Accessibility links

logo-print

ენ ეპლბაუმის ახალი წიგნი: „რკინის ფარდა. აღმოსავლეთ ევროპის განადგურება, 1944-1956 წლები“


ამ კვირაში გამოდის წიგნი, რომელიც შუა და აღმოსავლეთ ევროპის განადგურებას, მის გასაბჭოებას ეძღვნება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ნაშრომის ავტორმა, ენ ეპლბაუმმა, თავისი წიგნი ასე დაასათაურა: „რკინის ფარდა. აღმოსავლეთ ევროპის განადგურება, 1944-1956 წლები“.

ენ ეპლბაუმმა თავისი ნაშრომის თემად სამი ქვეყანა აირჩია -აღმოსავლეთ გერმანია, უნგრეთი და პოლონეთი. მათგან ერთი, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა, უკვე აღარ არსებობს. მისი გასაბჭოება ისტორიის კუთვნილებაა. ამჟამად ამ ტერიტორიაზე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანონმდებლობა მოქმედებს. განსხვავებულია უნგრეთის ბედი. ეს ქვეყანა, როგორც ეპლბაუმი ამბობს, ჰიტლერის ხან წარმატებული, ხან უბედური მოკავშირე იყო. პოლონეთი კი ასევე იყო მოკავშირე და აქტიური წევრი ანტინაცისტური მოძრაობისა. ეს აქვთ ამ ქვეყნებს განსხვავებული, მაგრამ, ამბობს ეპლბაუმი, 1950-იან წლებში ისინი ძალიან ემსგავსებოდნენ ერთმანეთს. სწორედ ეს მსგავსება იყო ის, რამაც დააწერნა წიგნი ეპლბაუმს. ნაშრომში მან გამოიყენა ჯერ გამოუქვეყნებელი საარქივო მასალაც. აღმოსავლეთ ევროპაზე საბჭოთა გავლენის კვლევა ბევრს გვასწავლისო, ამბობს წიგნის ავტორი:

„ამ პერიოდის კვლევა არაერთ რამეს გვასწავლის. პირველი ისაა, რომ სტალინი კარგად იყო მომზადებული, სანამ ამ რეგიონში შევიდოდა. მაგალითად, მან თითოეული ქვეყნისთვის, სადაც შედიოდა, მოამზადა პოლიციური ძალები და საიდუმლო პოლიცია. აღსანიშნავია, რომ საბჭოთა კავშირი პოლიციელებს პოლონეთისთვის უკვე 1939 წელს აგროვებდა. ცხადია, ჩვენ ყოველთვის ვიცოდით, რომ ბოლშევიკური რევოლუციის შემდეგ ყველა ამ ქვეყანაში იქმნებოდნენ კომუნისტური პარტიები“, ამცნობს კვლევის შედეგს ეპლბაუმი მკითხველს. ის ასევე იტყობინება, მაგალითად, რომ ამ პერიოდში საბჭოთა კავშირი დიდ მნიშვნელობას ანიჭედა მედიას, მაშინ პოპულარულ რადიოს, და ამიტომაც, როცა საბჭოთა არმია ქვეყანას იპყრობდა, რადიოსადგურით იწყებდა თურმე.

ეპლბაუმი საბჭოთა კავშირის ერთ უცნაურ მიდრეკილებაზეც წერს:
„საბჭოთა კავშირი, მისი წარმომადგენლები რეგიონში, თავიდანვე ძალიან იყვნენ დაინტერესებული, რასაც ჩვენ დღეს ვუწოდებთ, „სამოქალაქო საზოგადოებით“. მათ ერთობ აინტერესებდათ თვითორგანიზებული ჯგუფები. აქ ლაპარაკია პოლიტიკურ გაერთიანებებზეც, საფეხბურთო თუ საჭადრაკო კლუბებზეც. ყოველგვარი თვითორგანიზებული ჯგუფი წარმოადგენდა საბჭოთა ინტერესის საგანს. ზოგიერთ შემთხვევაში, მათ თავიდანვე დევნიდნენ“.
პოტსდამის კონფერენციაზე მოხდა შეთანხმება, რომ გერმანელებს მოაშორებდნენ იმ ტერიტორიებიდან, სადაც მათთან ერთად ასწლეულების განმავლობაში ცხოვრობდნენ სხვა ეთნოსების წარმომადგენლები ...

ეპლბაუმი გვიამბობს იმაზე, რომ საბჭოთა ოკუპაცია, მიუხედავად თავისი განზრახვისა აეყვავებინა ეს რეგიონები, ვერ იყო სათანადოდ დაგეგმილი. როგორც ნაშრომის ავტორი ამბობს, საბჭოთა კავშირი სტრატეგიულად გეგმავდა, იმაზე ფიქრობდა, როგორი იქნებოდა განწყობა სოციალიზმისა და მარქსიზმის მიმართ 20-30 წელიწადში. კომუნისტებს, მისი დაკვირვებით, სჯეროდათ, რომ დრო მოიტანდა სოციალისტური იდეების მიმართ ხალხის ნდობას. ეპლბაუმის თანახმად, გერმანიაში, უნგრეთსა და ჩეხოსლოვაკიაში სამართლიანი არჩევნებიც კი ჩატარდა. კომუნისტები დარწმუნებული იყვნენ, რომ გაიმარჯვებდნენ, მაგრამ ამის საპირისპირო შედეგი იხილეს და შემდგომ თავი ანებეს არჩევნების გამართვას. ეპლბაუმის ნაშრომისგან დამოუკიდებლად გეტყვით, რომ ერთადერთი ქვეყანა, სადაც გამარჯვება სამართლიანად იზეიმეს კომუნისტებმა არჩევნებში, ომის შემდგომი ჩეხოსლოვაკია იყო. ეპლბაუმი ლაპარაკობს სტალინის არა მხოლოდ იდეოლოგიურ მიზნებზე, სხვა სურვილებზეც, რომლებიც განხორციელდა კიდეც - მაგალითად, დაკავებული ქვეყნებიდან მრეწველობის, მთელი ქარხნების საბჭოთა კავშირში გატანა. რა იყო სოციალისტური აღმოსავლეთ ევროპის შექმნის მიზანი - ბუფერი, საბჭოთა კავშირის მიმართ დასავლეთის აგრესიის შემთხვევაში? არა, ამბობს ეპლბაუმი, მისი თქმით, საბჭოთა კავშირიც და ამ რეგიონებში მცხოვრები სოციალიზმის მომხრე ადამიანებიც იმედოვნებდნენ, რომ სოციალისტური რევოლუციის საზღვრებს გააფართოებდნენ და ეს იყო მხოლოდ დროის საქმე. თავის წიგნში ენ ეპლბაუმი წერს, რომ ომის დასრულებისთანავე დაიწყო საბჭოთა კავშირმა ეთნიკურ წმენდაზე ფიქრი დაკავებულ რეგიონებში, რის თაობაზე შეთანხმებაც მოხდა დასავლელ მოკავშირეებთან პოტსდამის კონფერენციაზე, სადაც გერმანიის დაყოფაც დააკანონეს. რა იყო შუა ევროპაში ეთნიკური წმენდის მიზანი? ეპლბაუმი ამბობს, რომ საბჭოთა კავშირი ეთნიკური წმენდებით იყო დაინტერესებული, მას სურდა ჰომოგენური სახელმწიფოები შეექმნა, ფიქრობს ის:
მეორე დიდი გადასახლება - რეგიონის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური - არსებითად იყო პოლონელებისა და უკრაინელების გაცვლა ...

„პირველი მსხვერპლი ამ წმენდისა იყვნენ გერმანელები. პოტსდამის კონფერენციაზე მოხდა შეთანხმება, რომ გერმანელებს მოაშორებდნენ იმ ტერიტორიებიდან, სადაც მათთან ერთად ასწლეულების განმავლობაში ცხოვრობდნენ სხვა ეთნოსების წარმომადგენლები. ეს ნიშნავდა, რომ მილიონობით გერმანელი უნდა გადაესახლებინათ და მათ ნაცვლად პოლონელები, ხოლო სუდეტის ოლქში ჩეხები და სლოვაკები ჩაესახლებინათ. ეთნიკური წმენდის პროცესი ამ პერიოდში ბევრად უფრო ორგანიზებული იყო, ვიდრე ჩვენ ეს გვახსოვს. მილიონობით ადამიანი გადაასახლეს მატარებლებით სხვა ქვეყნებში. ორი რამის თქმა მინდა: ამ ქვეყნების კომუნისტურმა პარტიებმა გაუწიეს ორგანიზება ამ პროცესებს, ეს ერთი. და მეორე: ეთნიკური წმენდა ძალიან პოპულარული იყო. გერმანელების გასახლება დიდ მიღწევად ფასდებოდა კომუნისტური პარტიების მიერ. გასახლება ხდებოდა სასტიკად და დაუნდობლად და ძალიან ბევრ შემთხვევაში -გაუმართლებლად. გაასახლეს ის გერმანელებიც, რომლებიც პოლონეთის წინააღმდეგობის მოძრაობაში ირიცხებოდნენ და ნაცისტებს ებრძოდნენ და ისინიც, ვინც ნაცისტებთან თანამშრომლობდნენ“.

ეპლბაუმი ჰყვება მეორე, რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და თავისი ხასიათით გამორჩეულ, წმენდაზე, როცა პოლონელებისა და უკრაინელების გაცვლა მოხდა:

„მეორე დიდი გადასახლება - რეგიონის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური - არსებითად იყო პოლონელებისა და უკრაინელების გაცვლა. როდესაც პოლონეთის საზღვარმა დასავლეთით გადაიწია, ბევრი პოლონელი საბჭოთა კავშირში აღმოჩნდა, ბევრი უკრაინელი კი - პოლონეთის ტერიტორიაზე. ამიტომ მიიღეს მათი გაცვლის გადაწყვეტილება. არც ეს იყო მარტივი პროცესი, რადგან ამ ადამიანთა უმეტესობა თავიანთ სოფლებში საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობდნენ და წასვლა არ უნდოდათ. ამიტომ იყენებდნენ ძალას და მუქარას. აღმოსავლეთის რეგიონებში პოლონელებსა და უკრაინელებს შორის ღია ომიც კი გაჩაღდა, რის შესახებ დანარჩენმა მსოფლიომ არც კი იცის“.

ენ ეპლბაუმი ლაპარაკობს იმაზეც, თუ რა ამოძრავებდათ, მისი აზრით, იმ ადამიანებს, ვინც შეუკავშირდა მტერს, ბოლშევიკურ იმპერიას, და ჩაერთო საკუთარი ხალხების წინააღმდეგ ძალადობაში. ასეთები კი ყველგან იყვნენ. მისი აზრით, მათი მოტივაცია იყო ორმაგი - ერთი მხრივ, მათ იდეოლოგიური რწმენა ჰქონდათ, მეორე მხრივ კი, სურდათ მოსკოვთან კავშირის გზით ძალაუფლება შეენარჩუნებინათ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG