Accessibility links

logo-print

გერმანიაში დაიწყო ნეონაცისტების სასამართლო პროცესი


ბეატე ცშეპე

ბეატე ცშეპე

გერმანიაში დაიწყო სასამართლო პროცესი, სადაც ასამართლებენ ნეონაცისტთა ჯგუფის წევრობაში ბრალდებულ ქალს. ამ ჯგუფს სიძულვილით მოტივირებული რამდენიმე მკვლელობის ჩადენა ბრალდება.

განსასჯელი - 38 წლის ბეატე ცშეპე - სასამართლო დარბაზში შესვლისას შავი ფერის სამოსში იყო გამოწყობილი და მშვიდი გამომეტყველება ჰქონდა. მიუნხენის სასამართლოში ის პოლიციელებით გარშემორტყმული მიიყვანეს. შენობის წინ რასიზმთან მებრძოლი ჯგუფები მართავდნენ აქციას.
სასამართლო დარბაზში შესვლისა და პროცესზე დასწრების მიზნით მოქალაქეები გამთენიისას ჩადგნენ რიგში. სანამ დარბაზში შეუშვებდნენ, ისინი ზედმიწევნით მკაცრად გაჩხრიკეს - თმებიც კი შეუმოწმეს.
სასამართლო სხდომის წინ არსებული სიტუაცია მიუნხენის პოლიციის პრესმდივანმა ვოლფგანგ ვენგერმა ასე აღწერა:

„აქ 500-მდე პოლიციელი ვიმყოფებით, სხვადასხვა მიზნით - ვიცავთ შენობას, დარბაზში შესვლაში ვეხმარებით სასამართლოს მუშაკებს, საკუთრივ სასამართლოს დარბაზში ვიცავთ უსაფრთხოებას და, რასაკვირველია, უზრუნველვყოფთ ბრალდებულის ტრანსპორტირებას და მასზე დაკვირვებას. გაიმართება ექვსი დემონსტრაცია, სხვადასხვა სიდიდის - ორი მონაწილიდან 500-მდე. ამდენად, საქმე ბევრი გვაქვს, თუმცა პრობლემებს არ მოველით“.

ცშეპეს ბრალად ედება მონაწილეობა 2000-დან 2007 წლამდე ჩადენილ მკვლელობებში, რომლებსაც ემსხვერპლა რვა თურქი, ერთი ბერძენი, და ერთი გერმანელი პოლიციელი ქალი.

ამასთან, მას წაყენებული აქვს ბრალდება, სულ მცირე, ორი აფეთქების მოწყობაში, 15 ბანკის გაძარცვასა და ტერორისტული ორგანიზაციის - ულტრამემარჯვენე ნაციონალ-სოციალისტური იატაკქვეშეთის - წევრობაში.

სასამართლოს წინაშე კიდევ ოთხი პირია - მათ ამ ექსტრემისტული ორგანიზაციისთვის დახმარების გაწევა აქვთ ბრალად წაყენებული.
ამ საქმეს დიდი სკანდალი მოჰყვა გერმანიის საზოგადოებაში, რომელიც კვლავაც ცდილობს უმძიმესი ნაცისტური წარსულის გააზრებას.
ბევრი კრიტიკოსი ამბობს, რომ ამჟამინდელმა მთავრობამ სათანადო რეაგირება არ მოახდინა ულტრამემარჯვენე ჯგუფების გაძლიერებაზე ქვეყანაში, რომელშიც ბევრი იმიგრანტი სახლობს.

გერმანიის პარლამენტში მიმდინარეობს დამოუკიდებელი საგამოძიებო პროცესი, რომელიც მიზნად ისახავს დაადგინოს, მართალია თუ არა ის, რომ პოლიციამ და სადაზვერვო სტრუქტურებმა ვერ შეძლეს ამ მკვლელობების დროულად დაკავშირება ულტრამემარჯვენე ჯგუფებთან და ამის ნაცვლად ზოგიერთ შემთხვევაში მსხვერპლთა ნათესავები აქციეს ეჭვმიტანილებად.
სასამართლო პროცესი მსხვერპლთა ოჯახის წევრებს ცშეპეს პირისპირ აღმოჩენის პირველ შესაძლებლობას აძლევს, თუმცა ბრალდებული თავისი მოტივების შესახებ თითქმის არაფერს ამბობს.

გავრცელებული ცნობებით, ცშეპეს კონტაქტი ჰქონდა დამყარებული ანდერს ბერინგ ბრეივიკთან - იმიგრანტთა მოწინააღმდეგე ნორვეგიელ ექსტრემისტთან, რომელმაც 2011 წელს 77 ადამიანი მოკლა.

ბრეივიკმა ცშეპეს შარშან მისწერა წერილი - „ძვირფასო დაოო“, ასე მიმართა და მოუწოდა სასამართლო პროცესი თავისი ულტრამემარჯვენე იდეოლოგიის გავრცელების პლატფორმად გამოიყენოს.

როგორც ვარაუდობენ, პროცესი დაახლოებით ერთი წელი გაგრძელდება. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ცშეპეს სამუდამო პატიმრობა ელის.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG