Accessibility links

logo-print

ჰილარი კლინტონი ბათუმს ესტუმრა


ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ბათუმში ჩავიდა. ოფიციალური შეხვედრები ხვალ დილიდან დაიწყება.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ ვაშაკიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ჰილარი კლინტონი ბათუმში საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება; ასევე გაიმართება ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული ქარტიის ფარგლებში შექმნილი თავდაცვისა და უსაფრთხოების, დემოკრატიისა და მმართველობის, ეკონომიკის, ენერგეტიკისა და ვაჭრობის და ხალხთაშორისო და კულტურული გაცვლების სამუშაო ჯგუფების შეხვედრები. სახელმწიფო მდივანი მონაწილეობას მიიღებს საქართველო-ამერიკის ქარტიის სხდომაში.

"საუბარი შეეხება საკითხთა ფართო სპექტრს... მაგრამ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა პოლიტიკურ და სამოქალაქო საზოგადოების ფართო სპექტრთან დისკუსიას საქართველოში მიმდინარე პროცესებთან – არჩევნებთან დაკავშირებით", – განაცხადა ნიკოლოზ ვაშაკიძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძის განცხადებით, ჰილარი კლინტონის ვიზიტისას, საქართველო-ირანის ურთიერთობას განსაკუთრებული ყურადღება არ მიექცევა:

"საქართველოს ირანთან ურთიერთობა აქვს იმ სფეროში, რომელიც საერთაშორისო რეჟიმით დაშვებულია... ეს არის ჩვეულებრივი ყოველდღიური სამუშაო პროცესი და განსაკუთრებული კონსულტაციები და ფოკუსირება ამ თემაზე, როგორც ეს რამდენიმე დღის წინ მედიაში მოხდა, მიზანშეწონილი არაა... იმ სფეროებში, რომლებშიც საქართველო ირანთან კანონზომიერად თანამშრომლობს, ქართული მხარისთვის არავის უთხოვია, რომ თეირანთან დისტანცირება მოახდინოს."

ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი "ქართული ოცნების" ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს შეხვდება. დღეს გამართულ ბრიფინგზე "ქართული ოცნების" პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ "ქართული ოცნებისა" და აშშ-ის სახელმწიფი მდივნის შეხვედრის ფორმატის თაობაზე დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი. მისივე თქმით, "ქართულმა ოცნებამ" ამერიკის საელჩოს გაუგზავნა წერილი, სადაც ბიძინა ივანიშვილისა და ჰილარი კლინტონის პირისპირ შეხვედრაზე იყო საუბარი:

"ფორმატისა და შემადგენლობის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ არის ცნობილი და დღის ბოლოს გაკეთდება დამატებითი განცხადება."

როგორც სააგენტო "ინტერპრესნიუსს" საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში განუცხადეს, სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი საქართველოში ვიზიტის დროს ქართული ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდება, თუმცა ცალკეულ ლიდერებთან პირისპირ შეხვედრა დაგეგმილი არ არის.

როგორც ცნობილია, სახელმწიფო მდივანი საქართველოში სომხეთიდან ჩავა, შემდეგ გაემგზავრება აზერბაიჯანში, საიდანაც სახელმწიფო მინისტრი თურქეთს ეწვევა და გლობალურ ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებზე დაგეგმილ მინისტერიალს დაესწრება.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG