Accessibility links

logo-print

ისრაელი და პალესტინელები მოლაპარაკების მაგიდას დაუბრუნდნენ


ისრაელის იუსტიციის მინისტრი
ციპი ლივნი (მარჯვნივ) აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი და პალესტინელი ოფიციალური პირი საებ ერეკატი.

ისრაელის იუსტიციის მინისტრი ციპი ლივნი (მარჯვნივ) აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი და პალესტინელი ოფიციალური პირი საებ ერეკატი.

ისრაელისა და პალესტინელების წარმომადგენლები სამი წლის შემდეგ ისევ დაუბრუნდნენ მოლაპარაკების მაგიდას. მათი პირდაპირი შეხვედრა ვაშინგტონში გაიმართა, რასაც წინ უსწრებდა ნახევარწლიანი დიპლომატიური ძალისხმევა მოლაპარაკების პროცესის ჩიხიდან გამოსაყვანად.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის განცხადებით, ისრაელისა და პალესტინელების წარმომადგენლები მზად არიან ძალისხმევისათვის ცხრა თვეში სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად. კერიმ სამშაბათს ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მოლაპარაკების ორშაბათს დაწყებული რაუნდი პოზიტიური და კონსტრუქციული იყო და მხარეები შეთანხმდნენ, რომ განიხილავენ კონფლიქტთან დაკავშირებულ ყველა საკითხს.

„მხარეები დღეს აქ შეთანხმდნენ, რომ დღის წესრიგში იქნება საბოლოო სტატუსთან დაკავშირებული ყველა საკითხი, ყველა მთავარი საკითხი და ყველა დანარჩენი საკითხი“, - უთხრა მედიის წარმომადგენლებს ჯონ კერიმ, რომელსაც გვერდით ედგნენ ისრაელის და პალესტინელების წარმომადგენლები - როგორც მათ უწოდებენ, მთავარი მომლაპარაკებლები - ციპი ლივნი და საებ ერეკატი.

მანამდე, ასევე სამშაბათს, შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა შეხვდა ისრაელისა და პალესტინელების წარმომადგენლებს, რაც დამატებით წონას სძენს ვაშინგტონის მორიგ ინიციატივას ახლო აღმოსავლეთში სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად. ისრაელის იუსტიციის მინისტრი
ციპი ლივნიც და მაღალი რანგის პალესტინელი ოფიციალური პირი საებ ერეკატიც მოლაპარაკების რთული პროცესის გამოცდილი მონაწილეები არიან. დიდი გამოცდილება აქვს ამერიკელ დიპლომატ მარტინ ინდიკსაც, რომელიც ვაშინგტონში ორშაბათს დასახელდა ისრაელისა და პალესტინელების ამ მოლაპარაკებაზე შეერთებული შტატების წარმომადგენლად. თუმცა სამივეს გამოცდილება წარუმატებელ მოლაპარაკებებს უკავშირდება.

შეერთებულ შტატებთან ერთად ვიზიარებთ მოსაზრებას, რომ, წარმატების მისაღწევად, საჯაროდ არ უნდა გავავრცელოთ ინფორმაცია პროცესზე, რომელიც მოლაპარაკების დარბაზში წარიმართება...
ციპი ლივნიმ ასე ახსნა საინფორმაციო სააგენტო „როიტერსთან“
ისრაელის პოზიცია მოლაპარაკების საკითხში: „იცით, ჩვენ მძიმე სამეზობლოში ვცხოვრობთ. ოპტიმიზმის უფლებას თავს ვერ მივცემთ. მაგრამ არის იმედი! და იმედი მაქვს, რომ როცა ისრაელში ნახავენ ამ, პირველ, შეხვედრას, გაიგებენ, რომ იმედი არ უნდა გადავიწუროთ და რომ მას შეიძლება მივწვდეთ და ეს უნდა გავაკეთოთ, რადგან ეს ისრაელის ინტერესებშია. ამას შეერთებული შტატების ან პალესტინელების ხათრით კი არ ვაკეთებთ - ეს არის ის, რაც ჩვენ გვჭირდება!“

საგულისხმოა, რომ კეთილი ნების გამოსავლენად, ისრაელის პარლამენტი კვირას მიემხრო 104 პალესტინელი პატიმრის, მათ შორის, ისრაელელთა მკვლელობისათვის მსჯავრდებული პირების გათავისუფლებას. ეს პროცესი ოთხ ეტაპად წარიმართება და დამოკიდებული იქნება პალესტინელებთან სამშვიდობო მოლაპარაკების წინსლვაზე.

როგორც ციპი ლივნიმ მედიასთან საუბარში აღნიშნა, მოლაპარაკების მონაწილეები საჯაროდ არ გაამხელენ საუბრის დეტალებს: „შეერთებულ შტატებთან ერთად ვიზიარებთ მოსაზრებას, რომ, წარმატების მისაღწევად, საჯაროდ არ უნდა გავავრცელოთ ინფორმაცია პროცესზე, რომელიც მოლაპარაკების დარბაზში წარიმართება. სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ერთადერთია, ვისაც ჩვენი, ყველას სახელით საუბარი შეეძლება. ასე რომ, მე არ ჩავერთვები საჯარო დისკუსიაში, დისკუსიას მოლაპარაკების დარბაზში გავმართავთ“.

პალესტინელებთან ისრაელის წინა მოლაპარაკება 2010 წელს შეწყდა, როცა ისრაელმა უარი თქვა ბოლო მოეღო თავისი დასახლებების მშენებლობისთვის მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, რომელიც პალესტინელთა ტერიტორიად არის აღიარებული.

სამშაბათს ჯონ კერიმ განაცხადა, რომ განახლებული სამშვიდობო მოლაპარაკების მორიგი რაუნდი მომდევნო ორი კვირის განმავლობაში გაიმართება.
XS
SM
MD
LG