Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გურამ რჩეულიშვილის ალტერნატიული პროზა


„ქართული ალტერნატიული პროზა“ - „ქარჩხაძის გამომცემლობამ“ წიგნების ახალი სერიის გამოცემა დაიწყო. სერიის პირველი ტომი, გურამ რჩეულიშვილის პროზა, წიგნის სახლ „ლიგამუსში“ 24 მარტს წარადგინეს.

გამომცემლობას დაგეგმილი აქვს ასევე სოსო პაიჭაძის, ნაირა გელაშვილის, ჯემალ ქარჩხაძისა და იმ სხვა მწერლების წიგნების გამოცემა, რომელთა ნაწარმოებებიც ალტერნატიული პროზის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს.

„თუ ვინმეა ალტერნატიული, დამწყები ამ ალტერნატიულობის, არის გურამ რჩეულიშვილი. ვის მიმართ იყო ალტერნატიული? ოფიციალური ქართული ლიტერატურის მიმართ. საბჭოურობისგან ლიტერატურის გათავისუფლება გურამ რჩეულიშვილმა ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო ძალიან ენერგიულად, მკვეთრად და თამამად. თავისუფლების ისეთი ხარისხი შემოიტანა, რომ სხვა მწერლებიც შემდეგ ამ ხარისხით იზომებოდნენ. ყოველ შემთხვევაში, სიყალბე ძალიან მიუღებელი გახადა“.

თამაზ ვასაძე
თამაზ ვასაძე

ასე აფასებს ლიტერატურათმცოდნე თამაზ ვასაძე გურამ რჩეულიშვილს და მის საუკეთესო ნაწარმოებებს ჩამოთვლის: „სიკვდილი მთებში“, „მუნჯი ახმედი და სიცოცხლე“, „ირინა“, „ნათელა“. თამაზ ვასაძე ამბობს, რომ რჩეულიშვილმა თავის ნაწერებში აქცენტი პიროვნებაზე გადაიტანა, როცა მანამდე წინა პლანზე უფრო სოციუმი გამოჰქონდათ ხოლმე.

გურამ რჩეულიშვილი 1934 წლის 4 ივლისს დაიბადა თბილისში, თუმცა ბავშვობა თელავში გაატარა. მამა, აკადემიკოსი მიხეილ რჩეულიშვილი, ხშირად დადიოდა სამეცნიერო ექსპედიციებში და ბავშვიც თან დაჰყავდა. 7-8 წლის გურამი უკვე ცხენზე იჯდა და დოღებშიც მონაწილეობდა. ეს ადრეული გატაცება ცხოვრების ბოლომდე გაჰყვა. ცხენს გულგრილად გვერდით ვერასდროს ჩაუვლიდა. ერთხელ ქუჩაში დაბმული სხვისი ცხენიც კი ახსნა, აჭენა და ისევ უკან მოიყვანა.

მოგვიანებით ოჯახი თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად. გურამი მე-19 საშუალო სკოლაში შეიყვანეს. მისი დამთავრების შემდეგ აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე ჩააბარა, სადაც სხვა ბევრ რამესთან ერთად ლურსმნულ დამწერლობასაც კი სწავლობდა, აინტერესებდა. ერთდროულად ძალიან ბევრი რამ აინტერესებდა და ძალიან ბევრს ასწრებდა. ასეთივე ძლიერ გატაცებად ექცა შემდეგ ზღვა, ცურვა, ალპინიზმი.

გურამ რჩეულიშვილს თითქმის ნახევარი თბილისი იცნობდა, მაგრამ ასეც რომ არ ყოფილიყო, მის შესახებ მისივე მოთხრობებიც ძალიან ბევრს ამბობს. გურამი, როგორც წესი, საკუთარ თავზე, საკუთარ მეგობრებზე, თავს გადახდენილ ამბებზე წერდა და, ამასთან, წერდა ძალიან გულახდილად. ამ მოთხრობების მთავარი გმირები, რომელთაც ხან ვაჟა ჰქვიათ, ხან - ლევანი, ხან პირდაპირ - გურამი, ერთდროულად კარგებიც არიან და ცუდებიც, მათ დასამალი არაფერი აქვთ. რჩეულიშვილი ერთნაირი გულწრფელობით აღწერს გმირობასაც და ათასნაირ უხერხულ სიტუაციასაც.

„ქარჩხაძის გამომცემლობის“ ხელმძღვანელი გია ქარჩხაძე ამბობს, რომ ალტერნატიულ მიმართულებად შეიძლება განიხილებოდეს არა მხოლოდ პროზის შინაარსი, არამედ მწერლის ენა, სტილი და ასე შემდეგ.

გია ქარჩხაძე
გია ქარჩხაძე

„ალტერნატივა არა რამე კარგის, არამედ შეყოვნებული მეინსტრიმის. თუ რა დონის ნახტომი იყო გურამ რჩეულიშვილი 50-იანი წლების პროზიდან, ამას არც კი უნდა თქმა“.

გურამ რჩეულიშვილი საბჭოთა კავშირის გარდა სხვა სისტემას არ მოსწრებია, მაგრამ მის მოთხრობებში ყველაზე ნაკლებად სწორედ საბჭოეთი ჩანს, ხანდახან მისი ნაწერები ირონიულიც კია:

„მასწავლებელმა მოწინავეს საჩვენებელი თითი დაადო და ღირსეულად გასცა წაკითხვის მომასწავებელი ბრძანება. შეშინებულმა დამლაგებლის შვილმა ცრემლნარევი ხმით დაიწყო:

-ხრუ, ხრუ, ხურ,ხრუ.

- ხრუშჩ, - ვეღარ მოითმინა საერთოდ დიდსულოვანმა მასწავლებელმა.

- ხრუშჩო, ხროშჩოვ.

-ი, ბიჭო, ი! - უკარნახა ვიღაცამ უკნიდან.

- ხრუშჩოვი, - შვებით ამოისუნთქა ბავშვმა“.

მისი პირველი მოთხრობები „ცისკარში“ დაიბეჭდა, მაშინ 22 წლის იყო. ძალიან ბევრს წერდა. მეგობრები იხსენებდნენ, რომ, სახლში ჩაკეტილს, წერისას შეიძლება კარიც არ გაეღო სტუმრისთვის. მიუხედავად იმისა, რომ 26 წლის დაიღუპა, რამდენიმე ტომის საკმარისი მასალა დატოვა, რომელიც შემდეგ ახლობლებმა დააარქივეს და გამოსცეს.

მაშინდელი თბილისისთვის არაორდინარულად ეცვა: შავი, ჩახსნილი პერანგი, აკაპიწებული სახელოებით, ვიწრო შარვალი და მძიმე „ბათინკები“, რომელსაც ზაფხულშიც არ იხდიდა. ასე, „ბათინკებითა“ და ტანსაცმლით, შევიდა ზღვაში 1960 წლის 23 აგვისტოს რუსი ტურისტების გადასარჩენად... მისი ცხედარი მხოლოდ ოთხი დღის შემდეგ იპოვეს.

გურამ რჩეულიშვილი
გურამ რჩეულიშვილი

თითქმის სამოცი წელი გავიდა და დღემდე გურამ რჩეულიშვილი ყველაზე მეტად ახალგაზრდებს უყვართ - და ასე მეორდება თაობიდან თაობაში. მის მოთხრობებს, უბრალოდ, ეტყობა, რომ ისინი ახალგაზრდა ბიჭმა დაწერა. თამაზ ვასაძე იმ ერთგვარ პარადოქსზეც საუბრობს, რომელიც რჩეულიშვილის ასაკსა და შემოქმედებას შორის არსებობს:

„ენერგია იგრძნობა მისი ყველგან, ახალგაზრდული, და ახალგაზრდადაც დარჩა, მაგრამ ეს ახალგაზრდობა არ ნიშნავს უმწიფრობას. ძალიან მომწიფებული მწერალია, ძალიან გამჭრიახი, ძალიან ბევრი იცის ცხოვრებაზე და ადამიანებზე“.

იმდენად ფიცხი ხასიათი ჰქონდა, ყოველ ნაბიჯზე ახალ თავგადასავალში იყო გახვეული, რამდენჯერმე დააკავეს კიდეც. ხშირად ჩხუბობდა, მაგრამ შერიგებაც ადვილად იცოდა. ძალიან იყო შეყვარებული ერთ გოგოში, რომელიც სხვაზე გათხოვდა. ეს ამბავი გურამმა ბიჭებისგან გაიგო.

„- ცქვიტო, უყვარხარ ლეილას?

- არა, მგონი. ალბათ, მოვწონვარ.

- მოეშვი, - ვახოს ხმა გაებზარა და თვალზე ცრემლი მოადგა“.

რჩეულიშვილის თემები არის მეგობრობა, ძმაკაცობა, სიყვარული. ძალიან ბევრს წერს ხევსურეთზე, მთაზე - თითქოს გრძნობს, რომ ცოტა ხნის შემდეგ მთიანი რეგიონები მოსახლეობისგან დაიცლება. წერს ზღვაზე და აფხაზეთზე - თითქოს ესეც იცის, რომ მერე იქ ჩასვლა შეუძლებელი გახდება. ზოგადად ბევრს წერს, როგორც წერენ ის ადამიანები, რომლებსაც გული უგრძნობთ, რომ დიდხანს ვერ იცოცხლებენ. „ალავერდობა“, რომლის დაბეჭდვასაც გურამ რჩეულიშვილი ვერ მოესწრო, ასევე წინათგრძნობით დაწერილი მოთხრობაა, იმის წინათგრძნობით, რომ ერთხელაც ხალხი გამოიღვიძებს.

მატარებელი სადღაც გაჩერდა ღამე. უკვე წვიმდა მაგრად. რომ შეიჭრა გაჩერებისას მატარებელი, გამომეღვიძა. სად ვიყავით, არ მახსოვს, არ ვიცი, ბნელოდა. ქარი იყო და ჩრდილები მოძრაობდა. მესმოდა გოდება... მეგრულად ტიროდა ვიღაც... საოცარი მისტერია იყო...
თემურ ბერიძე

1960 წელს გურამ რჩეულიშვილი და მისი მეგობარი თემურ ბერიძე გაგრაში ჩავიდნენ დასასვენებლად, შემდეგ ბერიძე ისევ უკან წამოვიდა. გადაცემაში „საუკუნის პორტრეტები“ ის იხსენებს, რომ გაცილებისას გურამ რჩეულიშვილს ცრემლები წასკდა.

„ეს იშვიათი რაღაც იყო. გურამი არასდროს არაფერზე არ ტიროდა. შიგნით განიცდიდა, მაგრამ გარეგნულად არასდროს გაჩვენებდა, სენტიმენტალობას მოკლებული იყო გარეგნულად... მატარებელი სადღაც გაჩერდა ღამე. უკვე წვიმდა მაგრად. რომ შეიჭრა გაჩერებისას მატარებელი, გამომეღვიძა. სად ვიყავით, არ მახსოვს, არ ვიცი, ბნელოდა. ქარი იყო და ჩრდილები მოძრაობდა. მესმოდა გოდება... მეგრულად ტიროდა ვიღაც... საოცარი მისტერია იყო“.

23 აგვისტოს, ასეთივე არეულ ამინდში, გურამ რჩეულიშვილი ზღვაში შევიდა რუსი ნაცნობების გადასარჩენად. გამოსვლა ვეღარ შეძლო.

მოგვიანებით პოეტმა ლია სტურუამ გურამ რჩეულიშვილზე ასეთი ლექსი დაწერა:

„ისევ ის მარტივი,

სტუდენტურად მშიერი

დღეები რომ იყოს,

კაცი მოდიოდეს ჭავჭავაძის გამზირზე,

მანქანებზე უფრო მკაფიოდ,

მძიმე ფეხსაცმელების გამო

გამოველაპარაკო, გავაბრაზო,

უნივერსიტეტი აუფეთქდეს თვალებში,

ოღონდ არ წავიდეს იმ ზღვაზე,

რომელსაც წაგვართმევენ!“

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG