Accessibility links

logo-print

21 ივლისს თბილისში, გალერეა „ნექტარში“, გაიხსნა ოთხი ვენელი ხელოვანის გამოფენა, რომელთა ნამუშევრები კონცეპტუალურ ჟანრს მიეკუთვნება და გამოფენისათვის შექმნილი ფოტოები თუ არტობიექტები ექსპერიმენტს წარმოადგენს.

30 კვადრატულ მეტრამდე ნაცრისფერკედლებიან, დიდფანჯრებიან სივრცეში შავ-თეთრი ფოტოები კიდია. ცოტა ადრეა. გალერეის ხისჩარჩოიანი შუშის კარი დაკეტილია. კარი მზეს ირეკლავს, ამიტომ გალერეაში შესახედად შუშას ცხვირი უნდა მიაბჯინო და სახე ხელებში მოიქციო. ასეც ვიქცევი. რამდენიმე მეტრის დაშორებით, ქუჩიდან, შუშის მიღმა ვავლებ ფოტოებს თვალს. ლანდშაფტი - სხვადასხვა ფორმის, სხვადასხვა ჩრდილებით. აი, ის, მგონი, უდაბნო უნდა იყოს. მარჯვნივ რომ კიდია, მყინვარწვერს ჰგავს. მარცხნივ ჩამოკიდებული ფოტო იმ ფოტოებს ჰგავს, ნასა რომ აქვეყნებს ხოლმე, თუნდაც, მაგალითად, მთვარის ზედაპირს. დამთვალიერებლების რიცხვი აღმაშენებლის 16-ში, გალერეა „ნექტარის“ წინ, ნელ-ნელა მატულობს. შვიდიც მალე გახდება. კარი იღება. ახლა საშუალება მაქვს უფრო ახლოდან დავათვალიერო ფოტოები. წინასწარ შეგროვებული ინფორმაციით ვიცი, რომ კონცეპტუალურ ნამუშევრებთან მაქვს საქმე. სწორედ ამიტომაც ვფიქრობ, რომ ეს ლანდშაფტები ბანალურად გადაღებული ლანდშაფტები, თუნდაც ვერტმფრენიდან თუ საჰაერო ბურთიდან გადაღებული ლანდშაფტები არ უნდა იყოს. ფოტოებს უფრო ახლოდან ვაკვირდები. ჯერ საიდუმლო ამოუცნობია. ახალგაზრდა ქალი ტრიალებს ფოტოებთან. ეს კატრინ ბოლტია - ხელოვანი ვენიდან. სწორედ მან გადაიღო ფოტოები. ეს ფიქციაა. ფიქცია-ფოტოები. არც მეტი და არც ნაკლები. ლანდშაფტები, რომელიც მე ზოგი უდაბნო მეგონა და ზოგი მთათა სისტემა თუ რომელიღაცა პლანეტის ზედაპირი, უბრალოდ, პოლიეთილენის პარკების გროვა ყოფილა, იმ სივრცეში გადაღებული, სადაც ახლა ვდგავარ. რაკურსი, განათება, ილუზია. კატრინ ბოლტის ფოტოების შემყურე ხვდები, რომ საკუთარ თვალებს ყოველთვის არ უნდა დაუჯერო, იმიტომ რომ შენი თვალები, ფოტოგრაფთან ერთად, მაგრად გატყუებენ. შენი დანახული უდაბნო, ნარჩენებიდან ამოქექილი პოლიეთილენის პარკი ყოფილა, უდაბნოს მიღმა ჰორიზონტი კი - გალერეის ნაცრისფერი კედელი:

კატრინ ბოლტი

კატრინ ბოლტი

„მე ვცდილობდი შემექმნა ლანდშაფტები ძველი პოლიეთილენის პარკებისგან, რომლებიც ქუჩაში, ნაგავში ვიპოვე. მოვიტანე ეს პარკები, დავალაგე ცარიელ გალერეაში და გადავიღე ისინი სხვადასხვა კუთხიდან, ისეთი განათებით, რომ, საბოლოოდ, ზოგი მთებს დაემსგავსა, ზოგი უდაბნოს. ამგვარი ლანდშაფტების გადაღება ივნისში დავიწყე, ავსტრიაში, ჩემი სახლის ერთ ოთახში. იქ ძალიან პატარა ადგილი მქონდა და ისეთი კარგი ნამუშევრები არ გამომდიოდა. აქ კი, ამ გალერეაში, გაცილებით მეტი ადგილი მქონდა და უკეთესი ლანდშაფტები გამომივიდა. აი, ნახეთ, ეს ერთი პოლიეთილენის პარკია და ისე დავაყენე განათება, რომ შეიძლება უდაბნოს შეადარო ან კიდევ მთვარის ზედაპირს“.

ვენაში მცხოვრები ოთხი ხელოვანის ნამუშევრები გალერეა „ნექტარში“ 21 ივლისს გამოიფინა. არ არის ადვილი აღწერო მათი ნამუშევრები. აი, მაგალითად, რომბებად დაწნული რკინის ბადე, რომელსაც ღობეებად იყენებენ, მის ქვეშ კი ასეთივე რომბებით მოქსოვილი ძველი ფარდაგი. ეს გოგი ოქროპირიძის ასოციაციური არტობიექტია. ის თითქმის 30 წელია ვენაში ცხოვრობს და ძირითადად ლითონზე მუშაობს. ე. წ. ელიავას ბაზრობაზე ნაპოვნი ლითონის სხვადასხვა, ერთი შეხედვით, უკვე გამოუყენებელი კონსტრუქციები მის არტობიექტებში თავის ადგილს, ახალ სიცოცხლესა და ახალ მნიშვნელობას იძენს:

„ეს ჩემი ასოციაციაა ამ მასალასთან, ამ ფორმასთან. ერთმანეთს ჰგავს ამ ორი ნივთის ფორმა. ერთი მხრივ, გადაგდებული ლითონი და, მეორე მხრივ, ძველი ძვირფასი ხალიჩა. ეს ერთგვარი თამაშია“.

ასოციაციური არტობიექტების კეთება გოგიმ წლების წინ დაიწყო. ამის ბიძგად 90-იანი წლების თბილისი იქცა - თბილისი, რომელიც ვენიდან ჩამოსულ გოგის დახვდა. ავსტრიაში დაბრუნების შემდეგ კი შეიქმნა პირველი ასოციაციური ნამუშევარი:

„ძალიან ბევრი ჩამსხვრეული შუშა იყო. სულ მეშინოდა და ისეთი ასოციაცია მქონდა, რომ ქალაქში რომ დადიოდი, შესაძლებელი იყო, რომ დაზიანებულიყავი. მაშინ, მახსოვს, ჩავედი ვენაში, გავაკეთე რკინის ვაგონი და შიგნით ჩავყარე ჩამსხვრეული შუშები“.

გოგი ოქროპირიძე

გოგი ოქროპირიძე

გოგი ოქროპირიძე არ არის მხოლოდ ხელოვანი. ის ცდილობს ევროპას გააცნოს ქართველი ხელოვანები, ქართველ ხელოვანებს კი ევროპაში მიმდინარე უახლესი პროცესების შესახებ მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია მიაწოდოს. სწორედ ამიტომ, მან წლების წინ ვენაში დააფუძნა გაერთიანება "კულტურშმიდე", რომლის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი ევროპაში ქართული კულტურის პროპაგანდაა, 2005 წლიდან კი გოგი ოქროპირიძემ სათავე დაუდო ქართულ-ავსტრიული სიმპოზიუმის გამართვის ტრადიციას, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ საქართველოში იმართება:

„ვპატიჟებთ ხოლმე ავსტრიაში მცხოვრებ ხუთ-ექვს ხელოვანს საქართველოში, აქაც ამდენივე ხელოვანს ვამატებთ და ქალაქგარეთ ვმართავთ სიმპოზიუმებს. ორჯერ გარიყულაში ვიყავით, რაჭაში ვიყავით. სიმპოზიუმის ფარგლებში, ორი კვირის მანძილზე ვმუშაობთ, იქ ვქმნით ნამუშევრებს და შემდეგ ვაწყობთ გამოფენებს თბილისში“.

კიდევ ორი ხელოვანის ნამუშევრები, რომლებიც გალერეა „ნექტარში“ გამოიფინა, ყოველდღიური ნივთებისა თუ ნარჩენების სინთეზია. ავსტრიელი ცოლ-ქმარი ერთი სახელის, PRINZpod-ის ქვეშ 1984 წელს გაერთიანდა. ენთუზიაზმით მათვალიერებინებენ არტობიექტებს, რომლებიც საფოსტო კონვერტებისა თუ უბრალო ქაღალდების სინთეზს წარმოადგენს. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ ე. წ. ადამიანის მზომავს - ხის ჯოხს, რომელსაც ქართული ასოებით აწერია „ადამიანი“:

„ალბათ, თქვენთვის ძალიან საინტერესო იქნება ეს. ეს არის ადამიანის ახალი საზომი, სახელწოდებით „ადამიანი“. ჩვენ აღარ ვიყენებთ ადამიანის სიმაღლის საზომად ჩვეულებრივ სანტიმეტრს. ახლა ჩვენ „ადამიანს“ ვიყენებთ“.

გურამ წიბახაშვილი

გურამ წიბახაშვილი

დამთვალიერებლებს შორისაა ფოტოგრაფი გურამ წიბახაშვილი. მისთვის, როგორც ხელოვანისთვის, ყოველთვის საინტერესოა ის გამოფენები, რომლებიც ხელოვნებისადმი დასავლურ მიდგომაზე მეტყველებს და რომელიც, მისი თქმით, საქართველოში ამ ეტაპზე ძნელად მოიპოვება. გურამი იმ ხელოვანებზე საუბრობს, რომელთაც დიდი ხანია იცნობს და რომელთა შემოქმედება ყოველთვის ახალ აღმოჩენებს სთავაზობს:

„კატერინას ნამუშევრები ჩემთვის ძალიან საინტერესოა. ეს არის კონცეპტუალური ფოტოები, ანუ როგორ შეიძლება ერთი რაღაცისგან მეორე გამოიყვანო. რაც შეეხება გოგის ნამუშევრებს, გოგი „მჭედელია“ და ეს სინთეზი ტრადიციული ხალხური ობიექტებისა და თანამედროვე ლითონის სინთეზი, ძალიან საინტერესოა. ვფიქრობ, რომ ქართველი ხელოვანებისთვის ნამდვილად კარგი უნდა იყოს ამ გამოფენის დათვალიერება, რადგან აქ კარგად ჩანს ექსპოზიციის კეთების კულტურა, მინიმალისტური ობიექტების კეთების კულტურა“.

დაბოლოს, გამოფენა, რომელსაც არ აქვს სახელწოდება, თითოეულ დამთვალიერებელს აძლევს საშუალებას თავად გადაწყვიტოს რა უწოდოს მას - ასოციაციები, რომელსაც სხვადასხვა სივრცეში გადავყავართ თუ, უბრალოდ, არტობიექტები, სადაც ცოტა ტრადიცია შეიძლება დაინახო, ცოტაც იუმორი და ძალიან ბევრი ექსპერიმენტი.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG