Accessibility links

logo-print
დღევანდელი პრესა საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებულ საკითხებზე შეუთანხმებლობის შესახებ წერს. „რეზონანსი“ – „ოპოზიცია ხელისუფლებას პირობის შესრულებას სთხოვს“. სტატიაში ვკითხულობთ: „ის, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო საკითხებზე შეთანხმება ვერასდროს ვერ ხერხდებოდა, ახალი ამბავი არ არის, თუმცა განსხვავება ის არის, რომ დღეს ხელისუფლებაში ძირითადად ისინი არიან, ვინც თავის დროზე სააკაშვილის ხელისუფლებას ამას საყვედურობდნენ. შეგახსენებთ იგივე საპარლამენტო არჩევნების წინ მიმდინარე მოლაპარაკებებს, როდესაც მაშინდელმა ხელისუფლებამ „რვიანის“ ერთობის დაშლა რამდენიმე პარტიის გადაბირებით შეძლო. ამჯერად საუბარია იმ საკითხებზე, რაზეც ინტერფრაქციული ჯგუფი უკვე რამდენიმე თვეა მუშაობს“.

„რეზონანსშივე“ ქვეყნდება ინტერვიუ უმრავლესობის წევრ ზვიად ძიძიგურთან. მას ჟურნალისტი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე ეკითხება. ზვიად ძიძიგურის პასუხი: „ჩვენ მიგვაჩნია, რომ ყველა არჩევნები კონსტიტუციის შესაბამისად უნდა ტარდებოდეს. რაც შეეხება იმ არგუმენტაციას, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ დღეს გაცილებით ნაკლები რეიტინგი აქვს, ვიდრე არჩევნების წინა პერიოდში, ამ მოსაზრებას ვეთანხმები, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ ყველა არჩევნების შემდეგ პოლიტიკურ ძალებს უფრო ნაკლები რეიტინგი აქვთ, ვიდრე არჩევნების წინა პერიოდში“.

„24 საათი“ წერს: „გუშინ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების პროექტი განიხილეს. კანონპროექტის თანახმად, 2013 წლის პირველი სექტემბრის ნაცვლად, 2014 წლის 1 დეკემბერს ამოქმედდება ნორმა, რომელიც მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის შემოღებას ითვალისწინებს. აღნიშნული ნორმით, მოწმის დაკითხვა მხოლოდ პირდაპირ სასამართლო პროცესზე იქნება შესაძლებელი“.

„ალიას“ პირველ გვერდზე სათაურია: „პროექტი „მიშა უნდა გაქრეს“, არსებობს“. სტატიის ავტორი წერს: „სააკაშვილი თავისი პატრონების ერთგული ვერ დარჩა და პრეზიდენტობის ბოლო თვეებში ყოველდღიური ჩაშვების რეჟიმში გადავიდა. მან გასცა ამერიკელებთან ომისდროინდელი საიდუმლო საუბრები, რაც ასე ძალიან არ მოსწონთ დასავლეთში. დღეს უკვე ღიად ალაპარაკდა, როგორ ზედამხედველობდა „ეფბიაი“ მიტინგების დარბევებს. კერძოდ, სააკაშვილმა დამანგრეველი დარტყმა თავის ამერიკელ პატრონებს 21 ივლისს მიაყენა“. „ალიას“ ავტორი აგრეთვე წერს: „სხვების სიცოცხლეზე მოთამაშე სააკაშვილი ახლა უკვე საკუთარი სიცოცხლით „რულეტკას“ თამაშობს, ბარაბანში ერთი საბედისწერო ტყვიაა. პროექტი „მიშა უნდა გაქრეს“ არსებობს - ასეთია კულუარული ინფორმაციები“.

„საქართველოს რესპუბლიკა“ 2009 წლის მაისში მოკლული გია კრიალაშვილის დასთან, ლია კრიალაშვილთან ინტერვიუს აქვეყნებს. ის ოთხი წლის წინანდელი ამბის დეტალებს იხსენებს და ინტერვიუში ამბობს: „ვიცი, ჩემი ძმის უშუალო მკვლელი, ვინც შემთხვევით გამოჰკრა იარაღს ხელი და ესროლა, მართალია, მიშას ბრძანებით, მაგრამ ხომ ესროლა? ის დღეს თანამდებობაზეა... რატომ უნდა დაენიშნათ, არ დავმალავ და ხადურის უწყებაში? ვიცი, ვინც არის, გინდ ერთი და გინდ მეორე - გორის სპეცნაზის მეთაური. ამის დამადასტურებელი ფარული ჩანაწერი არსებობს“.

„ახალი თაობის“ პირველ გვერდზე: „შალვა ნათელაშვილის მეუღლეს მოკვლით ემუქრებოდნენ“. „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის ბინის ძარცვის მცდელობის შესახებ ინფორმაციას ნათელაშვილის მეუღლე ბელა ალანია ავრცელებს. ცნობის თანახმად, ორიოდე დღის წინ ალანიას ბინის კარი ღია დარჩენია. ბინაში 60 წლამდე ასაკის კაცი შესულა, რომელიც პოლიციაში დარეკვის შემთხვევაში ბელა ალანიას მოკვლით დამუქრებია. „ახალი თაობა“ წერს: „ალანიას თქმით, მან დაცვასთან დაკავშირება მოასწრო, რომელმაც მძარცველი სადარბაზოში დააკავა“.
XS
SM
MD
LG