Accessibility links

logo-print

ბიზნესის დეკლარირებული თავისუფლება და ეკონომიკური სირთულეები


პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ბიზნესმენებთან

პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ბიზნესმენებთან

მიმდინარე კვირა დატვირთული აღმოჩნდა ეკონომიკური სიახლეებით. გამოქვეყნდა მსოფლიო ბანკის ანგარიში ეკონომიკური პერსპექტივების შესახებ; ცნობილი გახდა ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის ახალი მონაცემები; საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბიზნესმენებს შეხვდა, მომდევნო დღეს პრესკონფერენცია გამართა და ვრცლად ისაუბრა ბიზნესის ”გათავისუფლებასა” და სხვა ეკონომიკურ მიღწევებზე.

მსოფლიო ბანკის ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკა 6 პროცენტზე მეტად მოიმატებს, მიუხედავად იმისა, რომ წინა წელს ზრდის მაჩვენებელი 2.5 პროცენტი იყო. ამ ორგანიზაციის მსგავსად, ერთი წლის წინ სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიც საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 6 პროცენტიან ზრდას ვარაუდობდნენ, მაგრამ წლის მანძილზე სურათი რამდენჯერმე შეიცვალა.
უმთავრესი მიზეზი ის არის, რომ რისკის სუნი დადგა ქვეყანაში. შეგრძნებადი გახდა, რომ მოლოდინი არ უნდა გქონდეს უკეთესი შეთავაზების...
ახლაც პროგნოზის გამართლება უამრავ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული - ბიზნესკლიმატის გაუმჯობესებაზე, ინვესტიციების მოზიდვასა და საქართველოს მთავრობის სხვა ნაბიჯებზე. გაურკვეველმა პოლიტიკამ გამოიწვია წინა წლის პროგნოზის ჩავარდნაო, ფიქრობს ”ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს” ვიცე-პრეზიდენტი გია ჯანდიერი:

”უმთავრესი მიზეზი ის არის, რომ რისკის სუნი დადგა ქვეყანაში. შეგრძნებადი გახდა, რომ მოლოდინი არ უნდა გქონდეს უკეთესი შეთავაზების”.

სხვაგვარად ფიქრობს საქართველოს მთავრობა. მმართველი პოლიტიკური ძალა ბოლო ერთი წლის მთავარ დამსახურებად კანონის უზენაესობის დამკვიდრებას მიიჩნევს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბიზნესმენებთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა და იმ მიზეზებზეც გაამახვილა ყურადღება, რაც მეწარმეებს არასტაბილურობის განცდას უქმნიდა, მომდევნო დღეს კი, პრესკონფერენციაზე, ეკონომიკის ზრდის ტემპის შენელებაზეც ისაუბრა:

”გვყავდა ჩვენ სააკაშვილი, რომელიც მთელ მსოფლიოში იძახდა, რომ მოვიდა დესტრუქციული მთავრობა, რომელიც ყველაფერს ანგრევს. და როგორ გინდათ დაარწმუნოთ ინვესტორი, შემოიყვანოთ საქართველოში და ინვესტიციები გააგრძელებინო? ან თუნდაც ადგილობრივი ბიზნესმენები დაარწმუნო, რომ ყველაფერი კარგად არის და დაიყოლიო ისინი, მოიზიდონ სხვა ინვესტიციები?“

ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ნახსენები ძირითადი მიზეზისგან განსხვავებულ პრობლემებზე საუბრობენ ეკონომიკის ექსპერტული წრეების წარმომადგენლები. „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ ვიცე-პრეზიდენტი გია ჯანდიერი, არასახარბიელო პოლიტიკური გარემოს
მოგეხსენებათ, როგორი დამოკიდებულება ჰქონდა კანონის მიმართ წინა ხელისუფლებას და ეს ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორი იყო ჯანსაღი ბიზნესის განვითარებისთვის. მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დღეს აღარ არსებობს პოლიტიკური ზეწოლა ბიზნესზე, საკუთრების უფლება დაცულია ისე, როგორც არასდროს...
გარდა, რაც გამოწვეულია საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციითა თუ ქვეყნის მეზობლებს შორის არსებული დაძაბულობით, იმ პრობლემებზეც საუბრობს, რომლებიც საქართველოს ხელისუფლების რამდენიმე ნაბიჯს უკავშირდება:

”თუ ახალი ხელისუფლება ისაუბრებს ისეთი ტონით და ენით, როგორიც არის, მაგალითად: შრომის კოდექსი არღვევს ბიზნესის უფლებებს, მაგრამ უნდა დაარღვიოს! - მე მოვისმინე ასეთი რამ იუსტიციის მინისტრისაგან. ასეთი და კიდევ ბევრი განცხადება, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ, იწვევს გაუგებრობას და არასტაბილურობის შეგრძნებას”.

გია ჯანდიერის გარდა, ხელისუფლებას დადებითი სიგნალების გამოშვებისკენ ეკონომიკური წრეების სხვა წარმომადგენლებიც მოუწოდებენ. ჯერჯერობით მთავრობის მეთაური ირაკლი ღარიბაშვილი პრობლემებს მხოლოდ წინამორბედს აბრალებს და იმ ნაბიჯებზე საუბრობს, რომლებმაც შესაძლებელი გახადა ბიზნესის პოლიტიკური წნეხისგან გათავისუფლება:

ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი

”მოგეხსენებათ, როგორი დამოკიდებულება ჰქონდა კანონის მიმართ წინა ხელისუფლებას და ეს ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორი იყო ჯანსაღი ბიზნესის განვითარებისთვის. მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დღეს აღარ არსებობს პოლიტიკური ზეწოლა ბიზნესზე, საკუთრების უფლება დაცულია ისე, როგორც არასდროს”.

ეკონომიკის ექსპერტების ნაწილის შეფასებით, ბიზნესმენების უმრავლესობა, მართლაც, აღნიშნავს გარკვეული წნეხის მოხსნას, თუმცა კი არიან ისეთებიც, რომლებიც მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით ზარალდებიან. ”ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” წარმომადგენელმა ნოდარ ჭიჭინაძემ რადიო თავისუფლების დილის გადაცემაში განაცხადა, რომ, ბიზნესმენ ცეზარ ჩოჩელის გახმაურებული პრობლემების გარდა, სახელმწიფოს მხრიდან შექმნილ სირთულეებს ბიზნესმენი ირაკლი იაშვილიც უჩივის. ლაპარაკია გადამზიდავი კომპანიების სფეროში ფინანსთა მინისტრის გადაწვეტილებით ჩამოყალიბებული ”საქართველოს ფოსტის” მონოპოლიის შესახებ. ასეთი, ე.წ. პრობლემატური, მეწარმეები არ ესწრებოდნენ პრემიერ-მინისტრთან გამართულ შეხვედრას, რის გამოც ეკონომიკის ექსპერტი ირაკლი ლექვინაძე შეხვედრის ორგანიზატორებს აკრიტიკებს:

ირაკლი ლექვინაძე

ირაკლი ლექვინაძე

”გარკვეულწილად, ალბათ, შერჩევით მოხდა მათი არმიწვევა ამ ღონისძიებაზე, ვგულისხმობ „ზედაზენის“ და „ბარამბოს“ წარმომადგენლობას. ასევე რამდენიმე ბიზნესკომპანიაც არ ესწრებოდა ამ ღონისძიებას. თუ ვსაუბრობთ, რომ უნდა იყოს შეხვედრა პრემიერ-მინისტრსა და ბიზნესსექტორს შორის, მაშინ უნდა ესწრებოდეს ყველა ბიზნესის წარმომადგენელი. თან იქ გაჟღერდა, რომ ქართული ბიზნესი იქნება პრიორიტეტული და ეს ორი კომპანია არის ქართული წარმოების მნიშვნელოვანი მონაწილე”.

ამ ცალკეული პრობლემატური შემთხვევების გარდა, ეკონომიკის ექსპერტთა ნაწილი ყურადღებას ამახვილებს იმ საკანონმდებლო ბარიერებსა თუ რეგულაციებზე, რომლებიც ხელს არ უწყობს ბიზნესისთვის სტაბილურობის განცდის ჩამოყალიბებას. მაგალითად სახელდება მთავრობის სტრუქტურების სურვილი გაფართოვდეს იმ უწყებების ჩამონათვალი, რომლებსაც ხელი მიუწვდებათ გადასახადის გადამხდელებთან დაკავშირებულ საიდუმლო ინფორმაციაზე.

ასეთ საკითხებზე კრიტიკას ხელისუფლება გაუმჯობესებულ საერთაშორისო რეიტინგებს უპირისპირებს, თუმცა ისინი ჯერ მხოლოდ 2012 წლის მდგომარეობას ასახავენ და არა ახალი ხელისუფლების მმართველობის 1 წლის შედეგებს.
XS
SM
MD
LG