Accessibility links

logo-print

11 წლის ინდონეზიელ პიანისტს ჯოი ალექსანდერს ჯაზურ სამყაროში ვუნდერკინდად მოიხსენიებენ. ჯერ კიდევ გასულ წელს მან კონტრაქტი გააფორმა დამოუკიდებელ ამერიკულ ლეიბლთან Motéma Music, რომელიც მეტწილად ჯაზური და ეთნომუსიკის მიმართულებით მუშაობს. ხმის ჩამწერ სტუდიაში მან ისეთი კომპოზიციების ინტერპრეტაციები წარმოადგინა, როგორიცაა: ჯონ კოლტრეინის „Giant Step“, თელონიუს მონკის „Round Midnight“, ჰაროლდ არლენის „Over the Rainbow“, რიჩარდ როჯერსის „My Favoutire Things“ და სხვა. სადებიუტო ალბომზე, რომელმაც კრიტიკოსები აღაფრთოვანა, პატარას პარტნიორობა კონტრაბასისტმა სემი მილერმა, დრამერმა რასელ ჰოლმა და მესაყვირე ალფონსო ჰორნმა გაუწიეს.

​ჯოი ალექსანდერი ინდონეზიაში, ბალიში, დაიბადა. მისი მშობლები მელომანები იყვნენ - განსაკუთრებით, ლუი არმსტრონგის შემოქმედება უყვარდათ. ბავშვიც ლეგენდარული მესაყვირის ფირფიტების სმენაში იზრდებოდა. 6 წლის ასაკში მას მინიატურული ელექტროპიანინო აჩუქეს. პატარამ ნოტების კითხვა არ იცოდა, ამიტომ დისკებზე მოსმენილ მელოდიებს დამოუკიდებლად, მხოლოდ სმენის ხარჯზე ასრულებდა. პირველად, არც მეტი და არც ნაკლები, თელონიუს მონკის რეპერტუარს შეეჭიდა და ერთ-ერთი ცნობილი თემა, Well, You Needn't, მოასმენინა დედ-მამას, რასაც ჯონ კოლტრეინის, ბილ ევანსის, კლიფორდ ბრაუნის, ბრედ მელდოს, ლი მორგანის, ჰორეის სილვერისა და მაკოი ტაინერის სტანდარტებიც მიაყოლა.

ჯოი ალექსანდერი საშემსრულებლო ოსტატობას ბალის კლუბების სცენებზე ხვეწდა, სადაც ინდონეზიელ მუსიკოსებთან ერთად ჯემსეიშენებში იღებდა მონაწილეობას. 8 წლის იყო, როცა ჯაკარტაში, „UNESCO“-ს კეთილი ნების ელჩის სტატუსით, ჰერბი ჰენკოკი ჩამოვიდა. პიანისტმა უმცროს კოლეგას მოუსმინა და დიდი მომავალი უწინასწარმეტყველა. როგორც თავად ჯოი იხსენებდა, სწორედ ჰენკოკის დადებითმა შეფასებამ გადააწყვეტინა მთელი ცხოვრება ჯაზისთვის მიეძღვნა. მან რამდენიმე საერთაშორისო ფორმატის ჯაზფესტივალში მიიღო მონაწილეობა, ხოლო 9 წლის ასაკში “Master-Jam Fest 2013”-ის საუკეთესო პიანისტად დასახელდა.

2014 წელს 10 წლის ჯოი ამერიკაში მიიწვიეს. ეს კი ნიუ-იორკის „ლინკოლნ-ცენტრის“ მუსიკალური პროგრამებისა და ჯაზორკესტრის თავკაცის, პულიცერის პრემიის ლაურეატისა და 9 გრემის მფლობელის, მესაყვირე უინტონ მარსალისის დამსახურებით მოხდა. ლეგენდარულმა არტისტმა ბიჭს ვიდეოჰოსტინგ „იუტუბზე“ მოუსმინა და იმდენად მოიხიბლა, რომ ჩემი გმირიაო, გაიძახოდა. ჰოდა, ინდონეზიელის ამერიკული დებიუტი თანამედროვე ჯაზური სამყაროს ერთ-ერთ მთავარ და პრესტიჟულ სცენაზე - „ლინკოლნ-ცენტრში“ - შედგა. ჟურნალი „დაუნბითი“ ჯონ კოლტრეინის თემის, “Resolution”-ის, ინტერპრეტაციას გამოეხმაურა და 10 წლის პიანისტი დაღვინებულ, გამოცდილ ინსტრუმენტალისტად მოიხსენია. რაც შეეხება თავად მარსალისს, მან პატარა ტალანტის რიტმის გრძნობაზე, იმპროვიზაციულ აზროვნებაზე, თავდაჯერებულობასა და ურთულესი ნაწარმოებების ინდივიდუალურად აღქმის უნარზე გაამახვილა ყურადღება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG