Accessibility links

logo-print

ბიძინა ივანიშვილის შეხვედრები ბრიუსელში


13 ნოემბერს ბრიუსელში პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ევროპარლამენტის პრეზიდენტ მარტინ შულცს შეხვდა.

13 ნოემბერს ბრიუსელში პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ევროპარლამენტის პრეზიდენტ მარტინ შულცს შეხვდა.

საქართველო-ევროკავშირის დაახლოების სამომავლო ნაბიჯები, ვილნიუსის მომავალ სამიტამდე შესასრულებელი ამოცანები, საქართველოში მიმდინარე მოვლენები და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები - ეს ის ძირითადი აქცენტებია, რომლებიც, სხვა ოფიციალური შეხვედრების მსგავსად, 13 ნოემბერს ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტ მარტინ შულცის შეხვედრის დროს დაისვა. კონკრეტულად რა ითქვა ბრიუსელში?

”მე დავარწმუნე ბატონი შულცი, რომ საქართველო განუხრელად, ახალი ხელისუფლება განუხრელად ისწრაფის, რომ განახორციელოს ჩვენი სტრატეგია, ჩვენი ისტორიული ამოცანა”, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა მარტინ შულცთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე და იქვე დააკონკრეტა, რომ ხსენებული სტრატეგია ევროკავშირთან დაახლოებისა და ევროპულ ოჯახში გაწევრიანების მიზანს ემსახურება. საქართველოს პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ ევროკავშირი საქართველოს მომავალშიც ძველებურად დაუჭერს მხარს და ტემპებს შეინარჩუნებს წინსვლის პროცესი - იქნება ეს ვიზების ლიბერალიზაციისა თუ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის მიმართულებები. განზრახულია, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების გარშემო მოლაპარაკებათა პროცესი (2010 წლის ივლისში დაწყებული) 2013 წელს დაგეგმილ სამიტამდე დასრულდეს:
ჩვენ ვიჩენთ მოთმინებას და ველოდებით რუსეთის მხრიდან უფრო კონკრეტულ ნაბიჯებს და მომავალში ვეცდებით, რომ ვიყოთ კონსტრუქციულები ...

”ჩვენ უნდა მოვახერხოთ და ჩვენი ეგრეთ წოდებული საშინაო დავალება მაქსიმალურად კარგად შევასრულოთ, რომ აღმოსავლეთის პარტნიორობის ვილნიუსის სამიტამდე ჩვენ მოვახერხოთ და ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოვაწეროთ ხელი”.

კიდევ ერთი პრიორიტეტული საკითხი, რაც ევროკავშირთან უნდა შეთანხმდეს, ბიძინა ივანიშვილის აზრით, რუსეთთან სამომავლო ურთიერთობას უკავშირდება. ”ბატონ შულცთან განვიხილეთ, თუ როგორ შეიძლება დავალაგოთ ურთიერთობები ჩვენს დიდ მეზობელთან, რუსეთთან, რაც, როგორც მოგეხსენებათ, არ არის იოლი”, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 13 ნოემბერს ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე. მოსკოვის დუმილით გამოწვეული გარკვეული გაწბილების მიუხედავად, საქართველო კვლავაც ელოდება ”დიდი მეზობლის” პასუხს:

”ჩვენ ვიჩენთ მოთმინებას და ველოდებით რუსეთის მხრიდან უფრო კონკრეტულ ნაბიჯებს და მომავალში ვეცდებით, რომ ვიყოთ კონსტრუქციულები, ვიყოთ პრინციპულები და მოვახერხოთ როგორმე დავალაგოთ ურთიერთობები ჩვენს დიდ მეზობელთან, რაც ევროკავშირის ინტერესებშიც შედის და მათაც ძალიან აინტერესებთ რუსეთთან ჰქონდეთ საუკეთესო ურთიერთობები.”
ჩვენ ასევე გულახდილად განვიხილეთ ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები გარკვეული პირების დაკავების თაობაზე. ყველაფერი, რაც ქვეყანაში ხდება, უნდა ხდებოდეს ინდივიდუალური უფლებებისა და საკონსტიტუციო ვალდებულებათა სრული დაცვით ...

საქართველოს ახალი ხელისუფლების სურვილს - გააუმჯობესოს ურთიერთობები რუსეთთან - ევროკავშირი მიესალმება და ეს სამშაბათის ერთობლივ ბრიფინგზე მარტინ შულცმა, ევროპარლამენტის პრეზიდენტმაც, დაადასტურა. გამოიხატა სურვილი, რომ რუსეთმა სათანადოდ უპასუხოს საქართველოს სამშვიდობო ინიციატივებს. რაც შეეხება საქართველოსთან ურთიერთობას, ევროპარლამენტის პრეზიდენტმა ყურადღება საგანგებოდ გაამახვილა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე - ასოცირების შესახებ შეთანხმების მნიშვნელოვან სეგმენტზე, რომელსაც მხარეების მაღალი ინტერესი უკავშირდება და რაც განხილული იყო 13 ნოემბრის შეხვედრის ფარგლებში. ის ადასტურებს, რომ 2013 წლის მნიშვნელოვან სამიტამდე მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა გადაიდგას.

კიდევ ერთი საკითხი, რომელზედაც ყურადღების გამახვილება მარტინ შულცმა კვლავაც საჭიროდ ჩათვალა, ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს, კერძოდ კი, დაკავების ფაქტებს უკავშირდება:

”ჩვენ ასევე გულახდილად განვიხილეთ ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები გარკვეული პირების დაკავების თაობაზე. ყველაფერი, რაც ქვეყანაში ხდება, უნდა ხდებოდეს ინდივიდუალური უფლებებისა და საკონსტიტუციო ვალდებულებათა სრული დაცვით. პრემიერ-მინისტრმა გარანტია მოგვცა, რომ ეს ვალდებულებები სრულყოფილად არის აღიარებული ქვეყანაში.”

აშკარაა, რომ ხელისუფლების დემოკრატიული არჩევნების გზით შეცვლის შემდეგ, ევროკავშირი მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ საქართველომ დემოკრატიული განვითარების კურსი შეინარჩუნოს და პრეზიდენტმა და ახალმა მთავრობამ თანამშრომლობის რეჟიმში განაგრძონ დემოკრატიული ფასეულობების პატივისცემა და ნაყოფიერი მუშაობა საქართველოს ევროკავშირისკენ მისწრაფების პროცესში. ამგვარი სურვილი სხვადასხვაგვარად იყო გამოხატული ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის ჰერმან ვან რუმპეს, ევროკომისიის პრეზიდენტის ჟოზე მანუელ ბაროზუსა და ევროკომისრის ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში შტეფან ფიულეს მიერ გაკეთებულ განცხადებებში მას შემდეგ, რაც ისინი 12 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვდნენ. პირველი ოფიციალური ვიზიტის ბოლო დღეს, 14 ნოემბერს, ბრიუსელში ბიძინა ივანიშვილი ნატოს გენერალურ მდივანს ანდერს ფოგ რასმუსენს შეხვდება.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG