Accessibility links

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი „სახელმწიფო ენის შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის „სახელმწიფო ენის დეპარტამენტის“ შექმნას. დეპარტამენტი განახორციელებს სახელმწიფო ენის ერთიან პოლიტიკას და იზრუნებს ენის განვითარებასა და შესწავლაზე. გარდა ამისა, დეპარტამენტში შეიქმნება სახელმწიფო ენის ექსპერტთა კომისია, რომელიც შეიმუშავებს ქართული სალიტერატურო ენის ნორმებს და ტერმინოლოგიურ სტანდარტებს. როგორ აპირებს საქართველოს პარლამენტი სახელმწიფო ენის დაცვას და რას ფიქრობენ სიახლის შესახებ ენათმეცნიერები?

„ო, ენავ ჩემო, დედაო ენავ, შენ ჩვენო ნიჭო, სრბოლავ და ფრენავ...“ - კენჭისყრის დაწყებამდე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნუკრი ქანთარიამ, წაიკითხა ირაკლი აბაშიძის ლექსი „ხმა კატამონთან“, შემდეგ გაიხსენა 1978 წლის 14 აპრილის ამბები - სტუდენტების წარმატებული ბრძოლა ქართული ენის დაცვისათვის და ის პრობელემები, რომლებიც მოულოდნელად შეექმნა ქართულ ენას საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ:

„მას შემდეგ, რაც ჩვენ დამოუკიდებლობა მივიღეთ, არ ვიცი, რა ჭირი გვეტაკა, დაიწყო დამახინჯება ქართული ენის. ვინ დაამახინჯა? პირველ რიგში, პოლიტკოსებმა, ჟურნალისტებმა და ყველა ჩვენგანმა. ყველამ შევცოდეთ ცოტ-ცოტა! და წამოვიდა ტერმინების კორიანტელი, რომელიც არც გვსმენია, არც გაგვიგონია, როგორც იურისპრუდენციაში, ისე ყოველდღიურ საუბარში... „დაწერადი“, „გაკეთებადი“ და მსგავსი ათასი რამ“.

„მსგავსი ათასი რამით“ რომ არ დაბინძურდეს სახელმწიფო ენა, დეპუტატებმა საჭიროდ მიიჩნიეს მისი დაცვა კანონის ძალით, რისთვისაც პირველი მოსმენით მიიღეს კანონი სახელმწიო ენის შესახებ, რომლის მიზანი, როგორც კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორი, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე ივანე კიღურაძე ამბობს, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ქართული ენის, ხოლო აფხაზეთში აგრეთვე აფხაზური ენის სახელმწიფო სტატუსის განმტკიცებაა, ისევე როგორც ზრუნვა მის გამოყენებაზე, დაცვაზე, განვითარებაზე, შესწავლასა და პოპულარიზაციაზე:

სახელმწიფო ენის შესახებ კანონის მიღება საქართველოს არა მხოლოდ სუვერენული უფლებაა, არამედ ეს არის აუცილებელი ნაბიჯი, რათა შეიქმნას ძლიერი და ერთიანი ქართული სახელმწიფო. სწორედ ამიტომ სახელმწიფო ენის კანონის მიღება პრიორიტეტული საკითხია...

„კანონპროექტი სახელმწიფოს ავალდებულებს, რომ შექმნას სათანადო პირობები სახელმწიფო ენის შესწავლისა და გამოყენებისათვის. მუდმივად იზრუნოს ქართველურ ან კილოთა შენარჩუნებასა და შესწავლაზე“.

საქართველოს პარლამენტი „სახელმწიფო ენის შესახებ“ კანონის მიღებას ჯერ კიდევ 2002 წელს აპირებდა. ქართველი დეპუტატებისა და ენეთმეცნიერების მცდელობას მიესალმა ეუთოს მაშინდელი უმაღლესი კომისარი ეროვნული უმცირესობების საკითხებში როლფ ეკეუსი:

„სახელმწიფო ენის შესახებ კანონის მიღება საქართველოს არა მხოლოდ სუვერენული უფლებაა, არამედ ეს არის აუცილებელი ნაბიჯი, რათა შეიქმნას ძლიერი და ერთიანი ქართული სახელმწიფო. სწორედ ამიტომ სახელმწიფო ენის კანონის მიღება პრიორიტეტული საკითხია. მიმაჩნია, რომ საჭიროა საქართველოში სახელმწიფო ენის სტატუსი განმტკიცდეს, გაძლიერდეს და შეიქმნას პირობები ქვეყნის ტერიტორიაზე მის გამოსაყენებლად. ამასთანავე, აუცილებელია საქართველოს პარლამენტმა და მთავრობამ დაუყოვნებლივ დაიწყონ შემუშავება ფართო პროგრამისა, რომელიც უზრუნველყოფს ენის შესწავლას და მთელ ქვეყანაში მის გამოყენებას, გააჩაღებს სახელმწიფო ენის შესწავლის პროცესს სახალხო განათლებისა და საჯარო სამსახურის სფეროებში“.

კანონპროექტის ავტორებს იმედი აქვთ, რომ სახელმწიფო ენის შესახებ კანონის მიღება და სახელმწიფო ენის დეპარტამენტის შექმნა ხელს შეუწყობს საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების მცდელობას დაძლიონ ოზოლაცია საერთო სახელმწიფო ცხოვრებიდან, რაც შესაძლებელი იქნება სახელმწიფო ენის უკეთ ცოდნის გზით. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქვემო ქართლის მხარეში სახელმწიფო მინისტრის წარმომადგენლის ზაურ დარგალის თქმით, ორმხრივი დაინტერესება აუცილებლად გამოიღებს შედეგს.

„ერთი მხრივ, სახელმწიფოც არის დაინტერესებული იმაში, რომ მოსახლეობამ ისწავლოს ენა და, მეორე მხრივ, თვითონ მოსახლეობაში - განსაკუთრებით, ახალგაზრდებში - არის დიდი ინტერესი ქართული ენის შესწავლის მიმართ, მაგრამ დასაქმებასთან დაკავშირებით რომ ენა უნდა იცოდნენ პროფესიონალურ დონეზე, ცოტა რბილი მიდგომა, შეღავათები იქნება საჭირო, რადგანაც რეგიონებში, სადაც ეთნიკური უმცირესობები ცხოვრობენ სახელმწიფო ენის ცოდნის პრობლემა კვლავ არსებობს“, უთხრა ზაურ დარგალმა რადიო თავისუფლებას.

მე, მაგალითად, ამ თანხას მივმართავდი სხვა მიმართულებით. 1 მილიონი ლარით 500-მდე ეთნიკურად არაქართველ ახალგაზრდას ჩამოვიყვანდი და ვასწავლიდი უნივერსიტეტში უკვე არსებული პროგრამის ფარგლებში...

და მართლაც, კანონპროექტის მიხედვით, ეროვნული უმცირესობის იმ წარმომადგენლისთვის, რომელსაც აქვს საჯარო სამსახურში შესვლის სურვილი, სახელმწიფო ენის ცოდნის მოთხოვნა მაქსიმალურადაა შემცირებული. კერძოდ, თუ დამთავრებული აქვს საქართველოს ტერიტორიაზე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, არ გაივლის არც შემოწმებას და არც გამოცდას ჩააბარებს. კანონპროექტი, ასევე იძლევა საშუალებას მუნიციპალიტეტებში კომპაქტურად დასახლებული ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებმა შესაბამისი უმცირესობების ენაზე დაამყარონ ურთიერთობები სახელმწიფო და სასამართლო ორგანოებთან და ამავე ენაზე ჩაატარონ ადგილობრივი მნიშვნელობის ოფიციალური ღონისძიებები, თუმცა საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი სერგო რატიანი დარწმუნებულია, რომ ეროვნული უმცირესობების ინტეგრაციას უფრო მეტად წაადგებდა მიზნობრივი პროგრამების დაფინანსების გაზრდა, ვიდრე ბიუროკრატიისა, რომლის შენახვა, კანონპროექტის მიხედვით, წელიწადში 1 მილიონი ლარი დაჯდება:

„მე, მაგალითად, ამ თანხას მივმართავდი სხვა მიმართულებით. 1 მილიონი ლარით 500-მდე ეთნიკურად არაქართველ ახალგაზრდას ჩამოვიყვანდი და ვასწავლიდი უნივერსიტეტში უკვე არსებული პროგრამის ფარგლებში. ამ თანხით ასევე შესაძლებელი იყო ამდენივე მასწავლებლის გადამზადება“.

კანონპროექტის მიღება, მართლაც, გამოიწვევს საბიუჯეტო ხარჯების გაზრდას. 650 ათასი ლარი გათვალისწინებულია სახელმწიფო ენის დეპარტამენტის 50 თანამშრომლის ხელფასებისა და სახელმწიფო პროგამების დაფინანსებისთვის, 200 ათასი ლარი კომუნალური და მიმდინარე ხარჯებისათვის, ხოლო 150 ათასი გათვალისწინებულია ინვენტარისა და სატრანსპორტო საშუალებების შესაძენად. კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი, პროფესორი ავთანდილ არაბული, მიიჩნევს, რომ დასაძლევია, სულ ცოტა, 25-წლიანი ჩამორჩენა.

„80-იანი წლების ბოლოდან, ფაქტობრივად, სახელმწიფო ენის კონტროლი აღარ ხერხდებოდა. არადა, ყველა სახელმწიფოში სახელმწიფო პოლიტიკა ხორციელდება სახელმწიფო ენის ფუნქციონირების ყველა სფეროზე, რაც აღარ არსებობდა საქართველოში. თანაც, მოგეხსენებათ, რომ სახელმწიფომ ორიენტირი შეიცვალა პოლიტიკური თვალსაზრისით, გაჩნდა ახალი პარადიგმა, რამაც ახალი გამოწვევები წარმოშვა ტერმინოლოგიის სფეროში, ენის ფუნქციონირების სფეროში, სწავლების სფეროში და ა.შ. ეს ყველაფერი ახლაა ასაწყობი“, უთხრა ავთანდილ არაბულმა რადიო თავისუფლებას.

სლოვაკეთში, მაგალითად, ჯარიმა 100-დან 5 ათას ევრომდეა. ესტონეთში ენის კანონის დარღვევისათვის სახელმწიფო მმართველობის ორგანოებში 200-დან 2 600 ევრომდე. აუდიო-ვიზუალურ სფეროში 300-დან 3 200 ევრომდე. ჩვენს სახელმწიფო ენის დეპარტამენტს, განსხვავებით იმავე საფრანგეთის და სხვა ქვეყნებისგან, არ ეკისრება საპოლიციო ფუნქცია...

შესაბამისად, ავთანდილ არაბულის თქმით, სახელმწიფო ენის დეპარტამენტს უზარმაზარი სამუშაო ექნება ჩასატარებელი თანამედროვე სალიტერატურო ენის ნორმებისა და ტერმინოლოგიის დასადგენად:

„ტერმინოლოგიის თვალსაზრისით, პირდაპირ კატასტროფაა! არც ერთ დარგში დამტკიცებული თანამედროვე ტერმინოლოგია არ არსებობს და გასაკეთებელია, თუმცა ბევრი რამე გამზადებულიც არის, მაგრამ იმის გამო, რომ ყურადღება არ ექცეოდა და არ იყო დაფინანსებული, ვერ გამოიყენეს. მალე გამოიცემა ეს დადგენილი დარგობრივი ტერმინოლოგიები თუნდაც სამხედრო სფეროში, სადაც ძალიან სერიოზულად მუშაობს ენათმეცნიერების ინსტიტუტი. ასევე სხვა სფეროებშიც. ბეჭდურადაც გამოვცემთ, მაგრამ დღეს უფრო აქტუალურია ელექტრონული რესურსები. შესაბამისად, ეს ტერმინოლოგიები და ნორმები აუცილებლად განთავსდება ინტერნეტში“.

ავთანდილ არაბულის თქმით, სახელმწიფო ენის შესახებ კანონის მიღებისა და დეპარტამენტის შექმნის შემდეგ ასევე ამოქმედდება სახელმწიფო ენის შესწავლის მნიშნელოვანი პროგრამები და დაწესდება კონტროლი გარეწარწერებსა და სარეკლამო ბაზარზე. დეპარტამენტში შეიქმნება ჯგუფი, რომელიც იმუშავებს ენობრივი ნორმების დარღვევების აღმოჩენაზე და მოამზადებს შესაბამის მასალებს, თუმცა, როგორც პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე ივანე კიღურაძე ამბობს, კანონპროექტი არ ითვალისწინებს სანქციებს „სახელმწიფო ენის შესახებ“ კანონის დარღვევისათვის, მათ შორის, არ ითვალისწინებს ფულადი ჯარიმის დაწესებას. ივანე კიღურაძის თქმით,სახელმწიფო ენის დეპარტამენტს ასევე არ გააჩნია სადამსჯელო ფუნქცია მსგავსი, მაგალითად, საფრანგეთის ტერმინოლოგიის გენერალური კომისიისა:

„ჩვენ შეგნებულად ვთქვით უარი ამ გზაზე. სლოვაკეთში, მაგალითად, ჯარიმა 100-დან 5 ათას ევრომდეა. ესტონეთში ენის კანონის დარღვევისათვის სახელმწიფო მმართველობის ორგანოებში 200-დან 2 600 ევრომდე. აუდიო-ვიზუალურ სფეროში 300-დან 3 200 ევრომდე. ჩვენს სახელმწიფო ენის დეპარტამენტს, განსხვავებით იმავე საფრანგეთის და სხვა ქვეყნებისგან, არ ეკისრება საპოლიციო ფუნქცია. ის იქნება ენის ჭირისუფალი, იზრუნებს ენის მოვლა-პატრობაზე და ერთიანი პოლიტიკის გატარებაზე“.

ივანე კიღურაძის თქმით, კანონპროექტის მიხედვით, სახელმწიფო ენის დეპარტამენტმა 2016 წლის 14 აპრილამდე მთავრობას დასამტკიცებლად უნდა წარუდგინოს სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამა და ქართული სალიტერატურო ენის ნორმებისა და ტერმინოლოგიის სტანდარტები. გარდა ამისა, როგორც კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი, ავთანდილ არაბული, ამბობს, დეპარტამენტი იზრუნებს ქართველურ ენა-კილოთა შენარჩუნებასა და შესწავლაზე და ხელს შეუწყობს ქართველოლოგიურ და აფხაზოლოგიურ კვლევებს.

„მეგრული, სვანური და აგრეთვე ქართული ენის დიალექტები ითვლება, რომ ეს არის ეროვნული ენის სიმდიდრე და საგანგებო პროგრამები დამუშავდება იმისათვის, რომ მოვუაროთ და შევინარჩუნოთ ეს ენობრივი ერთეულები. სხვათა შორის, ამას გვავალდებულებს ის ჩარჩო კონვენცია, რომელსაც მიერთებული ვართ. რეგიონალური ან უმცირესობების ენების ევროპული ქარტიაც გვავალდებულებს იმას, რომ გარკვეული მზრუნველობის პოლიტიკა გავატაროთ, რისი დიდი ტრადიციაც გვაქვს. ჩვენ ასევე ვზრუნავთ ჩვენს ტერიტორიაზე არსებულ, ფაქტობრივად, გადაშენების პირას მყოფ, მაგალითად, დაღესტნურ ენებზე“, უთხრა ავთანდილ არაბულმა რადიო თავისუფლებას.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG