Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 2013 წლის 24 დეკემბერი


დღევანდელ პრესაში გაეცნობით მოსაზრებებს მთავარი პროკურორის მიმართ ბრალდებებზე. პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე „ალიას“ უცხადებს: „მიუხედავად იმისა, რომ ვანოს თემა თითქმის სკანდალად აქციეს „ნაციონალებმა“, ეს არის ისეთი ტყუილი, რომლისაც ჩვენთან არავის სჯერა და, რა თქმა უნდა, არც მე მჯერა“. მანანა კობახიძე აგრეთვე აცხადებს: „ეს გახლავთ მახე, რომლის დაგებასაც მერაბიშვილი კარგა ხანია გეგმავდა მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის წინააღმდეგ. მას სჭირდებოდა რაღაც ხაფანგი, რომლის საშუალებითაც მთავარ პროკურორს ჩამოაცილებდა საქმეს“.

ამავე თემაზე „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძეც ლაპარაკობს „რეზონანსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში: „მე მისი ერთი სიტყვის არ მჯერა, მაგრამ ხელისუფლების უუნარობა მიჩენს ეჭვს, რომ მერაბიშვილი სიმართლეს ამბობს, ან საქმე გვაქვს „ნაცმოძრაობასთან“ გარიგებასთან, რათა გაათეთრონ „ნაციონალები“ და ვანო მერაბიშვილიც კი გამოუშვან ციხიდან, ან იმდენად გონებაშეზღუდულები არიან, ვინც ეს გააკეთა, რომ მათი თანამდებობაზე ყოფნის მიზანშეწონილობის საკითხი უნდა დადგეს“. ნინო ბურჯანაძე ინტერვიუში მომავალ არჩევნებზეც ლაპარაკობს: „მინდა გავაფრთხილო ხელისუფლება, რომ, თუ იგივე მანიპულირებით ჩაატარებს თვითმმართველობის არჩევნებს, როგორც ეს საპრეზიდენტო არჩევნების დროს გააკეთა, ძალიან რეალური პრობლემის წინაშე დავდგებით ყველანი... ვითარება ძალიან გამწვავდება“.

„რატომ უსჯიან აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობას იმ ადამიანებს, რომლებმაც ტელეფონი მოიპარეს და იმ ადამიანებს, რომლებსაც 45 მილიონი აქვთ მოპარული ბიუჯეტიდან, არ უსჯიან? სად არის ლოგიკა? ეს რანაირი სამართალია?“, - კითხულობს გოგა ხაინდრავა, რომელთან ინტერვიუც „ახალ თაობაში“ ქვეყნდება. რესპონდენტი სხვა არაერთ კითხვასაც სვამს: „საიდან აქვთ პარიზში, ნიუ-იორკში, ჟენევაში ბინები? საიდან ასეთი ფუფუნება? საიდან გახდნენ ასე უცებ ყველანი მდიდრები? ყველა, ვინც სააკაშვილის მთავრობაში გაიარა, ბოლოს მილიონერი აღმოჩნდა. მეც ვიყავი მთავრობაში, ორჯერ ვიყავი სახელმწიფო მინისტრი, მაგრამ ბიზნესმენი ვერ გავხდი“.
უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე „ახალ თაობას“ პატიმრების შიმშილობის შესახებ ელაპარაკება: „როგორც არ უნდა იძახონ, რომ 22 კაცი შიმშილობს თუ ასი კაცი შიმშილობს, ფაქტია, რომ მთელ პენიტენციარულ სისტემაში, აბსოლუტურად ყველა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დღეს არის შიმშილობა და ათასობით ადამიანი შიმშილობს და არა ათობით და ასობით ადამიანი“.

„საქართველოს რესპუბლიკაში“ სტატიაა, სათაურით „მთავარი ფინანსისტის ოპტიმიზმი... როცა ქვეყანას სიღარიბე ჭამს“. ავტორი წერს: „ფინანსთა მინისტრი არც ამ წლის ბიუჯეტში ხედავს საგანგაშო სიგნალებს. ამიტომაც იყო, რომ „ჰოლიდეი ინში“ ქვეყნის მთავარი ფინანსისტი საკმაოდ თავდაჯერებულად და ოპტიმისტურად გამოიყურებოდა, როდესაც მან საზოგადოებას ერთი წლის მუშაობის შედეგები წარუდგინა. პრეზენტაციის ბოლოს მქუხარე ტაშიც დაიმსახურა და სახეზე ბედნიერი ღიმილი კარგა ხანს არ გაქრობია. თუმცა მოსახლეობის დიდი ნაწილი ასეთივე განწყობით ხვდება თუ არა ახალ წელს, გამოსცადა თუ არა საკუთარ თავზე რეალური სიკეთეები, ამაზე პასუხი ერთმნიშვნელოვანია - ჯერჯერობით არა!!!“.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG