Accessibility links

logo-print
ლიახვის ხეობიდან დევნილი მარინე კვირიკაშვილი არჩევნებზე იმ იმედით წავიდა, რომ მისთვის სასურველი პოლიტიკური ძალა ქვეყანაში მშვიდობას დაამყარებს, კონფლიქტს მოაგვარებს და დევნილებს საკუთარ კარ-მიდამოზე დაბრუნების შესაძლებლობას მისცემს.

გორის 32-ე საარჩევნო ოლქის მე-100 უბანზე ხმას ლიახვის და ფრონეს ხეობიდან დევნილები აძლევენ. კარალეთის დევნილთა დასახლებამ ყურადღება სამი თვის წინაც მიიქცია, როცა „ნაციონალური მოძრაობისა“ და კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება ქვების სროლაში გადაიზარდა. დღეს ამ დასახლების საარჩევნო უბანზე დილიდანვე მაღალი აქტივობა იყო. 1268 ამომრჩევლიდან 3 საათისთვის არჩევანი 50 პროცენტზე მეტს უკვე გაკეთებული ჰქონდა, კომისიაში კი იმას აცხადებენ, რომ, როგორც სხვა უბნებში, ბიულეტენები მათაც დააკლეს. იძულებით გადაადგილებული პირები არჩევნების შემდეგ მთავარ მოსაგვარებელ პრობლემად მშვიდობას და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ასახელებდნენ.

გორის 32-ე საარჩევნო ოლქში 112 საარჩევნო უბანია გახსნილი, ამომრჩეველთა რაოდენობა კი 113 ათასს უახლოვდება. დილიდან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები დარღვევებსა და მმართველი პარტიის მხრიდან ეგრეთ წოდებული „კარუსელების“ მოწყობაზე საუბრობდნენ. კოალიცია „ქართული ოცნების“ დეპუტატობის კანდიდატმა მალხაზ ვახტანგაშვილმა განაცხადა, რომ ასეთი დარღვევები მათმა წარმომადგენლებმა გამოავლინეს ნიქოზის, ატენის, გორის უნივერსიტეტის საარჩევნო უბნებზე. გარდა ამისა, ვახტანგაშვილის ინფორმაციით, მათ აქვთ ვიდეომასალა, თუ როგორ ხდება „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების მიერ ამომრჩევლების მოსყიდვა.

საოლქო საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ ყველა დარღვევაზე რეაგირება სწრაფად ხდება. კომისიის მდივნის ანა ჯებისაშვილის განცხადებით, ადგილი მხოლოდ ტექნიკური ხასიათის დარღვევებს აქვს.

ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში არჩევნებს სადამკვირვებლო ორგანიზაცია „ჯანმრთელი სამყარო“ აკვირდება. ორგანიზაციის წარმომადგენლის ირინა ფუტკარაძის განცხადებით, ტირძნისიდან მათი დამკვირვებელი მხოლოდ იმიტომ გამოაძევეს, რომ მან წინასწარ შემოხაზული 5 ნომრიანი შვიდი ბიულეტენი აღმოაჩინა და ამის გამო პროტესტი გამოთქვა.

დილიდან როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო დამკვირვებლები საარჩევნო უბნებზე გადაადგილდებიან. ისინი აცხადებენ, რომ თითქმის ყველა უბანში ბიულეტენებისა და კონვერტების ნაკლებობაა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG