Accessibility links

logo-print

ხუთი რამ ალმა-ათაში ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე მიმდინარე შეხვედრის შესახებ


ალმა-ათაში გამართული შეხვედრის მონაწილეეები

ალმა-ათაში გამართული შეხვედრის მონაწილეეები

1. შესაძლებელია თუ არა ამ შეხვედრაზე რაიმე სახის გარღვევის მიღწევა?

სავარაუდოდ - არა, ვინაიდან ორი მხარის პოზიციებს შორის სხვაობა კვლავაც ძალიან მნიშვნელოვანი რჩება. თუმცა ბევრი იმედოვნებს, რომ ირანი და მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები - აშშ, რუსეთი, ჩინეთი, ბრიტანეთი და საფრანგეთი, გერმანიასთან ერთად - ამ განსხვავების შემცირებას შეძლებენ. ამ იმედს ის გარემოება ამყარებს, რომ ორივე მხარე დადებითად გამოეხმაურა ალმა-ათაში თებერვალში გამართულ შეხვედრას - მას შემდეგ, რაც მოლაპარაკებები 8 თვის განმავლობაში შეწყვეტილი რჩებოდა.

ალმა-ათაში გამართულ ამ პირველ შეხვედრაზე ირანს სთხოვეს შეეჩერებინა ურანის 20 პროცენტამდე გამდიდრება მიწისქვეშა, ფორდოს ობიექტზე, უკვე გამდიდრებული მარაგის უდიდესი ნაწილი ქვეყნიდან გარეთ გაეტანა და ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენლები თავისუფლად დაეშვა ყველა ობიექტზე, სადაც, არსებული ეჭვით, ბირთვული აქტივობა მიმდინარეობს. ამის სანაცვლოდ, გამოითქვა წინადადება, რომ ქვეყნებს, რომლებიც კვლავაც ახდენენ ირანის ნავთობისა და გაზის იმპორტს, ნებას დართავდნენ საფასური ოქროთი გადაეხადათ - იმის მიუხედავად, რომ ძალაში რჩებოდა ირანის ენერგიის ექსპორტსა და საბანკო სექტორზე დაწესებული სხვა სანქციები.

ირანმა განაცხადა, ეს შეთავაზება იმას მოასწავებს, რომ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების პოზიცია უფრო დაუახლოვდა ჩვენს პოზიციასო. თეირანის მხრიდან გამოთქმული მოთხოვნები მოიცავს სანქციების სრულ გაუქმებას, ურანის 20-პროცენტამდე გამდიდრების შეჩერების სანაცვლოდ. ის, თუ რამდენად არის მზად რომელიმე მხარე კიდევ უფრო შორს წავიდეს, ალმა-ათის მეორე შეხვედრაზე გამოჩნდება.


2. შერბილდა თუ არა მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების პოზიცია?

ზოგიერთი ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ კი, ვინაიდან მთავარი მოთხოვნა, რომელიც ირანს ბოლო შეხვედრაზე წაუყენეს, ურანის 20-პროცენტიანი გამდიდრების „შეჩერება“ იყო. არადა, უწინ ირანისგან ამ მოქმედების სრულ შეწყვეტას მოითხოვდნენ. 20 პროცენტიან გამდიდრებას მიიჩნევენ ეტაპად, რომლის შემდეგაც შედარებით ადვილია ურანის 90 პროცენტამდე, ანუ ბირთვული იარაღის შესაქმნელად საჭირო დონემდე, გამდიდრება.

თუმცა კარნეგის მშვიდობის საერთაშორისო ფონდის ბონის ფილიალის თანამშრომელი მარკ ჰიბსი არ ფიქრობს, რომ „შეჩერების“ მოთხოვნა პოზიციის შერბილებას მოასწავებს. მისთვის ეს, უბრალოდ, უფრო მეტი პრაგმატიზმის ნიშანია:

„გამდიდრების შეჩერება, მისი სრულად შეწყვეტის ნაცვლად, შესაბამისობაშია გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებთან. ამდენად, ირანთან მოლაპარაკებებში ჩართული ექვსივე სახელმწიფოსთვის უფრო იოლი იქნება ამაზე დათანხმება. გარდა ამისა, გამდიდრების შეწყვეტის ნებისმიერ მოთხოვნაზე დათანხმება ირანისთვის რთული იქნება, რადგან იქ [ივნისში საპრეზიდენტო] არჩევნებია დაგეგმილი, პოლიტიკური ძალები კი იტყვიან, რომ დასავლელ ჯგუფთან არანაირ კომპრომისზე არ უნდა წავიდნენ“.


3. ავლენს თუ არა ირანი თანამშრომლობის უფრო მეტ ნებას?

თუკი ამის საზომად იმ გარემოებას ავიღებთ, რამდენად სწრაფად ზრდის ირანი თავის შესაძლებლობას 20 პროცენტამდე გამდიდრებული ურანი გამოიმუშაოს, მაშინ ამ კითხვის პასუხი უარყოფითია. შარშან ირანი განაგრძობდა ახალ-ახალი ცენტრიფუგების ამუშავებას, მიუხედავად საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდებებისა ეს არ გაეკეთებინა.

მაგრამ, მეორე მხრივ, თუ იმ გარემოებას შევხედავთ, რამდენად სწრაფად აგროვებს ირანი 20 პროცენტამდე გამდიდრებული ურანის მარაგს, მაშინ ამ შეკითხვას არ ექნება ცალსახა პასუხი. ამ დრომდე თეირანმა 20 პროცენტამდე გამდიდრებული ურანის დიდი ნაწილი სამედიცინო მიზნებს მოახმარა. შესაბამისად, ატომური ბომბის დასამზადებლად საკმარისი მარაგი მას კვლავაც არა აქვს.

ჰარვარდის უნივერსიტეტში მომუშავე ირანის საკითხების ანალიტიკოსი გარი სამოური ახლახან ბრუკინგსის ინსტიტუტში გამართულ ფორუმზე გამოვიდა და განაცხადა, ირანი, პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე, ცდილობს დაძაბულობის შემცირებასო:

„დიახ, მე ვთვლი, რომ ირანელები თავიანთ პროგრამაზე გარკვეულ შეზღუდვებს აწესებენ პოლიტიკური მიზეზებით - ძირითადად იმის გამო, რომ, ჩემი აზრით, უზენაესი ლიდერი ახლა საპრეზიდენტო არჩევნებით არის დაკავებული და არ სურს საგარეო კრიზისთან მოუწიოს გამკლავება“.


4. და მაინც, რა მოხდება ალმა-ათაში ამჯერად?

მაშინაც კი, თუკი ალმა-ათაში გამართული მეორე რაუნდი კონკრეტულ შედეგს არ მოიტანს, ანალიტიკოსების აზრით, ის, რომ მხარეები მოლაპარაკებას განაგრძობენ, თავისთავად მნიშვნელოვანი გარემოებაა.


5. რომელ მხარეს აქვს უფრო ძლიერი პოზიცია?

მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები იმედოვნებენ, რომ ირანისთვის დაწესებული სანქციები თეირანს პოზიციების დათმობას აიძულებს, რადგან ეკონომიკაზე აისახება უარყოფითად. ირანს კი იმედი აქვს, რომ სანქციებს გაუძლებს მანამ, სანამ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების პოზიციებში გაჩნდება სხვაობა.

ბევრი რამ იმაზეა დამოკიდებული, რა მოხდება მომავალში ნავთობისა და გაზის ფასებთან დაკავშირებით.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG