Accessibility links

logo-print

ქართული თხილის მომავალი - გახდება თუ არა ის მთავარი საექსპორტო პროდუქტი


„საქართველოს თხილის დარგის მესვეურთა ფორუმი“

„საქართველოს თხილის დარგის მესვეურთა ფორუმი“

ანაკლიაში „საქართველოს თხილის დარგის მესვეურთა ფორუმი“ ჩატარდა, სადაც თხილის კულტურის განვითარებისთვის დღეს არსებულ შემაფერხებელ გარემოებებსა და მომავალში დაგეგმილ პროექტებზე იმსჯელეს. სასტუმრო „პალმ ბიჩის“ საკონფერენციო დარბაზში ამ საკითხზე სასაუბროდ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, საერთაშორისო ორგანიზაციების, ადგილობრივი ხელისუფლების, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების, ადგილობრივი და უცხოური საწარმოების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. შეხვედრის მონაწილეთა განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ თხილმა ქვეყანას, განსაკუთრებით მიმდინარე წელს, მნიშვნელოვანი ფულადი მოგება მოუტანა, მარცვლოვანი კულტურა სათანადოდ არ არის განვითარებული და ამას ბევრი მიზეზი აქვს. შეხვედრის ორგანიზატორი საქველმოქმედო ორგანიზაცია „ოქსფამის“ ეკონომიკური პროგრამის მენეჯერის ლევან დადიანის განცხადებით, თხილის ფასი წელს საკმაოდ მაღალი იყო და მისმა საექსპორტო თანხის ჯამმა 183 მილიონი ლარი შეადგინა, თუმცა, ამის მიუხედავად, ნედლეულის მწარმოებელი ფერმერების წილი თანხის 30 %-ს არ აღემატება:

„ეს არის იმის ბრალი, რომ ფერმერები პირდაპირ საექსპორტო ბაზარზე დამოუკიდებლად ვერ გადიან და, სამწუხაროდ, ისინი დამოკიდებული არიან გარკვეულ შუამავალ რგოლებზე და, გამომდინარე აქედან, ერთ-ერთი ამოცანა გახლავთ ის, რომ გაიზარდოს პროდუქტის ხარისხი და მთლიანად დარგის უკეთესი ორგანიზება მოხდეს, გაიზარდოს ცოდნა და ტექნოლოგიები“.

თხილი რომ გაიფრცქვნება, მას უნდა მოშორდეს ეს სინოტივე. მხოლოდ შემდეგ არის მისი დასაწყობება შესაძლებელი. როცა ეს ასე არ ხდება, თხილი ფუჭდება, ობი ედება და ეს არის დიდი პრობლემა. ჩვენ ვცდილობთ ამის ირგვლივ გავერთიანდეთ და ამაზე მივაწოდოთ ხმა ხელისუფლებას...

ლევან დადიანის განცხადებით, მხოლოდ მსგავსი ხელშეწყობისა და განვითარების შემდეგ შეძლებს ფერმერი თავისი შემოსავლების გაუმჯობესებას. მის აზრს იზიარებს ფერმერი, „საქართველოს მეთხილეთა ასოციაციის“ წარმომადგენელი გოჩა მესხი. მისი განცხადებით, შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობის, მათ შორის, თხილის საშრობების არარსებობა სერიოზულ პრობლემებს ქმნის და ხელს უშლის თხილის კულტურის განვითარებას:

„თხილის აღებიდან ცოტახანში უნდა მოხდეს თხილის გაშრობა. ამისთვის ვადები არის ძალიან მჭიდრო. თხილი რომ გაიფრცქვნება, მას უნდა მოშორდეს ეს სინოტივე. მხოლოდ შემდეგ არის მისი დასაწყობება შესაძლებელი. როცა ეს ასე არ ხდება, თხილი ფუჭდება, ობი ედება და ეს არის დიდი პრობლემა. ჩვენ ვცდილობთ ამის ირგვლივ გავერთიანდეთ და ამაზე მივაწოდოთ ხმა ხელისუფლებას“.

თხილის კულტურის განვითარების ხელშემშლელ ფაქტორებზე საუბრით დაიწყო თავისი სიტყვა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ. მისი განცხადებით, სახელმწიფო წლების განმავლობაში ყურადღებას არ აქცევდა, განსაკუთრებით სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში, მსგავსი კულტურების განვითარებას. შედეგად კი მივიღეთ როგორც აგრარული, ისე მარკეტინგული პრობლემები. თუკი ადრე ცნობილი არ იყო ამ დარგის ხელის შემშლელი ფაქტორები, ოთარ დანელიას განმარტებით, ახლა ეს შესწავლილია და საქმე შეიძლება თანდათანობით მოგვარდეს. მინისტრის სიტყვებით, მარცვლის კულტურა რეგიონში თავისთავად, ხელშეწყობის გარეშე განვითარდა. „ახლა არის ჩვენი დრო. სახელმწიფო უნდა ჩაერთოს ამ საკითხში “, - უთხრა ოთარ დანელიამ შეხვედრის მონაწილეებს, რომლებსაც ასევე პირობა მისცა, რომ არ გაუცრუვდებათ იმედი და სახელმწიფოს მხრიდან დიდი დახმარება იქნება:

ოთარ დანელია

ოთარ დანელია

„ჩვენ ვითვალისწინებთ მნიშვნელოვან ღონისძიებებს, რომელიც დარგს წაახალისებს. აქ არის საუბარი როგორც აგროტექნიკის დაცვაზე, ისე ინოვაციების შემოტანაზე, რომელიც გააორმაგებს და გაასამმაგებს იმ მდგომარეობას, რომელიც დღეს არის. იქ, სადაც ერთ ჰექტარზე, პირობითად, საშუალოდ ერთ ტონას ველოდებით, ვფიქრობთ, რომ თავისუფლად შეიძლება ორ ტონამდე გაიზარდოს“.

ფორუმის მონაწილეების მტკიცებით, საქართველო თხილის მწარმოებელი და ექსპორტიორი უმსხვილესი ქვეყნების პირველ ათეულში შედის, მომავალში კი ის კიდევ უფრო უნდა დაწინაურდეს. ანაკლიაში თხილის კულტურის თემაზე პირველი ფორუმი, ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში, დიდი ბრიტანეთის საქველმოქმედო ორგანიზაცია „ოქსფამის“ ორგანიზებით და ევროკავშირის დაფინანსებით ჩატარდა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG