Accessibility links

logo-print

ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის საერთაშორისო ვალდებულების შესრულების ვადა საქართველოს რამდენიმე კვირაში ეწურება. ქვეყანა ანალოგურიდან ციფრულ მაუწყებლობაზე 17 ივნისს გადადის, რაც იმას ნიშნავს, რომ მაუწყებლებთან ერთად ცვლილებები მომხმარებლებსაც ელით. იმისთვის, რომ ტელევიზორმა 17 ივნისიდან გამოსახულება მიიღოს, მომხმარებელს დამატებითი მოწყობილობის, „სეტ-ტოპ-ბოქსების“, ყიდვა სჭირდება. მოსახლეობის ნაწილი ფიქრობს, რომ დამატებითი მოწყობილობის დამონტაჟებას საკუთარ ტელევიზორში ვერ შეძლებს, მიზეზი კი მათი სიძველეა. ჩვენი რესპონდენტი, რომელიც პრობლემაზე ლაპარაკობს, სოფელ ანაგაში ცხოვრობს:

„’სეტ-ტოპ-ბოქსი’ რომ მიუერთდეს, ისეთი ტელევიზორი არ მაქვს. მას სამი შესაერთებელი სდომებია, ჩემ და ჩემი მეზობლების ტელევიზორებს მხოლოდ ორ-ორი შესაერთებელი აქვს და, ალბათ, ამ ბოქსებს ვერ გამოვიყენებთ, არც ფული გვაქვს, რომ ახალი ტელევიზორები შევიძინოთ. ევროპაში შესვლა რაღა ‘სეთ-თოფ-ბოქსებით’ დაიწყეს, დასაქმებით დაეწყოთ?!“.

ჩვენ ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს დავუკავშირდით, სადაც ირწმუნებიან, რომ არ არსებობს ტელევიზორი, რომლის გადაყვანაც ციფრული სიგნალის მიმღებად შეუძლებელი იყოს. სააგენტოს პრესსპიკერის სალომე გელაშვილის თქმით, ე. წ. შავ-თეთრი ტელევიზორებიც კი შეძლებენ სიგნალის მიღებას, თუმცა ასეთი ტელევიზორის მფლობელს კიდევ დამატებითი მოწყობილობის შეძენა მოუწევს.

„ნებისმიერ ტელევიზორზეა შესაძლებელი სიგნალის მიღება. უბრალოდ, მას სჭირდება კიდევ დამატებითი სხვა აპარატები, ვგულისხმობ შავ-თეთრ ძალიან ძველ ტელევიზორებს. ამ დამატებითი აპარატების შეძენა ძალიან ძვირად ღირებულია, ამიტომ სააგენტო ამას რეკომენდაციას არ უწევს“.

ამ დრომდე პრობლემად რჩება მაუწყებლობის მიმღები „სეთ-თოფ ბოქსების“ შეძენა. მაგალითად, ლაგოდეხში ამ დრომდე აღნიშნული მოწყობილობა ტექნიკის არც ერთ მაღაზიაში არ იყიდება.ერთ-ერთი მაღაზიის მენეჯერი გვეუბნება, რომ მოსახლეობის მხრიდან მოთხოვნა ჯერ არ არის:

„რა თქმა უნდა, ტექნიკის მაღაზიებში გაიყიდება, მაგრამმოთხოვნილების მიხედვით მოხდება მისი შემოტანა. სოციალურად დაუცველებს ისე დაურიგესდა სოციალურად დაუცველები უფრო ჭარბობენ, ამიტომ ცოტართულია ამის თქმა, მაგრამ ორმა ადამიანმაც რომ მოითხოვოს, უკვე შემოვიტან“.

იმის გასარკვევად, თუ რა იცის საზოგადოებამ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შესახებ, ჩვენ მცირე გამოკითხვა ჩავატარეთ:

„არ ვიცი, არაფერი არ მესმის, საერთოდ გაგებაში არა ვარ“.

„მე მაწყობს ისე, როგორც იყო. ახლა დამატებითი ხარჯებისთვის ხალხში ფული არ არის“.

„დავუშვათ, შემოვიყვანე, მერე კიდევ უნდა ვიხადო ფული?“

ოფიციალური ინფორმაციით, 70 ათასი და ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველ ოჯახებს მთავრობა „სეტ-ტოპ-ბოქსებს“ უფასოდ მიაწვდის.მოწყობილობების დარიგებას საქართველოს ფოსტა უზრუნველყოფს, თუმცა არც ფოსტაში და არც სოციალური მომსახურების სააგენტოში ჩვენთან კომენტარი არ გაუკეთებიათ, პირად საუბრებში კი გვითხრეს, რომ საქართველოს ფოსტამ „სეტ-ტოპ-ბოქსების“ ნაწილი უკვე გასცა და ნაწილის გაცემას მაისის ბოლოდან აპირებს. სოციალურად დაუცველებმა ამ მოწყობილობის მისაღებად საქართველოს ფოსტის რაიონულ ოფისებს უნდა მიაკითხონ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG