Accessibility links

კაცი, რომელმაც ირანის ბირთვული პროგრამა შექმნა


ირანის ბირთვული პროგრამის "მამად" წოდებული აკბარ ეთემადი

ირანის ბირთვული პროგრამის "მამად" წოდებული აკბარ ეთემადი

1973 წლის შემოდგომა იდგა, როცა ირანელ ფიზიკოსს, ქალაქ ჰამედანის უნივერსიტეტის რექტორ აკბარ ეთემადს შეატყობინეს, რომ თავად ირანის შაჰს, მოჰამად რეზა ფეჰლევის, სურდა მასთან შეხვედრა - სურდა ესაუბრა ბირთვულ პროგრამაზე, რომლის დაწყებაც საჭიროდ მიაჩნდა თანამედროვე მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის ირანის დასამკვიდრებლად.

შაჰი მისულიყო დასკვნამდე, რომ ქვეყნის წინაშე იდგა ენერგიის წყაროების დივერსიფიცირების ამოცანა სამომავლოდ მზარდი მოსახლეობის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.

შესაბამისად, აკბარ ეთემადს, როგორც ბირთვული ენერგიის სპეციალისტს, დაევალა კონცეფციის მომზადება, ზომების გააზრება ატომური ელექტროსადგურების ასაშენებლად. ეთემადი, რომელსაც განათლება დასავლეთში, შვეიცარიაში, აქვს მიღებული, იხსენებს, რომ ერთ თვეში თვითონვე მიუტანა ანგარიში სახელმწიფოს მეთაურს: „შაჰმა ყურადღებით წაიკითხა ანგარიში. ასე, საათ-ნახევრი კითხულობდა. თან შეკითხვებს მისვამდა. როცა დაამთავრა, ანგარიში გადასცა პრემიერ-მინისტრს, ამირ-აბას ჰოვეიდას, და უთხრა: მთლიანად ვეთანხმები ეთემადის შეფასებას, ეს გულდასმით უნდა შესრულდესო. შაჰი დასთანხმდა ჩემს წინადადებებს იმის შესახებ, თუ რა ზომები უნდა განხორციელებულიყო ატომური ენერგიის მოსაპოვებლად“.

ასე გადაწყდა, რომ ირანში შეუდგებოდნენ ბირთვულ პროგრამაზე მუშაობას და რომ ამ საქმეს აკბარ ეთემადი გაუძღვებოდა.

იმისათვის, რომ შაჰი საკითხში საკმარისად გარკვეულიყო კომპეტენტური გადაწყვეტილებების მისაღებად, ეთამადი მას რეგულარულად კვირაში ერთხელ ხვდებოდა: ნახევარი წლის განმავლობაში გაკვეთილებს უტარებდა ბირთვულ ენერგიასა და ბირთვულ ტექნოლოგიასთან დაკავშირებულ საკითხებზე, თვითონ კი ცდილობდა გარკვეულიყო შაჰის მიზნებში: რა სურდა ირანის ლიდერს? ბირთვული პროგრამა, რომელიც მხოლოდ მშვიდობიან მიზნებს ემსახურებოდა თუ, საჭიროების შემთხვევაში, სამხედრო ელემენტებსაც მოიცავდა?

გაკვეთილების დაწყებიდან ნახევარ წელიწადში მეცნიერმა ეს შეკითხვა პირდაპირ დაუსვა მონარქს: ახლა, როცა უკვე იცით, რა განსხვავებაა რეაქტორისა და ბომბის შექმნას შორის, რას გულისხმობს ურანის გამდიდრება - რა გსურთ, რა ამოცანას მისახავთო?

აი, პასუხი, რომელიც ეთემადმა შაჰისაგან მიიღო: „შაჰმა თქვა, პირველ რიგში, მსურს გვქონდეს ბირთვული ენერგია, რადგან ის გვჭირდებაო, და დაამატა: ამჟამად არ გვჭირდება ატომური იარაღი, რადგან ირანი რეგიონში ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა, მაგრამ თუ მომდევნო 10-15 ან 20 წელიწადში რეგიონში სამხედრო ბალანსი შეიცვლება, შესაძლოა განვიხილოთ, რისი გაკეთება იქნება საჭიროო“.

შაჰის ამ მოსაზრების შესაბამისად, აკბარ ეთემადს დაევალა შეექმნა პროგრამა, რომლის საფუძველზეც ირანი, თუ ამას საჭიროდ ჩათვლიდა, მომავალში შეძლებდა ატომური ბომბის დამზადებასაც.

საკუთრივ პროგრამას რაც შეეხება, ირანმა მიზნად დაისახა 23 ბირთვული რეაქტორის შექმნა და საამისოდ შეუდგა დასავლეთის რამდენიმე ქვეყანასთან მოლაპარაკებას. მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ 1974 წელს თეირანმა ხელი მოაწერა შეთანხმებას ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების გარანტიების შესახებ, რაც ნიშნავს, რომ დასთანხმდა უცხოელი ექსპერტების შეშვებას თავის ბირთვულ ობიექტებზე მათ შესამოწმებლად. შეერთებული შტატები - შაჰის ძლიერი მოკავშირე - მხარდაჭერას უცხადებდა ირანისბირთვულ ამბიციებს, მაგრამ, რბილად რომ ვთქვათ, აღტაცებული არ იყო ირანში ბირთვული საწვავის დამზადების გეგმით.

ამის გამო ვაშინგტონთან მოლაპარაკება, რომელიც 1974-78 წლებში იმართებოდა, თავიდანვე წააწყდა დაბრკოლებებს. ირანის ბირთვული პროგრამის ავტორი არ მალავს, რომ სკეპტიკურად იყო განწყობილი: „ჩემი თავიდან ამოვშალე ორი ქვეყანა: ერთი იყო შეერთებული შტატები, მეორე - საბჭოთა კავშირი, რადგან ისინი ძლიერი ქვეყნები იყვნენ და, მართალია, მოლაპარაკებას გამართავდნენ, მაგრამ შეეცდებოდნენ ჩვენთვის თავიანთი აზრის თავს მოხვევას. არ მინდოდა მათი წესით მეთამაშა“.

ვაშინგტონმა და თეირანმა 1978 წელს მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ირანს ეძლეოდა შეერთებული შტატებისაგან მიღებული ბირთვული საწვავის გადამუშავების უფლება, უსაფრთხოების ზომებზე დაყაბულების სანაცვლოდ, თუმცა, ამ შეთანხმებას შესრულება არ ეწერა... 1979 წელს ირანში მომხდარმა ისლამურმა რევოლუციამ ბოლო მოუღო შაჰის მმართველობას, ბირთვულ პროგრამაზე მის ოცნებასა და შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობას.

ირანის ბირთვული პროგრამის ავტორმა აკბარ ეთემადმა რევოლუციას გაასწრო. ის არეულობის დაწყებამდე გაემგზავრა სამშობლოდან. მალე ემიგრაციაში შეიტყო, რომ ისლამურმა რესპუბლიკამ შეაჩერა მისი პროგრამა, მაგრამ უკვე 80-იან წლებში ირანი დაუბრუნდა ბირთვულ კვლევას, ჯერ განსაკუთრებული მონდომების გარეშე, 90-იან წლებში კი გადაწყვიტა განეხორციელებინა გეგმა, რომელიც შაჰის მმართველობის დროს დაისახა.

აკბარ ეთემადი, ბუნებრივია, ინტერესით ადევნებს თვალს უთანხმოებასაც, რომელსაც უცხოეთთან ურთიერთობაში იწვევს ირანის ბირთვული პროგრამა. დასავლეთში, როგორც ცნობილია, შიშობენ, რომ ირანის ბირთვული პროგრამა ატომური იარაღის შექმნას ემსახურება.

ეთემადი ოპტიმისტურად აფასებს ირანსა და მსოფლიოს ექვს წამყვან ქვეყანას - შეერთებულ შტატებს, ბრიტანეთს, საფრანგეთს, ჩინეთს, რუსეთს, გერმანიას - შორის მოლაპარაკებას, შეთანხმების მიღწევის პერსპექტივას, თუმცა ირანელ ემიგრანტს ეჭვი არ ეპარება, რომ თეირანს მოუწევს სხვებზე მეტ დათმობაზე წასვლა: „ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკება არ ჩაიშლება, მაგრამ ირანი ვერაფერს მიიღებს. წამყვანი ქვეყნები თავიანთ მოთხოვნებს მიაღებინებენ. ასე დამთავრდება ეს ამბავი“.

ღირდა თუ არა ბირთვული პროგრამა სანქციებად და, ზოგადად, ზეწოლად, რომლის ატანაც ირანის მოსახლეობას წლებია უწევს ბირთვული პროგრამის გამო? ამ შეკითხვაზე მკაფიო და მარტივი უარყოფითი პასუხი აქვს აკბარ ეთემადს, ირანის ბირთვული პროგრამის სულისჩამდგმელს, რომელიც ამჟამად პარიზში ცხოვრობს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG