Accessibility links

რას ცვლის ევროკავშირი საქართველოსთვის


ფედერიკა მოგერინი

ფედერიკა მოგერინი

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არაფერი გადაწყვეტილა და საყოველთაო კონსულტაციების პროცესი ჯერ მხოლოდ დაიწყო, ბევრი ეჭვის თვალით უყურებს ევროკავშირის განზრახვას, გადასინჯოს სამეზობლო პოლიტიკა. 4 მარტს გამოქვეყნებულ „ერთობლივ საკონსულტაციო ფურცელში“ დასმული აქცენტები არაერთ შეკითხვას აჩენს და, მაგალითად, ასეთს: ხომ არ აპირებს ევროკავშირი ამ პოლიტიკის შეწყვეტას და რატომ ცდილობს ურთიერთობების გაღრმავებას რუსეთთან? თუმცა საქართველოში, რომელიც სამეზობლო პოლიტიკის ნაწილია, პროცესს ძირითადად მშვიდად უყურებენ, შიშს არ გამოხატავენ და, მეტიც, ევროკავშირის მიდგომების „დიფერენცირებას“ მომგებიანადაც კი მიიჩნევენ საქართველოსთვის.

საყოველთაო საკონსულტაციო პროცესი გახსნილად 4 მარტს გამოცხადდა, როდესაც საგარეო-პოლიტიკურმა ლიდერმა ფედერიკა მოგერინიმ და ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში იოჰანეს ჰანმა „ერთობლივი საკონსულტაციო ფურცელი“ გამოაქვეყნეს. ოთშაბათს ბრიუსელში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გარკვევით ითქვა, რომ ევროკავშირი პარტნიორებთან უფრო ღრმა და ინტენსიური პარტნიორობისკენ მიისწრაფვის და რომ სწორი საჭიროებების გამოსავლენად უნდა გადაისინჯოს სამომავლო გეგმები, რაც აქამდე ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში იყო დასახული.

2003 წელს შემუშავებული ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკა, რომელიც ბოლოს 2011 წელს გადაიხედა, ამ ეტაპზე 16 ქვეყანას აერთიანებს და მათ შორის არის ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები: საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, უკრაინა, მოლდავეთი და ბელორუსია, რომლებიც აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამის მექანიზმებით ცდილობენ ევროკავშირთან დაახლოებას.

ჯერჯერობით უცნობია კონკრეტულად რა და როგორ შეიცვლება, მაგრამ როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი რიკარდ იოზვიაკი იტყობინება ბრიუსელიდან, ბევრისთვის შეშფოთების საფუძველს ქმნის დოკუმენტში დასმული შეკითხვა, საერთოდ უნდა შენარჩუნდეს თუ არა ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკა.

შეშფოთების საფუძვლად ითვლება ასევე ამ დოკუმენტში გამოკვეთილი აქცენტები, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად მიანიშნებენ ევროკავშირის სურვილზე – გააღრმაოს ურთიერთობები რუსეთთან და ეს, უკრაინაში გამოვლენილი სასტიკი აგრესიის მიუხედავად.

პატივი უნდა სცე საერთაშორისო სამართალსა და საერთაშორისო პრინციპებს, რომ მიიჩნეოდე წამყვან საერთაშორისო და რეგიონალურ მოთამაშედ, რომელიც აღიარებს საერთაშორისო თანაცხოვრების ძირითად პრინციპებსა და ჩვენს საერთო უსაფრთხოების არქიტექტურას...

4 მარტს გამოქვეყნებულ „საკონსულტაციო ფურცელში“ ნათქვამია, რომ ევროკავშირისა და მისი მეზობლების საერთო გამოწვევებთან ადეკვატურად გამკლავება ხშირად შეუძლებელია მეზობელთა მეზობლების სათვალავში მიღებისა და ზოგჯერ მათთან თანამშრომლობის გარეშე. დასმულია შეკითხვები: უნდა შენარჩუნდეს თუ არა ამჟამინდელი გეოგრაფიული საზღვრები? უნდა იყოს თუ არა დასაშვები უფრო მოქნილი გზებით მუშაობა მეზობელთა მეზობლებთან? როგორ უნდა შეუწყოს ხელი ევროკავშირმა თავისი მეზობლების ურთიერთობას მეზობლებთან, სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში? ცხადია, ამ შეკითხვების კონტექსტი ისედაც უკავშირდება რუსეთს, თუმცა აქვეა შეკითხვა, სადაც რუსეთიც არის ნახსენები: „რა უნდა გაკეთდეს უფრო საფუძვლიანი შეთანხმების მისაღწევად ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკასა და ევროკავშირის ურთიერთობებს შორის რუსეთთან და პარტნიორებთან ცენტრალურ აზიაში ან აფრიკაში?“ – ვკითხულობთ ევროკომისიის დოკუმენტში.

რუსეთთან სამომავლო ურთიერთობების კომენტირებისას, ფედერიკა მოგერინიმ აღნიშნა, რომ „ევროპული თანამშრომლობის კარი მუდამ ღიაა“ ყველასთვის და გამონაკლისი არც რუსეთია, თუკი, ცხადია, ის გამოსწორდება:

„პატივი უნდა სცე საერთაშორისო სამართალსა და საერთაშორისო პრინციპებს, რომ მიიჩნეოდე წამყვან საერთაშორისო და რეგიონალურ მოთამაშედ, რომელიც აღიარებს საერთაშორისო თანაცხოვრების ძირითად პრინციპებსა და ჩვენს საერთო უსაფრთხოების არქიტექტურას. ცხადია, ამაზე აღარ არის ლაპარაკი ყირიმის ანექსიის შემდეგ, მაგრამ ჩვენ იმედი გვაქვს, რომ რუსეთი დაუბრუნდება პასუხისმგებლობით აღსავსე ქმედებებს და ეს პროცესი მინსკის შეთანხმების შესრულებით დაიწყება“.

რუსეთის გამოსწორება ცოტას თუ ვინმეს ეიმედება, თუმცა რუსეთის ფაქტორის გათვალისწინებით რაღაც რომ ნამდვილად შეიცვლება ევროკავშირის გეგმებში, ეს ცხადია ექსპერტისთვის საერთაშორისო პოლიტიკის საკითხებში ლევან ბოძაშვილისთვის. ეჭვების გამოთქმისა და პროგნოზების გაკეთებისგან ის თავს იკავებს, თუმცა ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ საქართველოს არ უნდა ჰქონდეს ევროკავშირისგან სარგებლის მიღების გადაჭარბებული მოლოდინი და რომ, ცხადია, ევროპა რუსეთს ომს არასოდეს დაუწყებს:

აღმოსავლეთის პარტნიორობის პოლიტიკა უნდა გახდეს უფრო მოქნილი და უფრო ხელშემწყობი იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც ცდილობენ უფრო სწრაფად დაახლოებას ევროკავშირთან და, მეორე მხრივ, უნდა შეიმუშაონ განსაკუთრებული მიდგომები იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც ნაკლებ მონდომებას ამჟღავნებენ, მაგრამ რომლებსაც უნდათ თანამშრომლობა ევროკავშირთან...

„ევროკავშირს სჭირდება ისეთი მექანიზმი, რომელიც მას საშუალებას მისცემს რუსეთსა და ევრაზიულ კავშირთან ქმედითი, პროგნოზირებადი ურთიერთობა ჩამოაყალიბოს. რუსეთმა თავიდანვე განაცხადა უარი სამეზობლო პოლიტიკაში მონაწილეობაზე და დღეს ევროკავშირი ცდილობს შექმნას რაღაც ფორმატი იმისათვის, რომ რუსეთ-ევროკავშირის ურთიერთობები გასცდეს მხოლოდ რუსეთ-ევროკავშირის სამიტის ფარგლებს, რადგან ეს აღარ არის საკმარისი, ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე... ევროკავშირი ცდილობს რუსეთის ჩართვას, რომ შეამციროს მისგან მომდინარე რისკები. ეს შეიძლება კარგიც იყოს და ცუდიც იყოს“.

ევროკავშირში უკვე ნახევარ წელიწადზე მეტია, რაც მიმდინარეობს იდეების შეგროვების პროცესი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გახადონ უფრო ეფექტიანი აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამა, – უთხრა რადიო თავისუფლებას ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელმა კახა გოგოლაშვილმა. ის თვლის, რომსაქართველოსთვის ცუდი არაფერი ხდება და რომ, პირიქით, ევროკავშირის დიფერენცირებული მიდგომები სასარგებლოც კი იქნება ქვეყნისთვის:

„აღმოსავლეთის პარტნიორობის პოლიტიკა უნდა გახდეს უფრო მოქნილი და უფრო ხელშემწყობი იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც ცდილობენ უფრო სწრაფად დაახლოებას ევროკავშირთან და, მეორე მხრივ, უნდა შეიმუშაონ განსაკუთრებული მიდგომები იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც ნაკლებ მონდომებას ამჟღავნებენ, მაგრამ რომლებსაც უნდათ თანამშრომლობა ევროკავშირთან. აშკარაა ფორმატში ცვლილებების აუცილებლობა და, მეორე მხრივ, აშკარაა ინსტრუმენტების განვითარება ისეთნაირად, რომ უფრო ელასტიკური იყოს ამ მიდგომებში“.

გარდა იმ ქვეყნებისა, რომლებმაც უკვე მოაწერეს ხელი ასოცირების ხელშეკრულებას, არიან სხვა ქვეყნებიც, რომლებსაც ეს ნაბიჯი არ გადაუდგამთ. ამიტომ ჩვენ ნუ დავიყვანთ ყველაფერს, რასაც ევროპაში ამბობენ, რომ ეს ეხება საქართველოს...

4 მარტს გამოქვეყნებულ „საკონსულტაციო ფურცელში“ დასმული შეკითხვები ცხადყოფს, რომ ევროკავშირი ცდილობს მოიფიქროს ურთიერთობის საგანგებო მექანიზმები იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ევროკავშირთან ასოცირებას საბოლოო მიზნად არ მიიჩნევენ და, შესაბამისად, სურთ ევროკავშირში გაწევრიანება. ამ კონტექსტში კახა გოგოლაშვილი მოელის, რომ უკრაინას, მოლდავეთსა და საქართველოს, რომლებიც აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამის ლიდერებად მიიჩნევიან, სამომავლოდ ევროკავშირი სულ უფრო მეტს შესთავაზებს.

მათ, ვინც სამეზობლო პოლიტიკის გადახედვის განზრახვამ შეაშფოთა და გარკვეული ეჭვები გაუჩინა, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ამშვიდებს და შეახსენებს, რომ ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკასთან დაკავშირებით საქართველო „ძალიან მყარად დგას“ ფეხზე, რადგანაც მას ევროკავშირთან იურიდიული დოკუმენტი – ასოცირების შეთანხმება - აკავშირებს:

„გარდა იმ ქვეყნებისა, რომლებმაც უკვე მოაწერეს ხელი ასოცირების ხელშეკრულებას, არიან სხვა ქვეყნებიც, რომლებსაც ეს ნაბიჯი არ გადაუდგამთ. ამიტომ ჩვენ ნუ დავიყვანთ ყველაფერს, რასაც ევროპაში ამბობენ, რომ ეს ეხება საქართველოს და საქართველოზეა საუბარი. ჩვენ უნდა ვიყოთ მყარად, ჩვენ გვაქვს ეს დოკუმენტი, გვაქვს ძალიან კონკრეტული სამოქმედო გეგმა და ამ მიმართულებით უნდა ვიაროთ“.

სამეზობლო პოლიტიკის გადასინჯვისადმი მიძღვნილ საყოველთაო განხილვაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ევროკავშირის წევრი და მისი პარტნიორი ქვეყნების ლიდერები, ასევე სამოქალაქო სექტორის, ბიზნესისა თუ აკადემიური წრეების წარმომადგენლები. წინასწარი ინფორმაციით, კონსულტაციების პროცესი ივნისის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამეზობლო პოლიტიკის გადასინჯვის პროცესში აქტიურად ჩაერთვება საქართველოც. ექსპერტები საქართველოს ხელისუფლებას წინდახედულებისა და საქართველოს ინტერესების მაქსიმალურად დაცვისკენ მოუწოდებენ.

XS
SM
MD
LG