Accessibility links

გორში გენდერის მედიაცენტრი გაიხსნა. პირველ შეხვედრას გორის საკრებულოს, მერიის, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოში გენდერის მედიაცენტრების გახსნის ინიციატორია „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის“. ცენტრის გახსნის მიზანია არჩევნებში ჩართულ მხარეებს - მათ შორის, ამომრჩევლებს - მიეწოდოთ ცნობებიგენდერული თანასწორობისა და ქალთა პოლიტიკური გაძლიერების მექანიზმებისა და მნიშვნელობის შესახებ.

გენდერის მედიაცენტრში მოსახლეობას, მედიას, არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ პარტიებს შეეძლებათ მიიღონ ინფორმაცია გენდერული თანასწორობის, ქალთა უფლებების, გენდერისა და არჩევნების, კონკრეტული კანდიდატი ქალების საარჩევნო პროგრამებისა და აქტივობების, მედიაში გენდერული თანასწორობისა და ქალთა საკითხების გაშუქების სტანდარტების დაწესების თაობაზე. გორის გენდერის მედიაცენტრის კოორდინატორი ნათია ომაძე აცხადებს, რომ მედიაცენტრი ყველა დაინტერესებულ პირს გენდერის საკითხებზე საჯარო დისკუსიების გამართვის საშუალებას მისცემს.

ცენტრი დახმარებას გაუწევს ასევესაკრებულოს წევრ ქალებსა და ლიდერ ქალებს, გენდერულად მგრძნობიარე პარტიებსა და გენდერულ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს სხვადასხვა ტიპის შეხვედრების ორგანიზებასა და მედიასთან ურთიერთობაში. გორის საკრებულოს წევრი თამარ თედლიაშვილი ამბობს, რომ მედიაცენტრი პოლიტიკაში ჩართული ქალების ინფორმირებისთვის მნიშვნელოვანი მექანიზმია.

ცენტრის ორგანიზებითა და ინიციატივით გაიმართება სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები, რომლებიც მიმართული იქნება გენდერული თანასწორობის გაძლიერებისა და არჩევნებში ჩართული მხარეების კომუნიკაციის გაუმჯობესებაზე. იმუშავებს მედიაცენტრის ცხელი ხაზი, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერ პირს შეეძლება მიაწოდოს ინფორმაცია გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის ან გენდერული ძალადობის ფაქტების შესახებ. „ქართული მედიაჯგუფის“ წარმომადგენელს, ოთარ კვირიკაშვილს, მიაჩნია, რომ სხვადასხვა აქტივობებში რაც შეიძლება მეტი ქალი უნდა ჩაერთოს, რათა საზოგადოებრივი და პოლიტიკური გარემო გენდერულად მეტად დაბალანსებული გახდეს.

გენდერის მედიაცენტრები საქართველოს 8 ქალაქში გაიხსნა პროექტის „ერთად გენდერული თანასწორობისათვის“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის“, „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის“ მხარდაჭერით.

XS
SM
MD
LG