Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კერძო ლაბორატორიები გადარჩენისთვის იბრძვიან


არის თუ არა კონკურენტუნარიანი გარემო, სურსათის უვნებლობის კუთხით, დასაქმებულ ლაბორატორიებს შორის და ემუქრებათ თუ არა ბაზრიდან გაძევება კერძო ლაბორატორიებს - ამ საკითხებზე დისკუსია საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტში პრობლემაზე მომუშავე სპეციალური სამუშაო ჯგუფის შექმნის გადაწყვეტილებით დასრულდა. ჯგუფში გაერთიანება ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება.

საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილი ფიქრობს, რომ ბაზარზე არსებული ვითარების შესასწავლად სასურველია ჩატარდეს სპეციალური კვლევა, რომელიც გამოკვეთდა, მართლაც არსებობს თუ არა ამ სფეროში მონოპოლიის საფრთხე. კვლევის ორგანიზებისთვის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აპირებს დონორ ორგანიზაციებს მიმართოს. კომიტეტის სხდომაზე დამსწრე პირებმა კი, მათ შორის, კერძო ლაბორატორიების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ძირითადად იმაზე იმსჯელეს, ბაზარზე სახელმწიფო ლაბორატორიის შესვლა ემუქრება თუ არა კერძო სექტორს და შესაძლებელია თუ არა საქმე ბაზრიდან მათი გაძევებით დასრულდეს. ამ საკითხზე ჯერჯერობით არსებული ინფორმაციული ვაკუუმის პირობებში, გიგლა აგულაშვილი მნიშვნელოვნად მიიჩნევს პრობლემაზე ღია და გულახდილ საუბარს - მით უფრო ისეთ ფონზე, როდესაც ლაბორატორიების გამართული ფუნქციონირების საკითხი ვაჭრობის შესახებ ღრმა და ყოვლისმომცველი ხელშეკრულებისა და ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნებს უკავშირდება:

“სპექტრი დიდია და ჩვენ ყველა შემთხვევაში ამ სამუშაო ჯგუფის შექმნის პირობად და ამ კვლევის ჩატარების პირობად გვინდა, რომ ისეთი მოდელი შევქმნათ, რომელიც, ერთი მხრივ, ხელმისაწვდომს გახდის ყველა თვალსაზრისით და სანდოს და საიმედოს გახდის ამ სერვისს და, მეორე მხრივ, კონკურენცია რომ იყოს თავისუფალი სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის და არ იყოს ურთიერთქიშპი“.

დაქვემდებარება მაინც თავისია - სახელმწიფო დაქვემდებარებაა და დამოუკიდებლობა ცოტა ძნელი წარმოსადგენია მისი, როდესაც კერძო სექტორის ლაბორატორია აბსოლუტურად დამოუკიდებელია და მესამე პირად ითვლება მთელ მსოფლიოში...
თემურ ფილიშვილი

სახელმწიფო ლაბორატორიას, კერძო სექტორთან შედარებით, უფრო დაბალფასიანი სერვისის გაწევის საშუალება აქვს. როგორც შპს „ეტალონის“ ლაბორატორიის ხელმძღვანელი თემურ ფილიშვილი გვეუბნება, სახელმწიფო ლაბორატორია სამუშაოებს ბაზარზე 10-ჯერ უფრო ნაკლები ფასებით ასრულებს, რაც პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის მასთან კონკურენციას. თემურ ფილიშვილი აქვე ყურადღებას ამახვილებს კიდევ ერთ პრობლემაზე:

“ირღვევა კიდევ მესამე მხარის პრინციპი. მესამე მხარის პრინციპი რას ნიშნავს? სოფლის მეურნეობის სამინისტრო აკონტროლებს ორგანიზაციას, იღებს ნიმუშს, თავისივე ლაბორატორიაში აკეთებს. დაქვემდებარება მაინც თავისია - სახელმწიფო დაქვემდებარებაა და დამოუკიდებლობა ცოტა ძნელი წარმოსადგენია მისი, როდესაც კერძო სექტორის ლაბორატორია აბსოლუტურად დამოუკიდებელია და მესამე პირად ითვლება მთელ მსოფლიოში“.

თემურ ფილიშვილი ზოგადად პრობლემების სიმრავლეზე მიუთითებს, შპს „ნორმას“ დირექტორი გიორგი მანჯგალაძე კი ბაზარზე სახელმწიფო სექტორის ისეთი ფუნქციონირების აუცილებლობაზე ლაპარაკობს, როცა კერძო სექტორის ინტერესებიც გათვალისწინებული იქნება და თამაშის წესებიც შეთანხმებული:

არ არსებობს არავითარი ფუნდამენტური, კონცეპტუალური, გნებავთ, საკვანძო წინააღმდეგობა სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის ამ შემთხვევაში. სოფლის მეურნეობის სამინისტრო სურსათის კვლევის სფეროში ახორციელებს და გეგმავს იმის განხორციელებას, რაც არის ერთმნიშვნელოვნად სახელმწიფოს ფუნქცია...
ლალი მაძღარაშვილი

“კერძო სექტორი დაინტერესებულია, რომ ისინი იყვნენ ერთი და იგივე პირობებში ჩამდგარნი, როგორშიც იქნება სახელმწიფო სექტორი. ანუ სახელმწიფო სექტორსა და კერძო სექტორს შორის უნდა იყოს რაღაცა კონკრეტული შეთანხმება იმის თაობაზე, თუ რა იქნება, როგორი იქნება თამაშის წესები. თუ ეს არ იქნა და არ ჩამოყალიბდა ეს ამბავი, მაშინ სხვადასხვა ენაზე ვსაუბრობთ და მაშინ საუბარი ძნელია ამასთან დაკავშირებით“.

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომას ესწრებოდა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის დირექტორი ლალი მაძღარაშვილიც. იგი ამბობს, რომ სურსათის უვნებლობის კვლევის საკითხში სახელმწიფო საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინტერესებით ხელმძღვანელობს:

„არ არსებობს არავითარი ფუნდამენტური, კონცეპტუალური, გნებავთ, საკვანძო წინააღმდეგობა სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის ამ შემთხვევაში. სოფლის მეურნეობის სამინისტრო სურსათის კვლევის სფეროში ახორციელებს და გეგმავს იმის განხორციელებას, რაც არის ერთმნიშვნელოვნად სახელმწიფოს ფუნქცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, და ვერასოდეს ვერ იქნება კერძო ბიზნესისთვის ბიზნესკუთხით საინტერესო“.

ლალი მაძღარაშვილის ამ პოზიციის მიუხედავად, სურსათის უვნებლობის კუთხით დასაქმებული კერძო ლაბორატორიების საქმიანობის გაგრძელების ფორმებზე საუბარი ჯერ მხოლოდ დაიწყო. კომიტეტის სხდომის შემდგომი ნაბიჯი საკითხზე მომუშავე სპეციალური სამუშაო ჯგუფის დაკომპლექტება იქნება.

XS
SM
MD
LG