Accessibility links

logo-print

იმერეთის მხარის მუნიციპალიტეტების გამგებლებთან შეხვედრა, მიმდინარე ტენდერებისა და პროექტების განხორციელებაზე ზედამხედველობა, ტურიზმის განვითარებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნა და რეგიონის ქცევა ინვესტორებისთვის საინტერესოდ - ეს არის იმერეთის ახლად დანიშნული გუბერნატორის, გივი ჭიჭინაძის, გეგმები, რომელთა შესახებაც რადიო თავისუფლებასთან ისაუბრა. თბილისის ვაკის რაიონის ყოფილი გამგებელი გივი ჭიჭინაძე მიიჩნევს, რომ იმერეთის მუნიციპალიტეტებს და, მათ შორის, ქუთაისს კარგი პოტენციალი აქვს.

იმერეთის გუბერნატორ გივი ჭიჭინაძის ინფორმაციით, გუბერნატორის ადმინისტრაციაში კვალიფიციური ადამიანები მუშაობენ და ამიტომ საკადრო ცვლილებებს არ გეგმავს. ამასთან, მას სურს თანამდებობაზე დარჩეს პირველი მოადგილე ალექსანდრე იოსებაშვილი, რომელმაც გასულ კვირაში გააკეთა განცხადება თანამდებობის დატოვების შესახებ. იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში სამსახურების რეორგანიზაცია გასულ წელს განხორციელდა - რვის ნაცვლად 4 სამსახური ჩამოყალიბდა და თანამშრომელთა შესარჩვი კონკურსი რამდენიმე ეტაპად ჩატარდა. თავად გივი ჭიჭინაძე იმერეთის გუბერნატორის პოსტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 23 თებერვალს მას შემდეგ წარადგინა, რაც ყოფილმა გუბერნატორმა, ზაზა მეფარიშვილმა, წლისა და სამთვიანი მუშაობის შემდეგ, თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

ახალი გუბერნატორის დანიშვნით იმერეთის რეგიონში რადიკალურ ცვლილებებს არ ელოდება პარლამენტის წევრი, „ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი თევდორაძე.

იმერეთის მხარის ხელმძღვანელისა და მისი საქმიანობის მიმართ არაერთგვაროვანია რადიო თავისუფლების რესპონდენტთა დამოკიდებულება - მათი ნაწილი იმედიანადაა განწყობილი, ნაწილი კი გუბერნატორის ინსტიტუტის აუცილებლობას ვერ ხედავს.

XS
SM
MD
LG