გატაცება მაქვს − იოგა. საოცრებაა, უკვე ფანი ვარ! მთავარია, დღის მანძილზე ერთი საათი გამოვნახო და ვცდილობ, ყოველდღე მოხდეს ასეთი სასწაული ჩემთვის. ლიზამაც დაიწყო. ოღონდ პირდაპირ აღიარებს, რომ მარტო იმიტომ დადის, ტაში დაუკრან, როცა რთულ ილეთს ყოჩაღად ასრულებს, თავზე დადგეს ვარჯიშის შემდეგ (პირდაპირი გაგებით) და რამდენჯერმე ამოტრიალდეს, სპეციალურ ბაგირზე ხელებით თავდაყირა დაკიდებული.

ერთი საათი აბსოლუტურად საკმარისი იყო, აენაზღაურებინა მთელი დილის დაღლა და ახალი ენერგია მოეცა დარჩენილი დღისთვის.

ხვალ სასამართლოა. ისევ გადაწყვეტილების მოლოდინში ვართ, ისევ მოსამართლეების სინდისის იმედით. ხვალ საგანგებო რეჟიმია, დღის პირველის ნახევრიდან ყველა უზენაესის ეზოში ვიკრიბებით.

2 მარტი, ხუთშაბათი

ბევრი ისაუბრეს „რუსთავი 2“-ისა და რუსთავი 2-ელების პროფესიონალიზმზე ჩვენმა სტუმრებმა და წარმატებები გვისურვეს სასამართლოზე.

ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ, მგონი, უკვე წელიწადნახევარია, დეჟავიუს ეფექტით მეორდება სასამართლო პროცესები: გადაწყვეტილების მოლოდინი და გულის სიღრმეში იმის იმედი, რომ ყველაფერი კარგად იქნება არხზე, რომელსაც დაუფიქრებლად ირჩევენ, როცა კრიტიკული სიტუაციაა ქვეყანაში, ომისა თუ სტიქიის დროს; არხზე, რომლის ტელეფონზეც პატრულზე ადრე რეკავენ, როცა რამე ცუდი ხდება; არხზე, რომლის იმედიც აქვთ გაჭირვების დროს, როცა საჭიროა, ხალხის ხმა ყველამ გაიგოს. ბევრი აკრიტიკებს, მაგრამ ზოგჯერ დგება მომენტი, როცა განსჯის ადგილი და დრო არ არის, როცა ყველა ერთად უნდა გავუფრთხილდეთ და დავიცვათ თავისუფალი სიტყვა, განსხვავებული აზრი.

3 მარტი, პარასკევი

2-დან 3 მარტი... რა თქმა უნდა, ისევ სამსახურში. უწყვეტი ეთერით და ხალხით ეზოში. ყველა, ვინც უზენაესთან იყო შეკრებილი, სანდრო ეულზე გადმოინაცვლა.

მთელი გუნდი ერთად ვგეგმავთ დილის ეთერს, რომელიც არაფრით ჰგავს ტრადიციულს, ისეთს, რომელიც მაყურებელს დილიდან კარგ განწყობასა და მშვიდ დღეს უსურვებს. ხვალინდელი დილის გადაცემა იქნება თავისუფალი მიკროფონი იმ ადამიანებისთვის, ვისაც აწუხებს მომავალი დემოკრატიული ფასეულობების გარეშე, ვისთვისაც საჭიროა სიტყვის თავისუფლება ქვეყანაში და თვლის, რომ „რუსთავი 2“-ის მიღმა დასაცავია უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ ტელევიზია.

ბევრი ადამიანი შემხვდა ეზოში. ჩემთვის არანაცნობები, ჩვეულებრივი მოქალაქეები. მათი პოზიცია ყველაზე მნიშვნელოვანია, ისინი აყალიბებენ საზოგადოებრივ აზრს. მათ ხმას და ერთობას ყველაზე დიდი ძალა აქვს.

არიან ცნობილი სახეებიც, ისინი, ვინც ბოლო თვეების განმავლობაში ბევრჯერ შეკრებილა ამ ეზოში თავისი ხმის, აზრის თუ მომავლის დასაცავად.

კარვებს შლიან ეზოში...

აქ ამ ღამეს ბევრი ადამიანი გაათენებს.

დედის დღე თენდება. ლიზამ მომილოცა დადგომამდე რამდენიმე საათით ადრე. მთელი საღამო ერთად უნდა გაგვეტარებინა, მაგრამ განაჩენის შემდეგ, რა თქმა უნდა, ტელევიზიაში უნდა წამოვსულიყავი. როცა მიხვდა, რომ 12-ზე ერთად არ ვიქნებოდით, რიგრიგობით, წინასწარ დაგეგმილი თანმიმდევრობით დაიწყო საჩუქრების ამოლაგება. ალბათ, რამდენი დღე ამზადებდა სკოლაში! საკუთარი ხელით ჩაწებებული ყვავილები, ნახატები... ლექსიც კი მომიძღვნა! რა შორს წავიდა ბავშვების განვითარება! სკოლაში, თანამედროვე ცეკვის გაკვეთილზე, კლიპიც კი გადაუღიათ დედების გასახარებლად. მე კი მის ასაკში დედას მისსავე ცხვირსახოცებს ვპარავდი, შემდეგ დიდი რუდუნებით სხვადასხვა ფერის ბაფთებში ვუფუთავდი და ვჩუქნიდი. რატომღაც ღრმად ვიყავი დარწმუნებული, რომ ვერ ცნობდა. მარიც არ იმჩნევდა და ბედნიერი იღებდა საჩუქრებს. ცოტა ხნის წინ ვიხსენებდით და ბევრი ვიცინეთ ერთად.

4 მარტი, შაბათი

კვირის ბოლო სამუშაო დღე მანუგეშებელი ნიუსით დასრულდა. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა. ოფიციალური შეტყობინება „რუსთავი 2“-მა გვიან საღამოს მიიღო. ევროსასამართლომ გადაწყვეტილების აღსრულება 8 მარტამდე შეაჩერა იმისთვის, რომ საქმის არსში გაერკვეს. სტრასბურგის სასამართლომ, თავისი არსებობის ისტორიაში, პირველად შეაჩერა საქმის აღსრულება უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ. ეს არის,ალბათ, ისტორიული მოვლენა, სასწაული, რომელსაც ასე ძალიან ველოდით! უამრავი პოსტი, აღფრთოვანება და მილოცვები ამოვიკითხე სოციალურ ქსელებში. ყველაზე მეტი აპლოდისმენტი და ოვაცია − „რუსთავი 2“-ის იურისტებს. ყოჩაღ!

კიდევ ერთი სასიამოვნო პოსტი: პარიზში ამერიკულმა უნივერსიტეტმა ნუცა მახვილაძის სახელობის დაფინანსება დააწესა, საქართველოდან ნუცასავით ნიჭიერი სტუდენტებისთვის...

ეს უქმეები ნამდვილად არ იქნება შენელებული. რამდენი რამ მოხდა ამ ერთი კვირის განმავლობაში. რთულ კვირას დაემთხვა ჩემთვის „თავისუფლების დღიურების“ წერა. ისე, რა უცნაურია: ბავშვობაშიც დღიურის წერის მუზა განსაკუთრებით მაშინ მეწვეოდა ხოლმე, როცა მიჭირდა, რაღაც განცდა მაწუხებდა, ან მეგონა, რომ შედარებით არასასიამოვნო და ცუდი ხდებოდა ჩემს ბავშვურ ცხოვრებაში.

რაც ეთერში ვარ, ალბათ ყოველ წელს ვაშუქებთ „თავისუფლების დღიურების“ ახალ გამოცემას. აღარც მახსოვს, მერამდენეა. რამდენი ისტორია ხვდება აქ, რამდენი ფაქტი არქივდება სხვადასხვა ადამიანის განცდებით, ფიქრებით თუ შეფასებებით. საოცარია: აქ არავინ ზღუდავს არც სიტყვის თავისუფლებას, არც ალტერნატიულ აზრს. არავინ გიკონტროლებს წინასწარ, რა თემებს შეეხები და რა კუთხით გაშლი ფაქტებს. ერთი სიტყვით, სრული დემოკრატიაა.

ამ წლის დღიურებიც მალე გამოვა. იმედი მაქვს, ჩვენ ისევ ეთერში ვიქნებით, რომ სტუმრებთან ერთად ტრადიციულად ვისაუბროთ იმ ადამიანებზე, ვინც განვლილი წლის ყოველდღიურობა ამ ფურცლებზე გადმოსცა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG