Accessibility links

logo-print

ემუქრება თუ არა გამოსახლება პრეზიდენტ მარგველაშვილს


პრეზიდენტის სასახლე

პრეზიდენტის სასახლე

პრეზიდენტი არ აპირებს დატოვოს ავლაბრის სასახლე, მაშინ როცა მთავრობა მის ადგილსამყოფელს ათონელის ქუჩაზე მდებარე ახლად რეკონსტრუირებულ შენობაში ხედავს. კომენტარი იმის შესახებ, რომ გიორგი მარგველაშვილი საჭიროზე გაცილებით მეტ ფართს იკავებს და სახელმწიფოს ამისი ფუფუნება არა აქვს, ექს-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმაც გააკეთა. რა ბერკეტებს ფლობს მთავრობა იმისათვის, რომ პრეზიდენტს გადაწყვეტილება შეაცვლევინოს და რამდენად შეიძლება მივიდეს საქმე იძულებამდე?

28 მილიონი ლარი დაიხარჯა შენობის იმგვარად რეკონსტრუირებისთვის, რომ ის 100 %–ით მორგებოდა პრეზიდენტის საჭიროებებს, მისი სხვა მიზნებით გამოყენება გაჭირდება და, თანაც, არასაპრეზიდენტო რესპუბლიკის პრეზიდენტისთვის მეტისმეტი ფუფუნებაა ავლაბრის სასახლეში მუშაობა – აი, ის ძირითადი არგუმენტები, რომლებსაც ამ საკითხზე საუბრისას მთავრობა და საპარლამენტო უმრავლესობის უდიდესი ნაწილი იშველიებს. ამ საკითხს 21 აპრილს ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილიც გამოეხმაურა:

„მე ვფიქრობ, რომ, თუ ჩვენ სახელმწიფო გვაქვს, ყველანი უნდა დაემორჩილონ რაღაც თამაშის წესებს და მათ რიცხვში – პრეზიდენტიც. 10 ათასი კვადრატული მეტრი ჭარბი ფართი... რომც არ უჭირდეს სახელმწიფოს, ჭარბი ფართი მაინც არ უნდა გქონდეს და ჩვენ საკმაოდ გაჭირვებული სახელმწიფო გვაქვს“.

ამ საკითხის კვლავ გააქტუალურება უკავშირდება იმ სამწუხარო მოვლენას, რასაც ჰქვია ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრედიტაციისკენ მიმართული კამპანია.

გიორგი მარგველაშვილი ავლაბრის სასახლის დატოვებას არ აპირებს. მის ადმინისტრაციაში ერთობ არასახარბიელოდ მიიჩნევენ იმ ფაქტს, რომ ამ თემაზე კიდევ ერთხელ, და უკვე მერამდენედ, ტყდება ხმაური. თუ ასეთი გზით ვივლით, არაერთხელ მოვახერხებთ მსოფლიოს გაოცებას, უთხრა ჟურნალისტებს 21 აპრილს პრეზიდენტის მრჩეველმა თენგიზ ფხალაძემ. ხოლო კიდევ ერთი მრჩევლის, კახა კოჟორიძის, აზრით, პროცესები მიზანმიმართულ სახეს ატარებს:

„ამ საკითხის კვლავ გააქტუალურება უკავშირდება იმ სამწუხარო მოვლენას, რასაც ჰქვია ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრედიტაციისკენ მიმართული კამპანია“.

მიმდინარე პროცესებში ძველი ანგარიშის ნაკვალევს ხედავს კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი ვახუშტი მენაბდეც. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას,პრეზიდენტმა თავად უნდა გადაწყვიტოს, სად და როგორ იმუშავებს თავის ადმინისტრაციასთან ერთად:

სამთავრობო რეზიდენცია ათონელის ქუჩაზე

სამთავრობო რეზიდენცია ათონელის ქუჩაზე

„კონსტიტუციური თვალსაზრისით, რა უფლებამოსილებას ახორციელებ, არ ახდენს გავლენას იმაზე, თუ რამდენ კვადრატულ მეტრზე გაქვს გაშლილი საოფისე სამუშაო. ჩვენ ვერ გავზომავთ უფლებამოსილებებს კვადრატული მეტრებით... უბრალოდ, ეს არის გაგრძელება იმ დაპირისპირების, იმ დავის, იმ ურთიერთობის, რომელიც არსებობს პრეზიდენტსა და სამთავრობო გუნდს შორის“.

კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ავლაბრის სასახლიდან პრეზიდენტისა და მისი ადმინისტრაციის გამოყვანის ერთადერთ გზად დავის სასამართლოში გადაწყვეტა რჩება, თუმცა, მათი აზრით, ამ დავაში ვერავინ გაიმარჯვებდა და ეს იქნებოდა საქართველოს ძალიან დიდი მარცხი საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში.

მას უნდა ჰქონდეს სამუშაო გარემო შესაბამისი და შესაბამისი არის ის, სადაც ის დღეს არის... თუ ის გადაწყვეტს, რომ იყოს სხვაგან და ჩათვლის, რომ სხვა არის შესაბამისი, კი ბატონო, მან გადაწყვიტოს...

პრეზიდენტს სამუშაო ადგილის არჩევის უფლება რომ უნდა დავუტოვოთ, ამას ელემენტარულ ჭეშმარიტებად მიიჩნევს დეპუტატი თამარ კორძაიაც და მისი ეს პოზიცია ააშკარავებს საკითხისადმი არაერთგვაროვან დამოკიდებულებას საპარლამენტო უმრავლესობის წიაღში. დეპუტატი შეახსენებს ყველას, რომ პრეზიდენტი საქართველოს მოქალაქეებმა პირდაპირი წესით აირჩიეს და პრეზიდენტის ინსტიტუტი პატივისცემას მოითხოვს:

„მას უნდა ჰქონდეს სამუშაო გარემო შესაბამისი და შესაბამისი არის ის, სადაც ის დღეს არის... თუ ის გადაწყვეტს, რომ იყოს სხვაგან და ჩათვლის, რომ სხვა არის შესაბამისი, კი ბატონო, მან გადაწყვიტოს... უბრალოდ, მე ვთვლი, რომ ჩვენ არ უნდა ვეჭიდაოთ მას ამ საკითხზე“.

ეს განსაკუთრებული შემთხვევაა, მიდგომასაც განსაკუთრებულს მოითხოვს და საქმე სასამართლომდე არ უნდა მივიდეს, ამბობს ჩვენთან საუბრისას „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი სულხან სალაძე. მისთვის ცხადია, რომ

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობის განკარგვა ზოგადად აღმასრულებელი ხელისუფლების და, კერძოდ, ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს პრეროგატივაა, მაგრამ ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია პრეზიდენტის პოზიციის გათვალისწინება:

„ეს არის ის თემა, რომელიც თავისი მნიშვნელობით სცდება წმინდა სამართლებრივ საკითხს და, რეალურად, სახელმწიფო ინსტიტუციებმა პატივი უნდა სცენ ერთმანეთს“.

თუკი პრემიერ–მინისტრის კომენტარით ვიმსჯელებთ, საქმე სასამართლომდე და, მით უმეტეს, პრეზიდენტის იძულებით გამოსახლებამდე არ მივა. ირაკლი ღარიბაშვილი თვლის, რომ ამაზე საუბარიც კი შეურაცხმყოფელია და რომ თავად პრეზიდენტის გადასაწყვეტია, დარჩება თუ არა ის მიხეილ სააკაშვილის მიერ აშენებულ „ნახევარმილიარდიან სასახლეში“. მე მის ადგილზე რომ ვიყო, გადავიდოდი ათონელის რეზიდენციაში, რომელიც საგანგებოდ პრეზიდენტისთვის მომზადდა, უთხრა სამშაბათს ჟურნალისტებს პრემიერ–მინისტრმა.

თუმცა შენობის საგანგებოდ პრეზიდენტისთვის მომზადების მიზანს ეჭვქვეშ აყენებს ის ფაქტი, რომ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ათონელის ქუჩაზე მდებარე რეზიდენცია მარტის დასაწყისში საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში ჰქონდა ჩაწერილი.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG