Accessibility links

logo-print

მას შემდეგ, რაც საქართველოში “ღორის გრიპის” სახელით ცნობილი ვირუსის H1N1-ს შემთხვევები ლაბორატორიულად დადასტურდა და 4 შემთხვევაში ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია, კახეთის საავადმყოფოებში პაციენტთა მიმართვიანობა გაიზარდა. მოქალაქეები კლინიკებს კონკრეტული ჩივილებით, ზოგ შემთხვევაში კი პრევენციის მიზნით მიმართავენ.

ლაგოდეხის „არქიმედეს კლინიკაში“ ბოლო ორი კვირის განმავლობაში პაციენტთა მიმართვიანობა გაზრდილია, თუმცა საავადმყოფოს ადმინისტრაცია ამბობს, რომ რომელიმე სახეობის ვირუსის მძიმე და გართულებული ფორმით არც ერთი პაციენტი არ მიუღიათ. ლაგოდეხის „არქიმედეს კლინიკის“ სამედიცინო დირექტორის ნიკოლოზ ყარალაშვილის თქმით, კლინიკა მზად არის პაციენტები 24 საათის განმავლობაში მიიღოს:

„ბოლო ორი კვირის განმავლობაში მწვავე რესპირატორული დაავადებებით კლინიკაში მომართვიანობა მაღალი იყო, მაგრამ გართულებული ფორმები არ გვქონია. ჩვენ სრულ მზადყოფნაში ვართ, პაციენტები მივიღოთ“.

ნიკოლოზ ყარალაშვილი

ნიკოლოზ ყარალაშვილი

არის თუ არა შესაძლებელი H1N1 ვირუსის პრევენციისთვის ვაქცინაცია და ვისთვის არის ის ხელმისაწვდომი? ლაგოდეხის „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ ხელმძღვანელი ნუნუ ნოზაძე გვეუბნება, რომ მსგავი ვაქცინა სეზონის დაწყებამდე ერთჯერადად მხოლოდ მედიკოსებისთვის იყო განკუთვნილი, ანუ მათთვის, ვისაც უშუალო შეხება აქვს პაციენტთან. „რაც შეეხება რიგით ადამიანებს, ახლა ვაქცინის გაკეთება დაგვიანებულიაო“, - გვეუბნება ნოზაძე.

„ვაქცინაცია ტარდება მანამ, ვიდრე სეზონი დაიწყება - სექტემბრიდან ოქტომბრის ბოლომდე. ადრევე იმიტომ ტარდება, რომ ორგანიზმმა იმუნიტეტი გამოიმუშაოს. ლაგოდეხში არ დაფიქსირებულა H1N1. ჩემი ინფორმაციით, ორი შემთხვევა იყო ქუთაისში და თბილისში“.

მართალია, კახეთის რეგიონში არც H1N1 და არც სხვა ვირუსის გართულებული ფორმები არ გამოვლენილა, მაგრამ, განათლების სამინისტროს რეკომენდაციით, სკოლებში სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება. ლაგოდეხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის მანანა ჩიკვაიძის განცხადებით, გრიპის სეზონზე მოსწავლეებს გაცდენებსაც საპატიოდ ჩაუთვლიან:

„სკოლებზე მიცემულია რეკომენდაციები, რომ თუ ბავშვს აქვს სიცხე ან შეუძლოდ გახდა, მშობელს დაუკავშირდება პედაგოგი და ბავშვი დარჩება სახლში. ჩვენ ასეთ ინფორმაციას ყოველდღე ვაგროვებთ და, ბოლო ინფორმაციით, მდგომარეობა საიმედოა“.

რა იცის ხალხმა H1N1-ზე და, ზოგადად, სხვადასხვა ტიპის ვირუსებზე? როგორ უნდა დაიცვან თავი და როგორ უნდა მოიქცნენ იმ შემთხვევაში, თუ ვირუსი გართულდა? ქუჩაში ჩატარებული მცირე გამოკითხვისას ასეთი პასუხები მივიღეთ:

ვიცი, რომ H1N1 ძალიან საშიში ვირუსია და ამიტომ ძალიან ვფრთხილობ. ამასვე მოვუწოდებ ყველას“.

„ვითვალისწინებ სპეციალისტთა რეკომენდაციებს და ხელებს მალ-მალე ვიბან“.

„ვიცი, რომ ცუდი ვირუსია, ამიტომ პირობებს ვიცავ. ღმერთმა ქნას, არ შემხვდეს“.

მედიკოსები და სპეციალისტები მოსახლეობას მოუწოდებენ და ურჩევენ, ნუ მიმართავენ თვითმკურნალობას, განსაკუთრებით დაიცვან ჰიგიენის ნორმები, მოერიდონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს და, გართულების შემთხვევაში, მიმართონ კლინიკებს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG