Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯემალ პაქსაძე - მუფთი


26 იანვარი, კვირა
ახალგაზრდა კაცი ვარ, დღიურის წარმოება მოსწავლეობისა და სტუდენტობის პერიოდში ხშირად მიცდია, მაგრამ ვინაიდან სულიერი განათლების მიღება დიდ ფიზიკურ და გონებრივ ძალისხმევასთან ასოცირდება, დღის წესრიგი არაერთხელ შემიცვლია, არასდროს ისე არ მომხდარა, დაგეგმილისგან არ გადამეხვიოს ან რაიმე არ შემეცვალოს. არ მიყვარს ტრაფარეტული, „იგივე და იგივეს“ პრინციპით ცხოვრება, ზოგჯერ უნებლიეთ მოულოდნელი შეტყობინებებიც მომსვლია და აუცილებელი სიტუაციიდან გამომდინარე, დაგეგმილი ღონისძიებები გადამიდია. ერთი სიტყვით, სულიერი ლიდერის პოზიცია ისეთი რთული და დატვირთული ყოფილა, საკუთარ თავთან მარტო დარჩენაც კი ბევრჯერ მინატრია. არ მახსენდება ერთი უბრალო შემთხვევაც კი, ერთი ადამიანის, თუნდაც სრულიად უცნობის, გულისტკივილი გულთან ახლოს არ მიმეტანოს, ან ვერ ვაცნობიერებდე პირად პასუხისმგებლობას ჯერ ღმერთის და მერე სახელმწიფოს წინაშე, რომ მუსლიმ თემთან, თუგინდ ერთ ადამიანთან და თან სულიერებასთან ნაზიარებ მრევლთან სრულიად ფაქიზი და სანდო ურთიერთობაა საჭირო, რომ ჩვენი სახელმწიფოსათვის დროის მოთხოვნაა სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება, მუსლიმი თემისთვის ღია ინტეგრაციისა და ჰარმონიისათვის სათანადო პირობების შექმნა, რომ ადამიანი უპირველესი და უძვირფასესი ღირებულებაა...

დღეს კვირაა. ჩემი პატარა ოჯახი ისვენებს. მეც მინდა რამდენიმე ხანს სახლში დავრჩე, სტუმარიც მყავს - სოფლიდან ბიძაჩემი მეწვია. მის გამგზავრებამდე არ მინდა მეჩეთში წასვლა. ვიცი, ჩემი ქალიშვილი ხათუნა კვირაობით მთელ რიგ შეკითხვებს ერთად დამაყრის. ვცდილობ, გული არ ვატკინო, არ მინდა საჯარო სკოლის მოსწავლეს ისეთი წარმოდგენა შეექმნას, თითქოს ჩვენ მხოლოდ სულიერებით ვცხოვრობთ და დანარჩენი არაფერი გვაინტერესებს. მიუხედავად იმისა, რომ გამოსასვლელი დღეა, მე კვირაობითაც ჩვევად მაქვს მეჩეთში მისვლა. ყოველდღიურად ხუთი დროის ნამაზის ლოცვა და სულიერი წინამძღვრის ფუნქცია მავალდებულებს დღის წესრიგი შესაბამისად გავწერო. მნიშვნელოვანია მრევლთან სიახლოვე, მათი პრობლემების მოსმენა, წმინდა ყურანისა და ჰადისების შესაბამისად მათი დარიგება, საჯარო ქადაგებებისა და ლექციების მომზადება და წაკითხვა.

ცოლი საუზმის მზადებას შეუდგა. მე ტელევიზორს ვრთავ, გადაცემა „დილა მშვიდობისა, საქართველოვ“ ყველას გვიყვარს და ვუყურებთ. ტელეფონი რეკავს. ჩემი მოადგილე ადამ შანთაძე მიკავშირდება: დღეს, შუადღის ნამაზის შემდეგ მეჩეთში ყურანის ზეპირმცოდნეთა კონკურსი და დაჯილდოების ცერემონიაა, ბატონო ჯემალ, შეგახსენებ, მიწვეული ვართ და უნდა დავესწროთ. მე ვეთანხმები და ვგეგმავ საუზმის შემდეგ მეჩეთში გამგზავრებას.

27 იანვარი, ორშაბათი
ორშაბათი სამუშაო კვირის ყველაზე მძიმე დღეა. დღეისათვის ჩემი სამუშაო გრაფიკი შეიცვალა. მე და ადამ შანთაძე მოულოდნელად თბილისში გავემგზავრეთ. მიზეზი საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებაა მართლმადიდებლების გარდა, ოთხი რელიგიური თემის დაფინანსებასთან დაკავშირებით. ამ საკითხზე სამთავრობო უწყებებში შეხვედრები გვექნება. ეს ჩვენი თემის დიდი ხნის ნანატრი ოცნების ასრულებაა. მადლიერებით ვართ გამსჭვალული ახალი ხელისუფლების მიმართ, რომელმაც ჩააქრო რელიგიური კონფლიქტების კერები ნიგვზიანში, წინწყაროში, სამთაწყაროსა და ჭელაში; ყველაფერი გააკეთა პირობისა და კანონის ფარგლებში. დაგეგმილია ჩვენი შეხვედრები შესაბამის სამსახურებთან, მთავრობის წარმომადგენლებთან, ჟურნალისტებთან. ამ გადაწყვეტილებით მუსლიმ თემს მიეცა კანონის შესაბამისი დაფინანსება, მხარდაჭერა და სრული თავისუფლება საკუთარი მრწამსის შესაბამისი მსახურების გაწევის საქმეში. ჩვენ მზად ვართ, რამდენიმე ათასი მუსლიმის სახელით გამოვხატოთ მადლიერება სახელმწიფოს, მისი ხელისუფლების მიმართ ასეთი გულისხმიერებისა და სულიერების ესოდენ დიდი პატივისცემისათვის.

მიუხედავად იმისა, რომ პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილთან, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილთან, ბატონ პაატა ზაქარეიშვილთან არაერთხელ მქონია პირდაპირი სატელეფონო საუბრები რელიგიის საკითხებზე, ერთობლივი შეთანხმებითა და ძალისხმევით აღმოგვიფხვრია არაერთი პრობლემა, ამჯერადაც პირად შეხვედრებზე კიდევ ერთხელ ცხადვყოფთ ჩვენს მადლიერებას და მზაობას მათი დადგენილებების ჩვენს სულიერ ცხოვრებაში გასატარებლად. დაგეგმილი გვაქვს, შუადღის ნამაზის ლოცვა თბილისში, სრულიად საქართველოს ცენტრალურ ოფისში შევასრულოთ. მე და ჩემს მოადგილეს იმედი გვაქვს, რომ თბილისიდან ბათუმში კმაყოფილი და გახარებული დავბრუნდებით.

28 იანვარი, სამშაბათი
დღეს სამშაბათია. თბილისიდან წუხელ, გვიან ღამით დავბრუნდი. გახარებული ვარ. ერთი სული მაქვს, როდის შევხვდები ჩემს მრევლს და ყველაფერს დაწვრილებით მოვუყვები. ვგეგმავ ცოტა გამოვიძინო და მოგვიანებით, ასე 12-ის მერე, მეჩეთში მივიდე.

ძალიან მნიშვნელოვანი თვეა ისლამში რებიღულ-ევველის მთვარე. ამ თვეში ყველა მეჩეთში განსაკუთრებული ხალხმრავლობაა, ბათუმის ცენტრალურ მეჩეთში კი - მით უმეტეს. აქ ხალხის ტევა არ არის. ამ თვეში იმართება ყოველდღიურად წმინდა ყურანის კითხვა, მევლუდის კითხვა, მიდის სარწმუნო წყაროებიდან ქადაგებების კითხვა, იმართება საზეიმო სუფრები.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითქმის ყველა მორწმუნე ოჯახს მივაწოდეთ წმინდა ყურანის ქართული ვარიანტი. წიგნი მასიურად დაიბეჭდა, გვქონდა დიდი მოთხოვნები, რამდენიმე ასეული ამ თვეშიც დავარიგეთ. დღესაც 50 ცალი მომიტანეს საჩუქრად და მინდა, ჩემს მრევლს გადავცე. ჩვენი იმამები განსაკუთრებულ მადლიერებას გამოხატავენ ახალი ქართული წიგნის, „52 ხუთბეს“ მიმართ. ამ წიგნში წლის ყოველი კვირის ქადაგებაა. ის მოქადაგეთათვის ისეთი საჭირო წიგნია, როგორც ჰაერი. ამ თვეში მევლუდების კითხვის წინ დავარიგეთ, ასევე, რამდენიმე ათეული კრიალოსანი, სალოცავი ქუდი, იმამების ქუდები, სუნამოები და სხვა. მრევლი კმაყოფილია.

ხათუნა სკოლაში დღეს დედამისმა მიაცილა. ისე, სხვა დროს მე მანქანით დამყავს, ვტოვებ და იქედან მეჩეთში მივდივარ. ვიცი, როგორც ყოველთვის, დღესაც ბევრი სტუმარი მეყოლება. რამდენიმე მეჩეთში პრობლემებია: იმამები მირეკავენ, დახმარებას მთხოვენ. ამას წინათ ძლიერმა ქარმა დიდი ზიანი მიაყენა ქობულეთის რაიონს, სახურავი გადახადა სოფელ კვირიკის მეჩეთს. მოუწყობელი რჩება, ასევე, შადრევანი, ესაჭიროებათ შლანგი წყლის გამოსაყვანად, ითხოვენ ფინანსურ დახმარებას, სახსრები არ ჰყოფნით.

დღეს სამუფთო სამმართველოში იქნებიან ჟურნალისტებიც. მირეკავენ, მთხოვენ შეხვედრას. ერთი სიტყვით, მძიმე სამუშაო დღე მაქვს.

29 იანვარი, ოთხშაბათი
ამ ბოლო დროს ჯანმრთელობა გამიუარესდა. მართალია, სამედიცინო ცენტრში - „მედინაში“ - კარგი მკურნალობა ჩამიტარეს (გულის შეტევები აღარ მაქვს), მაგრამ ახლა თირკმლებმა შემაწუხა. ჩემმა მეგობარმა დიდი პატივი დამდო და გერმანიიდან ჩემთვის წამალი ჩამოატანინა. ახლა უკეთ ვარ. ჩვეულ სამუშაო რიტმს დავუბრუნდი. ალბათ, ნერვიულობის ბრალიც იყო. საზოგადოება ჩემგან პასუხს ელოდა.

მაღალ თანამდებობაზე ან მაღალი სასულიერო პირის როლში ყოფნა მეტად ძნელი საქმე ყოფილა. ამ ოთხი წლის განმავლობაში მრავალგზის და მრავალმხრივი გამოცდილება მივიღე. რაც მთავარია, ხალხი მენდობა, სჯერა ჩემი. ჩემი თვალსაწიერი და მიზანი, იმედი მაქვს, წმინდა ყურანს არ გაცდება. მწამს დიდი ღმერთის, რომ ის სათანადო შეფასებას დადებს ჩემს მოღვაწეობაზე. მირჩევნია მრევლი კმაყოფილი მყავდეს, ღმერთთან მართალი ვიყო. წუხელ ტელეფონით დამიკავშირდა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრი, პაატა ზაქარეიშვილი და მამცნო, რომ დღეს, 5 საათზე, ჩვენთან, სამუფთო სამმართველოს წარმომადგენლებთან შესახვედრად ჩამობრძანდება ბათუმში. მთხოვა, გამეფრთხილებინა რაიონების მუფთები, ცალკეული მუსლიმური გაერთიანებების ლიდერები, რწმუნებულები, იმამები, კომპეტენტური რელიგიური პირები.

ჩემს მოადგილეებთან ერთად უნდა შევიმუშაო და წარვუდგინო მინისტრს ყველა იმ მტკივნეული პრობლემის ნუსხა, რაც მუსლიმი თემის წინაშე დღესაც გადაუჭრელად რჩება. დღის 4 საათისთვის სამუფთო სამმართველოში დაბარებული მყავს შესაბამისი რელიგიური პირები. იმედი მაქვს, სახელმწიფო მოხელეებსა და სასულიერო პირებს შორის აზრთა თანხვედრა იქნება.

შეხვედრა 5 საათზე დაიწყო და დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა. შედეგიანი, მაგრამ ფიზიკურად დამღლელი გამოდგა. პაატა ზაქარეიშვილმა დამსწრეთ აღუთქვა ყოველმხრივი დახმარება, რელიგიური საკითხების მოგვარება, მათ მიერ დაყენებული საკითხების თანდათანობითი და გონივრული ხერხებით გადაჭრა, გამოთქვა სახელმწიფოს მხრიდან დახმარების მზაობა. მეც მომილოცა ახალი არჩევნების შედეგად ისევ სრულიად საქართველოს მუფთად არჩევა. შეხვედრის შემდეგ ბატონმა პაატამ და მე ჟურნალისტების შეკითხვებს ვუპასუხეთ.

30 იანვარი, ხუთშაბათი
გუშინდელი დღე ძალიან დამღლელი გამოდგა. სახლში გვიან ღამით დავბრუნდი. სოფლიდან მამაჩემი მსტუმრებოდა. ამ ბოლო დროს ვერც კი ვიცლი საიმისოდ, რომ შვილს სწავლის შესახებ გავესაუბრო. წუხელ რამდენიმეჯერ დამირეკეს. ქალაქში ორი მუსლიმი მორწმუნის ტირილია. მათთან იმამები მივავლინე, დავარიგე, ყველა საჭირო რიტუალი წესისამებრ შეასრულონ, უკითხონ ყურანი და დასასაფლავებლად გაამზადონ. სამუფთოს სასაფლაოზე ორივეს მივუჩინეთ დასამარხი ადგილები, შესაბამისი დოკუმენტაცია გავაფორმეთ და დღეს, 3 საათისთვის, მეჩეთის ეზოში გადმოასვენებენ გასაცილებელი ნამაზის სალოცავად. ერთი მიცვალებულის გასაცილებელ ნამაზს მრევლს მეჩეთის იმამი შამილ ბოლქვაძე ალოცებს, მეორეს - ამავე მეჩეთის მუეძინი ბადრი ვანაძე.

საუზმის შემდეგ ხათუნა სკოლაში მივიყვანე და მეჩეთში გამოვცხადდი. სამუშაო კაბინეტში მხვდება განსახილველი წერილები, განცხადებები. ზოგს სოციალურად უჭირს და ფულადი დახმარება უნდა, ზოგს ავადმყოფი ჰყავს, ზოგს სწავლის ქირა აქვს გადასახდელი. სხვადასხვა რაიონში მიმდინარეობს მევლუდის მასიური კითხვა, მეპატიჟებიან. ამ კვირაში ძალიან გადავიტვირთე. დღის პირველ ნახევარში ჩვენი მეჩეთის სულიერი ლიდერები მუსლიმ ოჯახებს სტუმრობენ. არ გვინდა, ვინმე უკმაყოფილო დაგვრჩეს.

რამდენიმე წუთით საჩაიეში ვჩერდები. ველოდები მიცვალებულების გადმოსვენებას მეჩეთში. მათი გასაცილებელი ნამაზის ლოცვა დიდი მადლია. ჩემ გარშემო მეგობრები იკრიბებიან, გუშინდელი შეხვედრის შესახებ მეკითხებიან. ზოგი მილოცავს, ზოგი - მემადლიერება...

შუადღის ნამაზის ლოცვის შემდეგ ვკითხულობ ქადაგებას. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღვთისმსახურებაა. მრევლი მრავლადაა. თემად შერჩეული მაქვს „მუსლიმი ოჯახის დანგრევის, ცოლ-ქმრის განშორების პრობლემა ისლამის ჭრილში“. ვასახელებ რამდენიმე პრობლემას და ვუხსნი მრევლს მათი გადაჭრის უმოკლეს გზებს. თემა ძალიან აქტუალურია ჩვენი საზოგადოებისათვის და ამიტომ შევარჩიე. ვამჩნევ მორწმუნეებს, რომ სახეზე კმაყოფილება აწერიათ.

31 იანვარი, პარასკევი
წუხელ სამწუხარო შეტყობინება მივიღე. ხულოს რაიონის სოფელ დიდაჭარაში ჩემს მეგობარს, ერთ-ერთ გამორჩეულ მოქადაგე იმამს, მამა გარდაეცვალა. თადარიგი ადრიანად დავიჭირე და რამდენიმე თანამშრომელთან ერთად დილაადრიან გავემგზავრე ხულოში. ამინდი ძალიან ცუდია. დაბლობში წვიმს, მაღლა მთაში - თოვს. სოფლამდე მანქანით ძლივს მივაღწიეთ. სოფელ დიდაჭარაში ძალიან ლამაზი და მიმზიდველი მეჩეთი დგას. მრევლი აქაც ბლომადაა. განსაკუთრებით ხალხმრავლობაა პარასკევის „ჯუმა ნამაზის“ ლოცვის დროს. აქ მეზობელი სოფლებიდანაც დადიან სალოცავად.

ვიცოდი, რომ მიცვალებულის გასაცილებელი ნამაზის ლოცვამდე მეჩეთში ქადაგების წაკითხვა მომიწევდა. თემა აქაც საგანგებოდ შევარჩიე: „მუსლიმი თემის კონსტიტუციური უფლებების აღიარება და რელიგიური თემის ინტეგრაცია თანამედროვე საქართველოში“. თავდაპირველად მოკლედ მიმოვიხილე საქართველოში რელიგიურ უმცირესობათა მიმართებით გადადგმული ნაბიჯები სახელმწიფოს მხრიდან, შეხვედრების შედეგები როგორც საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო, ასევე სამთავრობო სტრუქტურებში, ვამცნე მათ სამუფთოში გუშინ გამართული შეხვედრის შესახებ და მათგანაც მივიღე მადლიერების დასტური იმის შესახებ, რომ ჩვენი ხელისუფლება ღირსეულად ეკიდება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებას, როგორიც ადამიანის უფლებებისა და მორწმუნეთა ინტერესების დაცვაა.

მინდა, ჩვენი შუამავლის ძვირფასი თვის ღონისძიებებთან დაკავშირებული ხუთბის ქადაგებით, ყველას მივულოცო ეს ძვირფასი თვე, მინდა ჩემი ხმა მივაწვდინო მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მიმოფანტულ ქართველებს, ემიგრაციაში მყოფ ჩვენს ძმებსა და დებს, რომ თითოეული მათგანის ადამიანური და წმინდა ვალია, აქტიური მონაწილეობა მიიღონ ახალი საქართველოს მშენებლობაში, მის გაერთიანება-გამთლიანებასა და დაცვაში.

ღმერთო ძლევამოსილო და დიდებულო და ყოვლისშემძლევ! უხვად გადმოაფრქვიე შენი სხივნათელი და მადლიანი კალთის მარგალიტები ჩვენს სამშობლოს - საქართველოს, გაგვიმრავლე აკვნები და აგვივსე დოვლათით ბეღელ-კიდობნები, აგვაცილე ბუნებრივი და ხელოვნური კატაკლიზმები: მიწისძვრები, გვალვა, წყალდიდობა, ხანძარი, ღვარცოფი, ქარიშხალი, ომი, შფოთი და არეულობა. ღმერთო, ააყვავე და გააძლიერე საქართველო: მხოლოდ სამშვიდობოდ აფრიალე თეთრი ბაირაღები მთელ მსოფლიოში და შეარიგე ყველა ხალხები, მოსპე მათ შორის შუღლი და მტრობა, ქიშპობა და ვერაგობა. დაე, ჩვენს სამშობლოს, საქართველოს, მარად ებრწყინოს მთელს მსოფლიოში ხალხის კეთილდღეობისა და ტოლერანტული ცხოვრების სიმბოლოდ, ჰუმანიზმის უქრობ ჩირაღდნად. ღმერთო, შეუწყე ხელი ქართველ ერს ქვეყნის აღმშენებლობისა და გაერთიანების საქმეში!

ნამაზის ლოცვის შემდეგ გაიმართა მიცვალებულის გამოსამშვიდობებელი ნამაზის ლოცვა, ძალიან ბევრი ხალხი იყო. საღამოს ისევ ბათუმში გამოვემგზავრე.

1 თებერვალი, შაბათი
ერთი ჩვეულებრივი სამუშაო დღე გათენდა. წვიმიანი და ღრუბლიანი ამინდია. დღეს ახალსოფლის მეჩეთში მნიშვნელოვანი ღონისძიება იმართება - ჩვენი შუამავლის საპატივცემულო მევლუდია. აქ მეჩეთის იმამი ალექსანდრე ნაკაიძეა. ის გვეპატიჟება მთელ სამუფთოს, დავესწროთ მევლუდის კითხვას. ჟურნალისტები მეკონტაქტებიან, შეხვედრას მთხოვენ.

9 საათზე უკვე მეჩეთში ვარ. ვნატრობ, ეს დღე მაინც მსუბუქი აღმოჩნდეს. კაბინეტში რამდენიმე პირი მივიღე, ზოგს დახმარება აღვუთქვი, ზოგიც სხვაგან გადავამისამართე. 12 საათია და მე, თანამშრომლებთან, ერთად ახალსოფელში ვარ. შესამჩნევია, რომ მეჩეთის იმამს კარგი თადარიგი უჭირავს, ხალხიც ბევრია. და აი, ტრიბუნას მითმობენ...
XS
SM
MD
LG