Accessibility links

logo-print

თინა ხიდაშელი: უსაფრთხოებით მოსარგებლე ქვეყნიდან უსაფრთხოების მიმწოდებლამდე


საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე ვაშინგტონში შეხვდნენ სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ვიქტორია ნულანდს და სახელმწიფო მდივნის მოადგილეს სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებში, პუნიტ ტალვარს.

შეხვედრის შემდეგ თინა ხიდაშელმა განაცხადა, რომ საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხების გარდა განხილული იყო აშშ-ისგან შემდგომი მხარდაჭერის შესაძლებლობები, ურთიერთობის გაღრმავების ახალი ფორმატები და ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობა. თინა ხიდაშელის შეფასებით, აშშ-ის, როგორც საქართველოს საიმედო და სტრატეგიული პარტნიორის მხარდაჭერა სულ უფრო მეტ პროგრესს განიცდის.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრისას განხილულ იქნა ნატოს უელსის სამიტზე საქართველოსთვის მინიჭებული „არსებითი პაკეტით“ გათვალისწინებული პრიორიტეტული მიმართულებებიც. თინა ხიდაშელის განმარტებით, ამ ეტაპზე განსაკუთრებული კონცენტრაციაა სწორედ „არსებითი პაკეტით“ სასწრაფოდ გასატარებელ ღონისძიებებზე. „მათ შორისაა მაგალითად, პროფესიული განათლების სკოლა, რომელიც მოემსახურება არა მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, არამედ წარმატების შემთხვევაში ექნება რეგიონული ფუნქცია და მნიშვნელობა“ - განაცხადა თინა ხიდაშელმა. მისი თქმით, „არსებითი პაკეტით“ გათვალისწინებული ნატო-საქართველოს ერთობლივი სასწავლო ცენტრი საქართველოს მისცემს შესაძლებლობას, უსაფრთხოებით მოსარგებლე ქვეყნიდან უსაფრთხოების მიმწოდებლად გადაიქცეს.

„ჩვენს პარტნიორებს უნდა ჰქონდეთ განცდა და იმედი, რომ საქართველოს სახით ჰყავთ არა მარტო მოსახლეობის მხარდაჭერით უზრუნველყოფილი, საიმედო, პოლიტიკური პარტნიორი, არამედ საქართველო უნდა გახდეს ქვეყანა, რომელიც ბევრ მიმართულებაზე პასუხისმგებლობას თავადაც აიღებს“ - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თინა ხიდაშელი და ვახტანგ კაპანაძე ვაშინგტონში შეხვდნენ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს დაჭრილი და დაშავებული სამხედროების რეაბილიტაციის საკითხებში, ჯეიმს როდრიგესს და გენერალური შტაბის მთავარ სერჟანტს, ბრაიან ბატალიას. შეხვედრისას განიხილეს დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების მკურნალობა-რეაბილიტაციის და საქართველოს სამედიცინო პერსონალის გადამზადებაში აშშ-ის დახმარების საკითხები.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG