Accessibility links

logo-print

65 ხმით 31-ის წინააღმდეგ პარლამენტმა 28 თებერვლამდე (ნაცვლად აპრილისა) შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელში დატოვა ფარული მიყურადების ე.წ. „გასაღები“. ხანგრძლივი დებატების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომრემ დავით უსუფაშვილმა კოლეგებს ამგვარი გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდა. საქართველოს პრეზიდენტს აქვს 24-საათიანი ვადა გამოიყენოს უფლებამოსილება და დაადოს ვეტო კანონს. ამისკენ მას საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები მოუწოდებდნენ. მანამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, დეპუტატებს მოუწოდა მხარი დაეჭირათ ფარული მიყურადების ე.წ. „გასაღების“ ფლობის საკითხის აპრილამდე გადადებისთვის.

პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, 28 თებერვლამდე შინაგან საქმეთა სამინისტრო იქნება ის უწყება, რომელსაც პირდაპირი წვდომა ექნება კანონიერ ფარულ მოსმენებსა და ელექტრონული კომუნიკაციების კომპანიების ე.წ. ბანკში არსებული მაიდენტიფიცირებელი მონაცემების შენახვასა და კოპირებაზე.

ელექტრონული კომუნიკაციების კანონში ცვლილებები პარლამენტმა 1 აგვისტოს დაამტკიცა, თუმცა გარდამავალ დებულებებში ორი პუნქტის ამოქმედებისთვის ვადა 1 ნოემბრამდე იყო განსაზღვრული. ღიად რჩებოდა ორი საკითხი - ვის ხელში უნდა ყოფილიყო ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიების მიერ განხორციელებულ საკომუნიკაციო ინფორმაციაზე წვდომის ტექნიკური შესაძლებლობა, ანუ ე.წ. გასაღები, და, მეორე, სად, რა ვადით და რა მოცულობით უნდა შენახულიყო კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია.

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ შალვა შავგულიძემ პარლამენტის სხდომაზე ორი მიზეზი დაასახელა, თუ რატომ ვერ ამოქმედდებოდა კანონის ეს გარდამავალი პუნქტები 1 ნოემბრიდან. პირველი - ეს არის თავად კომუნიკაციების კომპანიების მოუმზადებლობა როგორც ტექნიკურად, ასევე ფინანსურად, და მეორე - ევროსაბჭოს ექსპერტთა დასკვნა, რომლის მიხედვითაც, შალვა შავგულიძის სიტყვებით, ექსპერტები საქართველოს ურჩევდნენ არ აჩქარებულიყვნენ, ვინაიდან რეგულაციები ამ თვალსაზრისით თავად ევროკავშირის ქვეყნებშიც იცვლება:

„ამ შემთხვევაში ერთგვაროვანი პოზიციები არ არის. მსხვილ კომპანებს აქვთ საშუალება და ისინი ინახავენ იმ მაიდენტიფიცირებელი მონაცემების დიდ ნაწილს, მაგრამ გარკვეული ნაწილის შენახვისათვის შესაბამისი აღჭურვილობა მათ არ გააჩნიათ და ეს საჭიროებს დამატებით ტექნიკურ აღჭურვას და დამატებით ფინანსურ ხარჯებს. წვრილი კომპანიების დიდი რაოდენობა საერთოდ აცხადებს, რომ მათთვის ამგვარი ინფორმაციის შენახვა შეუძლებელი იქნება და ეს გამოიწვევს მათ გაკოტრებას“.

შალვა შავგულიძის ეს არგუმენტი დამაჯერებლად არ გამოიყურებოდა საპარლამენტო უმცირესობისთვის, რომელიც ისედაც არ აპირებდა საკითხის გადავადებისთვის მხარდაჭერას. როგორც დეპუტატმა პავლე კუბლაშვილმა განაცხადა, საკითხის მოგვარება მარტივი იქნებოდა პოლიტიკური ნების არსებობის პირობებში:

„ნუ დაავალდებულებთ, რომ 2 წლის განმავლობაში კომპანიებმა შეინახონ ყველა ის მონაცემი, რომელიც უკავშირდება ცალკეულ კომუნიკაციებს, და არ ექნებათ ეს პრობლემები პატარა კომპანიებს, არც დიდს, მაგრამ თქვენი მიდგომა ამ საკითხისადმი მაინც სხვაგვარია და ამიტომ გიწევთ ამაზე საუბარი. არანაირი კოლაფსი არ იქნება, ბატონო შალვა, და თქვენ ეს ძალიან კარგად იცით, ისევე როგორც ძალიან კარგად იცით, რომ „ვერ მოვასწარითზე“ არ არის. ძალინ კარგად მოასწრებდით, პოლიტიკური ნება რომ არსებულიყო. საქმეც ამაშია, მეგობრებო, რომ პოლიტიკური ნება არ არსებობს“.

პოლიტიკური ნების არარსებობაზე საპარლამენტო უმცირესობასთან ერთად სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებიც ლაპარაკობდნენ მას შემდეგ, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ სასამართლოსთან სამართალდამცავი უწყებების გართულებული ურთიერთობის გამო ხშირად ისინი ფარული მოსმენის ნებართვას ვერ იღებენ. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ასევე სახელმწიფო უცხოურ კომუნიკაციების კომპანიებს ვერ დაუთმობს ქვეყნისთვის უსაფრთხოების თვალსაზრისით მნიშვნელოვან საკითხს:

„სახელმწიფო ვერ ანდობს ქვეყნის უსაფრთხოებას, საიდუმლოებას და უშიშროებას და ქვეყნის მოქალაქეების უსაფრთხოებას უცხოურ კომპანიებს და, მეორეც, მე ვიცი, რომ საკმაოდ გართულებული აქვთ სამართალდამცავ ორგანოებს სასამართლოსთან ურთიერთობა, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ხშირ შემთხვევაში მათ აქვთ მთელი რიგი წინააღმდეგობები სასამართლოსგან, ვინაიდან ხშირ შემთხვევაში -ძალიან მარტივ და მკაცრად და მყარად დასაბუთებულ შემთხვევებშიც კი - ვერ ახერხებენ ნებართვის მიღებას. აქედან გამომდინარე, ჩემი შეფასებით, ეს გამოიწვევს სრულ კოლაფსს“.

პრემიერ-მინისტრის ამ განცხადების კომენტირებისას, არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ წარმომადგენელმა ვახუშტი მენაბდემ თქვა, რომ, ფაქტობრივად, პრემიერს ენანება ხელიდან გაუშვას ბერკეტი, რომელიც სასამართლოს გვერდის ავლით უკანონო მოსმენის შესაძლებლობას იძლევა:

„ფაქტობრივად, პრემიერმა განაცხადა, რომ სასამართლო მათ არ უკმაყოფილებს მოსმენის მოთხოვნებს. ამიტომ ისინი უკანონოდ უსმენენ კონსტიტუციისა და კანონის გვერდის ავლით და ახლა, თუ ჩვენ ამის საშუალებას ჩამოვართმევთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, აღმოვჩნდებით კოლაფსშიო. ე.ი. პრემიერს წარმოუდგენია, რომ ქვეყნის მართვა მხოლოდ და მხოლოდ ადამიანის უფლებების დარღვევით შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში იქნება კრიზისი“.

პრემიერ-მინისტრის განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილიც გამოეხმაურა და განაცხდა, რომ ეს არ იყო „კონსენსუსის მოძებნის საუკეთესო ნიმუში“ და ყველა მხარეს, მათ შორის სამოქალაქო სექტორსაც, რომელთა წარმომადგენლებმაც პარლამენტს ალტერნატიული ვარიანტიც - ე.წ. „ორი გასაღების“ ვარიანტიც - შესთავაზეს, რადიკალური მოსაზრებებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდა:

„რომ გვიწევს გადავადება, არ უნდა შეგვეშინდეს იმის აღიარების, რომ ეს ჩვენი ბრალია და ის, რომ რაღაც ცუდის გაკეთება გვიწევს, იმიტომ რომ, ჩემი ღრმა რწმენით, თუ ჩვენ ამ 1 ნოემბერს არ გავახანგრძლივებთ, მაშინ იურიდიულად დაგვრჩება ორი რეალობა: ერთი, პარლამენტს არ ექნება მიღებული არანაირი ახალი წესები, როგორ უნდა დარეგულირდეს ეს საქმიანობა, და, მეორე, საგამოძიებო ორგანოებს პირველი ნოემბრიდან აღარ ექნებათ კანონიერი საფუძველი განახორციელონ ეს მოქმედებები. აი, ამ რეალობის წინაშე ვდგავართ ჩვენ“.

დავით უსუფაშვილმა ასევე მიმართა საქართველოს პრეზიდენტს, გადაწყვეტილება მიიღოს მაღალი პასუხისმგებლობით. გიორგი მარგველაშვილს

ამ საკითხის გადავადების მოწინააღმდეგე არასამთავრობო ორგანიზაციები და საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები მოუწოდებდნენ გამოიყენოს ვეტოს უფლება და ძალაში არ შევიდეს გადავადების ნორმა. პრეზიდენტმა 28 ოქტომბერს მიანიშნა, რომ არ გამორიცხავს, საჭიროების შემთხვევაში, ამ უფლებით სარგებლობას. პრეზიდენტს 24 საათის ვადა აქვს გადავადებასთან დაკავშირებით პოზიციის გამოსახატად. იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტმა ვეტოს უფლებით ისარგებლა, პარლამენტს მის დასაძლევად მინიმუმ 76 ხმა დასჭირდება.

XS
SM
MD
LG