Accessibility links

logo-print

ივანიშვილის ულტიმატუმი და მიმართვა საერთაშორისო თანამეგობრობას


იმისათვის, რომ არჩევნების შედეგების აღიარების ვალდებულებას მოაწეროს ხელი, ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებისგან 6 აუცილებელი პირობის დაკმაყოფილებას ითხოვს. კოალიცია ”ქართული ოცნების” ლიდერი მიიჩნევს, რომ ”თუკი დღეიდან არჩევნებამდე ხელისუფლების ქმედებებში მნიშვნელოვანი ცვლილება არ მოხდება, საქართველოში ვერ შედგება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები”. ამის შესახებ ნათქვამია საერთაშორისო თანამეგობრობისადმი მიმართვაში, რომლის მოკლე ვარიანტიც 30 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

მიმართვაში ხაზგასმით არის ნათქვამი, რომ კოალიცია ”ქართული ოცნებისა” თუ მისი ლიდერის მიზანმიმართული შევიწროების დღემდე გამოვლენილმა ფაქტებმა ”ისეთი საარჩევნო გარემო შექმნა ქვეყანაში და იმდენად შეაფერხა კოალიციის საარჩევნო კამპანია, რომ უკვე შეუძლებელია სამართლიან და თავისუფალ არჩევნებზე ლაპარაკი.” თუმცა იქვე ჩამოყალიბებულია მოთხოვნათა კონკრეტული 6 პუნქტი, რომელთა შესრულებაც აუცილებელი იქნება არჩევნების შედეგების ასაღიარებლად. ეს პუნქტები მიმართვის მოკლე ვარიანტის წაკითხვისას, 30 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე, მედიას ”ქართული ოცნების” პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ ჩამოუთვალა:

”1. დაუყოვნებლივ შეჩერდეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინიცირებით გამოტანილი ყველა ჯარიმის, ყადაღისა თუ სანქციის აღსრულება - ისე, როგორც ეს მოხდა პარტიებისთვის დაკისრებული ჯარიმის ნაწილში უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციით;

2. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ კოალიცია “ქართული ოცნების” შემოსავლებიდან და ხარჯებიდან ამოირიცხოს ის თანხები, რომელთა კავშირი კოალიციაში შემავალ პოლიტიკურ პარტიებთან არაფრით არ არის დადასტურებული, გარდა კონტროლის პალატის ვარაუდებისა და მხოლოდ ვარაუდების საფუძველზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილებებისა;

3. შეიქმნას ყველა პირობა იმისათვის, რომ ემიგრაციაში მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა (ამომრჩევლის 25%) მოახერხონ არჩევნებში მონაწილეობა, თუნდაც ამისათვის საჭირო გახდეს ხმის მიცემის დღის შეცვლა;

4. დაუყოვნებლივ მოიხსნას ყველა დაბრკოლება კერძო კომპანიების მიერ მოსახლეობაში სატელიტური თეფშების გასავრცელებლად და სახელმწიფომ ხელი შეუწყოს ამომრჩევლის ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით დაგეგმილ სხვა პროექტებს, მაგალითად, ქართველი ემიგრანტების ინიციატივას;

5. უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობაში შევიდეს კოალიციის წარმომადგენელი, კომისიამ იმუშაოს ყოველდღიურ, გამჭვირვალე რეჟიმში და, სხვა საკითხებთან ერთად, დაუყოვნებლივ განიხილოს პოლიტიკური ნიშნით მოქალაქეების დევნის (დაპატიმრება, სამსახურიდან გათავისუფლება, შანტაჟი) დღემდე მომხდარი ყველა ფაქტი;

6. სამოქალაქო სექტორის მიერ შემოთავაზებული და კოალიციის მიერ გაზიარებული ქცევის კოდექსის დაცვის მონიტორინგისთვის შეიქმნას ქმედითი მექანიზმი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით.”

თუკი ხელისუფლება ამ პუნქტებს შეასრულებს, მართალია, ეს წინასაარჩევნო გარემოს სრულ გაჯანსაღებად მაინც არ აღიქმება, მაგრამ დაახლოებით 5-10%-იან ერთგვარ მორალურ კომპენსაციად ჩაითვლება დღემდე განცდილი ”რეპრესიებისთვის”, - განუმარტა მედიას თავად ბიძინა ივანიშვილმა 30 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე. თუმცა, მისი თქმით, აუცილებელია ასევე, რომ ხსენებული 6 პუნქტის დაკმაყოფილების შემდეგ ხელისუფლებამ კანონი აღარ დაარღვიოს.

რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი ხელისუფლება იგნორირებას გაუკეთებს ”ქართული ოცნების” მიერ წარმოყენებულ აუცილებელ მოთხოვნებს?

ბიძინა ივანიშვილი დარწმუნებულია, რომ ასე ჩატარებული არჩევნების შედეგებს, მათთან ერთად, არც საერთაშორისო თანამეგობრობა აღიარებს და, საბოლოოდ, ხელისუფლება ”წაგებულ არჩევნებზე უარეს შედეგს მიიღებს.” ივანიშვილი პირობას დებს, რომ ”ქართული ოცნება” სიტუაციას არც არჩევნებამდე ”გაამწვავებს” და არც არჩევნების შემდეგ, მაგრამ არჩევნების გაყალბების შემთხვევაში ისინი უკან დახევას არ აპირებენ და ხელისუფლებაზე ზემოქმედებისთვის ”კანონის ფარგლებში” მშვიდობიან საპროტესტო აქციებსაც არ გამორიცხავენ:

”როგორ ცუდადაც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, ჩვენ მოვახერხებთ - კანონის ფარგლებში, საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით, ვაიძულებთ მათ, რომ ცნონ ხალხის რეალური ნება.”

ბიძინა ივანიშვილს იმედი აქვს, - და მან 30 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზეც არაერთხელ აღნიშნა, - რომ საერთაშორისო თანამეგობრობა სრულად გაიზიარებს ”ქართული ოცნების” პოზიციას. ”არც ერთი ჩვენი მოთხოვნა არ საჭიროებს კონსტიტუციის შეცვლას, არც ერთის შესრულებას არ სჭირდება დიდი დრო. ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ იქნება თქვენი ნება, მიუთითოთ სააკაშვილს და მკაცრად მოსთხოვოთ, შეწყვიტოს საკუთარ ხალხზე ძალადობა და საარჩევნო გარემო ოდნავ მაინც მიუახლოოს საერთაშორისო სტანდარტებს”, - ვკითხულობთ მიმართვაში, რომელიც კოალიცია ”ქართული ოცნების” ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა 30 აგვისტოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსა და საერთაშორისო მეთვალყურეებს გააცნო. ეს შეხვედრა დახურული იყო, კონკრეტული კომენტარები არ გაკეთებულა და შეუძლებელია ელჩების შთაბეჭდილების გაგება, მაგრამ თავად ბიძინა ივანიშვილი ოპტიმისტურად არის განწყობილი შემდგომ თანამშრომლობასთან დაკავშირებით:

”ბრიუსელში, სტრასბურგში, ვაშინგტონში უკვე გაგზავნილი გვყავს ხალხი, ვხვდებით იქ პირველ პირებს, დაგეგმილი გვაქვს შეხვედრები. წარმომადგენლებს ვგზავნით ყველა ევროპული სახელმწიფოს დედაქალაქებში. ელჩებიც აგზავნიან ინფორმაციას - თავის საქმეს აკეთებენ და ყოველთვის აკეთებდნენ. ახლა ჩვენ დავიწყებთ პოზიციის ჩამოყალიბებას და ასე მხოლოდ ინფორმაციაზე აღარ დავრჩებით... და ცოტა მოთხოვნებიც გვექნება, რომ დააფიქსირონ პოზიცია.”

მაინცდამაინც ახლა რატომ მიმართავს ბიძინა ივანიშვილი საერთაშორისო თანამეგობრობას?

ამ შეკითხვაზე კოალიცია ”ქართული ოცნების” ლიდერი პასუხობს, რომ ახლა ”დაგროვდა იმდენი და იმაზე მეტიც”, რომ 1 ოქტომბრის არჩევნები დემოკრატიულად და სამართლიანად არ ჩაითვალოს”, თუკი ძირითადი კანონდარღვევები არ აღმოიფხვრება. ეს ნაბიჯი, ივანიშვილის თქმით, ასევე უკავშირდება ეუთო/ოდირის გრძელვადიანი სამეთვალყურეო მისიის ამოქმედებასაც.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG