Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 2013 წლის 28 აგვისტო


დღევანდელი პრესა ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში მინარეთის მოხსნის ფაქტსა და მის თანმდევ პროცესებს ეხმაურება. „რეზონანსში“ ქვეყნდება სტატია ამ თემაზე. სამცხე-ჯავახეთის მუსლიმთა სულიერ ლიდერს მამუკა ვაშაყმაძეს გაზეთისთვის უთქვამს: „იმხელა მეჩეთი დგას და იმის ნებართვა არ არსებობს. ჩვენ რა ვიცოდით, თუ ამას ნებართვა უნდოდა. მაგრამ, კი ბატონო, ვაღიარებთ, რომ მისი დადგმა უკანონოდ მოხდა, მაგრამ ხომ შეიძლებოდა ეს დემონტაჟი სასამართლოს გადაწყვეტილებით მომხდარიყო?! ასე რომ ყოფილიყო, ხმას არ ამოვიღებდით. სასამართლო კი არა, სპეცრაზმი შემოუშვეს ამის დასაშლელად“.

ამავე თემაზე „რეზონანსში“ ფილოსოფოს ზაზა ფირალიშვილთან ინტერვიუ ქვეყნდება: „როგორც ჩანს, ვიღაცას მართლა წარმოუდგენია, რომ საქართველო შეიძლება იყოს სტერილურად მონოეთნიკური და მონორელიგიური სახელმწიფო. ამას კიდევ არა უშავს. როდესაც ამ სახელმწიფოებრივ იდეალს ძალადობით ახორციელებენ, მაშინ უკვე ნება მიბოძეთ ეჭვი შევიტანო მოძალადეთა კეთილ ზრახვაში“.

ზაზა ფირალიშვილის მსგავსად, მამუკა არეშიძეც ფიქრობს, რომ რელიგიურ საკითხებზე მომუშავე სტრუქტურა უნდა შეიქმნას. არეშიძესთან ინტერვიუ „ალიაში“ ქვეყნდება: „ის, რაც მოხდა სამთაწყაროში, გურიაში, პანკისსა და ადიგენში, ეს ყველაფერი ერთი მოქმედების ჯაჭვია. მე მაქვს ეჭვი, რომ ეს ყველაფერი მოდის უშიშროების საბჭოდან. ვხედავ, რომ უშიშროების საბჭოსთან დაახლოებული პირები ჩნდებიან აქა-იქ ექსცესების დროს, იგივე სამთაწყაროში და დღეს უკვე ადიგენში“. მამუკა არეშიძე „ალიასთვის“ მიცემულ ინტერვიუში მინარეთის განბაჟებისას შეცდომის ხელოვნურად დაშვებაზეც ლაპარაკობს, თუმცა სახელმწიფო უწყების მოქმედება დაუშვებლად მიაჩნია.

„ყველა სიახლეს“ რესპუბლიკელი დავით ზურაბიშვილი ეუბნება: „რაოდენ უკანონოც უნდა ყოფილიყო მშენებლობა, საჭირო იყო დიდი სიფრთხილის გამოჩენა. როდესაც საქმე რელიგიურ კულტსა და გრძნობებს ეხება, ამ დროს ძალიან ფრთხილი მოქმედებაა საჭირო“. დავით ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ პრობლემა ჩინოსანთა მხრიდან ზედაპირულ მიდგომაშია და არა რაიმე შეთქმულებაში.

„ყველა სიახლე“ რამდენიმე დღის წინ შსს-ს მიერ თბილისში გატარებული ღონისძიებების თემას უბრუნდება და საქართველოში იარაღით უკანონო ვაჭრობის შესახებ წერს: „როგორც ჩანს, ამ პრევენციული ღონისძიებების ძირითადი სამიზნე უკანონო იარაღი იყო. არადა, ბოლო წლების განმავლობაში იქმნებოდა შთაბეჭდილება, თითქოს უკანონო იარაღის ყიდვა-გაყიდვის პრობლემა მოგვარებული იყო და „სიკვდილით მოვაჭრეებიც“ „მოყუჩებული“ იყვნენ. თუმცა, როგორც ჩვენი ინკოგნიტო რესპონდენტი (ერთ-ერთი სპეცსამსახურის ყოფილი თანამშრომელი) გვეუბნება, მთლად ასეც არ არის საქმე“. - იქვე „ყველა სიახლე“ ინკოგნიტო რესპონდენტის ნათქვამს ბეჭდავს:“ციხეები გადავსებული იყო და ფაქტობრივად კლიენტი არ ჰყავდათ. იარაღის შავი ბაზრის კლიენტები ძირითადად კრიმინალური წარსულის მქონე პირები იყვნენ. ამნისტიის შემდეგ კი კლიენტები გაჩნდნენ და ბაზარიც გამოცოცხლდა. სხვათა შორის, ბოლოდროინდელი მკვლელობები შავ ბაზარზე შეძენილი იარაღით მოხდა“.

„ვერსიაში“ წაიკითხავთ ინტერვიუს სალომე ზურაბიშვილთან, რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირებას რამდენიმე დღეში გეგმავს. „განაცხადს რამდენიმე დღეში შევიტან და მაშინ გავიგებთ რა ხდება ქვეყანაში - რამდენად თავისუფალი არჩევნების ჩატარებას გეგმავს ხელისუფლება!“, - ეუბნება „ვერსიას“ სალომე ზურაბიშვილი. ის თვლის, რომ, თუ არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მიეცემა, „ქვეყანაში დემოკრატიის არსებობაზე საუბარი აბსურდი გახდება. საქართველოს პრემიერ-მინისტრი საფრანგეთის მოქალაქე იყოს და მე, პოლიტიკური ემიგრაციის შთამომავალს, რომლის სამართალმემკვიდრეც დღევანდელი ქართული სახელმწიფოა, ორმაგი მოქალაქეობის მქონეს, საპრეზიდენტო კანდიდატობაც კი არ შემეძლოს, არა მგონია, ეს ვინმეს ნორმალურად ეჩვენებოდეს“.

„ახალი თაობა“ აქვეყნებს ინტერვიუს იური ვაზაგაშვილთან, რომელიც თავმჯდომარეა ორგანიზაციისა „გადაარჩინე სიცოცხლე“. ის იმედგაცრუებას გამოხატავს გახმაურებულ მკვლელობათა საქმეების გამოძიებისა და იმის გამო, რომ პროკურატურაში, მისივე თქმით, „80% ძველი კადრებია, ვინც ამათ დანაშაულს ათეთრებდა, და თავიანთ თავს ხომ არ დაიჭერენო“, კითხულობს იური ვაზაგაშვილი და ამბობს, რომ 29 სექტემბერს დანიშნულ აქციაზე არც ვადამდელ არჩევნებს მოითხოვენ და არც ხელისუფლების გადადგომას: „ჩვენი მოთხოვნაა სამართლიანობის აღდგენა... ჩვენ ვითხოვთ მთავრობასთან და პარლამენტთან საჯარო შეხვედრას 29 სექტემბერს რუსთაველის გამზირზე და მათ პასუხი უნდა გასცენ საზოგადოებას ქვეყნის წინაშე დაგროვილ უმძიმეს შეკითხვებზე“.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG