Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასწრაფო სამედიცინო დახმარების 4 ექიმი შიმშილობს


სასწრაფო სამედიცინო დახმარების 4-მა ყოფილმა თანამშრომელმა შიმშილობა გამოაცხადა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების 4-მა ყოფილმა თანამშრომელმა შიმშილობა გამოაცხადა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების 4-მა ყოფილმა თანამშრომელმა შიმშილობა გამოაცხადა. მათი მთავარი მოთხოვნაა თანამდებობიდან გათავისუფლდეს სამსახურის ხელმძღვანელი. კახა ჩიხრაძეს მოშიმშილეები კლინიკებთან გარიგებაში ადანაშაულებენ, რაც, მათი თქმით, პაციენტებს აზარალებს. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელი ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს და თანამშრომელთა გათავისუფლების მოტივად მათი მხრიდან დაწესებულებაში არეულობის გამოწვევის სურვილს ასახელებს.

საგანგებო სიტუაციათა გლდანი-ნაძალადევის რაიონული სამსახურის ეზოში ორი კარავია გაშლილი. კარვები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის იმ 4-მა ყოფილმა ექიმმა გაშალა, რომლებიც სამსახურიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ხელმძღვანელმა კახა ჩიხრაძემ გაათავისუფლა. კარვებზე მიკრული თაბახის ფურცლებზე წერია, რომ შიმშილობა მეორე დღეა გრძელდება და რომ კახა ჩიხრაძე თბილისელების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. პროტესტის ამგვარ ფორმას სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა მათი სამსახურიდან დათხოვნის გამო მიმართეს. ბრძანებაში სამსახურიდან დათხოვნის მიზეზები ახსნილი არ ყოფილა, თავად სამსახურიდან გათავისუფლებულები კი მათი დასჯის მიზეზად კახა ჩიხრაძის მისამართით გამოთქმულ კრიტიკას ასახელებენ. როგორც ერთ-ერთი რაიონული განყოფილების მენეჯერი, სასწრაფო დახმარების ყოფილი ექიმი, მოშიმშილე ზურაბ ლატარია ამბობს, ექიმებს მითითება ჰქონდათ, რომ პაციენტები არა პროფილურ კლინიკებში, არამედ ე.წ. ემერჯენსებში მიეყვანათ, სადაც პაციენტებს პირველად დახმარებას აღმოუჩენდნენ და საიდანაც ისინი უკვე პროფილურ კლინიკებში კატასტროფის ბრიგადებს გადაჰყავდათ.

”ჩვენ ვაპროტესტებდით პაციენტთა არასწორ ჰოსპიტალიზაციას, ჩვენს ადმინისტრაციას ვუთითებდით ამაზე, რომ არ შეიძლება პაციენტები მიჰყავდეთ მხოლოდ ემერჯენსებში, ანუ არაპროფილურ საავადმყოფოებში, ანუ კარდიოლოგიური პაციენტი შეიძლება კარდიოლოგიაში არ მიიყვანონ და მიიყვანონ იქ, სადაც ვიღაც გვერდით კვდებოდეს და დაინტუბირებული იყოს, ანუ ეს უკვე დიდი პრობლემაა და ამაზე რომ მივუთითეთ და მივუთითეთ, რომ ექიმებს დასვენების პირობები არა აქვთ, ანუ დასვენების დრო 24 საათის განმავლობაში საერთოდ არ აქვთ ექიმებს, ამის შემდეგ ბატონმა ჩიხრაძემ გადაწყვიტა, რომ სამსახურიდან გავეთავისუფლებინეთ”.
საზღვარგარეთ ნამდვილად არის ემერჯენსები, სადაც მიდის პაციენტი, მაგრამ იქ არ სჭირდება პაციენტს განმეორებით სასწრაფოში გადაჯდომა და წაყვანა, იმიტომ რომ იქ ამ ემერჯენსების უკან არის საკმაოდ დიდი კლინიკები...
ციცი კაშია

ზურაბ ლატარიას მსგავსად, პაციენტთა ემერჯენსებში მიყვანას აპროტესტებდა ექიმი ციცი კაშიაც. მისი სიტყვებით, საქართველოში ე.წ. ემერჯენსებში პაციენტთა მიყვანა არ არის გამართლებული პრაქტიკა:

”საზღვარგარეთ ნამდვილად არის ემერჯენსები, სადაც მიდის პაციენტი, მაგრამ იქ არ სჭირდება პაციენტს განმეორებით სასწრაფოში გადაჯდომა და წაყვანა, იმიტომ რომ იქ ამ ემერჯენსების უკან არის საკმაოდ დიდი კლინიკები, რომელთა განყოფილებებში მიყვანასაც ადგილზე ახერხებენ ექიმები და ჩვენ არ გვაქვს ეგეთი ემერჯენსები, ჩვენი ემერჯენსები არის პირველადი დახმარების დონე და ამიტომ ისჯება ისევ ჩვენი მოსახლეობა, დამიჯერეთ”.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურიდან გათავისუფლებული თანამშრომლების თქმით, პაციენტთა მომსახურების ამგვარი ფორმით, გარდა იმისა, რომ იზრდება ფინანსური დანახარჯები, თავად პაციენტების ჯანმრთელობას ექმნება საფრთხე. ამასთან, მათი სიტყვებით, კონკრეტული მითითება ჰქონდათ, თუ რომელ კლინიკაში უნდა მიეყვანათ პაციენტი, რასაც იმ პრაქტიკით ხსნიან, რომელიც ადრე არსებობდა, როცა კლინიკები სასწრაფოს მიერ მიყვანილ თითო პაციენტზე გარკვეულ თანხას იხდიდნენ.
სასწრაფო სამედიცინი დახმარების სამსახურის ხელმძღვანელი კახა ჩიხრაძე ყველა ბრალდებას უარყოფს. მისი სიტყვებით, კლინიკის არჩევისას ყურადღება მხოლოდ პაციენტის სურვილს და მისი დიაგნოზის შესაბამის მრავალპროფილურ კლინიკას ეთმობა და შესაბამისად ხდება მათი ჰოსპიტალიზაცია:

”ესენი არიან მრავალპროფილიანი კლინიკები, სადაც კარდიოლოგიც არის, ნევროლოგიც, ნევროპათოლოგიც და ა.შ. ყველა სპეციალობის ექიმია, მაგალითად, რესპუბლიკურ საავადმყოფოში, მაგალითად, ინგოროყვას კლინიკაში, თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში და ა.შ. სასწრაფოს და მაგათ პაციენტები მიჰყავდათ პატარ-პატარა კლინიკებში, რომელშიც, ჩავთვალე, რომ აღარ არის საჭირო პაციენტების მიყვანა, იმიტომ რომ ისინი სპეციალიზებულ დახმარებას ვერ უწევენ”.
რაც შეეხება კლინიკებს, იქ შერჩეულია 10 მრავალპროფილური კლინიკა, სადაც მიჰყავთ პაციენტები. იქ გარიგებები, პირიქით, მოსპეს და კონტროლის სამსახური გააკეთეს და სწორედ ეს არ მოეწონათ...
კახა საკანდელიძე

კახა ჩიხრაძისვე სიტყვებით, სამსახურიდან თანამშრომლების დათხოვნა არა მათმა კრიტიკამ, არამედ მათ შესახებ ცოტა ხნის წინ შექმნილი კონტროლის სამსახურიდან მოსულმა და დაგროვილმა ინფორმაციამ განაპირობა.

სამსახურიდან გათავისუფლებული ექიმების პროტესტის ფორმა კატეგორიულად მიუღებელია ჯანდაცვის მინისტრის მოადგილისათვის. როგორც კახა საკანდელიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, გაუგებარია - როცა ექიმებს 70 %-ით გაეზარდათ ხელფასები, როცა მათ საკმაოდ მოსახერხებელი სამუშაო გრაფიკი და პირობები აქვთ, რითი არიან უკმაყოფილო. ამასთან, საკანდელიძე კახა ჩიხრაძის გადაწყვეტილებას პაციენტების მრავალპროფილურ კლინიკებში მიყვანასთან დაკავშირებით სავსებით იზიარებს; ის მიესალმება კონტროლის სამსახურის შექმნასაც, რამაც კლინიკებსა და სასწრაფოს შორის გარკვეული ფულადი შეთანხმებების მექანიზმი გამორიცხა:

”რაც შეეხება კლინიკებს, იქ შერჩეულია 10 მრავალპროფილური კლინიკა, სადაც მიჰყავთ პაციენტები. იქ გარიგებები, პირიქით, მოსპეს და კონტროლის სამსახური გააკეთეს და სწორედ ეს არ მოეწონათ, რამდენადაც მე ვიცი, ამ ექიმებს - რომ იქ კი არ იყოს მიყვანა, სადაც აწყობთ, არამედ იქ, სადაც კვალიფიციურად გამოიკვლევენ ავადმყოფს, დაუსვამენ დიაგნოზს და იქვე არის ის სამკურნალო განყოფილებები, რაც შესაძლოა მას სჭირდებოდეს. ამდენად, მე როგორც ვხვდები, ეს მოთხოვნები საკმაოდ უსაფუძვლოა მათი მხრიდან”.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე კახა საკანდელიძე და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის უფროსი კახა ჩიხრაძე სამსახურიდან გათავისუფლებულ მოშიმშილე ექიმებს მოუწოდებენ, კარვების გაშლის ნაცვლად, საკუთარი პრეტენზიებით სასამართლოს მიმართონ.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG