Accessibility links

logo-print
საქართველოს სტუმრობს ეუთოს უმაღლესი კომისარი ეროვნული უმცირესობების საკითხებში კნუტ ვოლებეკი. ვიზიტის ფარგლებში, კომისარი შეხვდა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს სამცხე-ჯავახეთში, ასევე გაცნობითი ხასიათის შეხვედრებს მართავს ახალ მინისტრთა კაბინეტთან. კნუტ ვოლებეკი ესაუბრა როგორც პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს, ასევე პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების თავმჯდომარეებს. კნუტ ვოლებეკის მიერ მედიისთვის გაკეთებული კომენტარის მიხედვით, მისი მიზანია გაეცნოს ახალი მთავრობის ხედვას ეროვნულ უმცირესობებთან მიმართებით და ასევე გააცნოს მას საკუთარი მუშაობის თემატიკა.

ეუთოს უმაღლესი კომისარი ეროვნული უმცირესობების საკითხებში კნუტ ვოლებეკი, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, სამთავრობო და სამოქალაქო სექტორთან მართავს შეხვედრებს. როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია ”მრავალეროვანი საქართველოს” თავმჯდომარე არნო სტეფანიანი ეუბნება რადიო თავისუფლებას, ეუთოს კომისარი სამცხე-ჯავახეთშიც იმყოფებოდა, სადაც ის ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად სტუდენტებსა და სკოლის პედაგოგებს შეხვდა. არნო სტეფანიანის სიტყვებით, შეხვედრაზე დაისვა საკითხი, თუ რა უნდა გააკეთოს ახალმა ხელისუფლებამ ეროვნული იმცირესობების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშესაწყობად.

”აუცილებელია, რომ მხარი დავუჭიროთ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, უბრალოდ, საზოგადოების აქტიურ ადამიანებს, ადგილობრივ მედიას, იმიტომ რომ ძალიან კარგად ვიცით, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ამ კუთხით ძალიან სერიოზული პრობლემები იყო და იმ ზეწოლამ, რომელიც არსებობდა ეთნიკური უმცირესობების რეგიონებში, ფაქტობრივად, მოკლა სამოქალაქო საზოგადოება. ძალიან სამწუხაროა, რომ ყველა პროცესს, რომელიც მიმდინარეობდა ამ ორ რეგიონში, - სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში, - აკონტროლებდა შინაგან საქმეთა სამინისტრო, უფრო სწორად, რამდენიმე მაღალჩინოსანი, რაც არ იყო სწორი არა მხოლოდ დემოკრატიული ღირებულებების თვალსაზრისით, არამედ უბრალო ადამიანური ღირებულებების თვალსაზრისითაც”, ამბობს ”მრავალეროვანი საქართველოს” თავმჯდომარე არნო სტეფანიანი.

მე მსურდა საკუთარი თავი გამეცნო და დავრწმუნებულიყავი იმაში, რომ მათ იციან, თუ რას წარმოვადგენ. ამასთან, მინდოდა დამენახა მათი მხრიდან საკითხების გადაწყვეტით დაინტერესება ...

სასტუმრო ”რედისონში” პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ ეუთოს უმაღლესმა კომისარმა უმცირესობების საკითხებში კნუტ ვოლებეკმა განაცხადა, რომ მას საშუალება ჰქონდა ესაუბრა საზოგადოებაში უმცირესობათა ინტეგრაციის აუცილებლობაზე, მათ შორის, ვოლებეკის სიტყვებით, საუბარი შეეხო ეთნიკური სომხებისა და აზერბაიჯანელების ინტეგრაციის თემას. ზოგადად კი, ეუთოს უმაღლესი კომისრის სიტყვებით, მისი მიზანი იყო ახალი ხელისუფლების წარმომადგენელთა გაცნობა:

”მე მსურდა საკუთარი თავი გამეცნო და დავრწმუნებულიყავი იმაში, რომ მათ იციან, თუ რას წარმოვადგენ. ამასთან, მინდოდა დამენახა მათი მხრიდან საკითხების გადაწყვეტით დაინტერესება და დამრჩა გრძნობა, რომ ეს ასეც არის. ეს ახალი ხელისუფლებაა. მათ, რა თქმა უნდა, სჭირდებათ გარკვეული დრო პრობლემების შესასწავლად და საკუთარი პოლიტიკის შესამუშავებლად, თუმცა, ჩემი თვალსაზრისით, მათ ესმით იმ საკითხების მნიშვნელობა, რომლებზეც ჩვენ ვმუშაობთ, განსაკუთრებით საზოგადოების ინტეგრაციისა, რადგან ეს მნიშვნელოვანია სტაბილურობის, კეთილდღეობისა და მდგრადობისათვის”.

ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთოს უმაღლესი კომისრის კნუტ ვოლებეკის სიტყვებით, ის ინფორმირებულია საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში, გურიაში, სოფელ ნიგვზიანში, რელიგიურ თემაზე დაპირისპირების შესახებ და მზად არის ამ თემაზე მთავრობის წარმომადგენლებთანაც ისაუბროს. მისი სიტყვებით, კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები რეალობაშიც უნდა იყოს დაცული.
კნუტ ვოლებეკთან გამართული შეხვედრის შემდეგ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, თედო ჯაფარიძემ, აღნიშნა, რომ გარდა ეთნიკურ უმცირესობებზე საუბრისა, რაც, ჯაფარიძის სიტყვებით, მართლაც საჭიროებს ყურადღებას, ისაუბრეს საქართველო-რუსეთის ურთიერთობებსა და ოკუპირებული ტერიტორიების თემატიკაზეც.

” რა თქმა უნდა, იყო საუბარი კონფლიქტურ ზონებზე, სამაჩაბლოზე, აფხაზეთზე. შევეხეთ ძალიან საინტერესო თემას - რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის პერსპექტივებს. მოგეხსენებათ, ახლა იდგმება პირველი ნაბიჯები ამ მხრივ. ეს არის მეტად რთული გზა, მაგრამ ბატონმა კომისარმა ბრძანა, რომ ეს არის ძალიან კარგი ინიციატივა და დროული, ვინაიდან ჩვენ ჩვენს გეოგრაფიას, სამწუხაროდ, ვერ შევცვლით. ჩვენ გვაქვს ურთულესი პრობლემები რუსებთან. ჩვენი ქვეყანა ოკუპირებულია, მაგრამ, სწორედ აქედან გამომდინარე, რომ დავაჩქაროთ ამ უმწვავესი პრობლემების გადაწყვეტა, ჩვენ უნდა მოვახერხოთ დავიწყოთ საუბარი რუსულ მხარესთან” , - განაცხადა თედო ჯაფარიძემ.

უნდა აღინიშნოს, რომ კნუტ ვოლებეკი ეუთოს უმაღლეს კომისრად ეროვნული უმცირესობების საკითხებში 2007 წლიდან მუშაობს. 2010 წელს მას სამწლიანი მანდატი მეორე ვადით გაუგრძელეს. ვოლებეკი საქართველო-რუსეთის კონფლიქტის შემდეგ აქტიურადაა ჩართული ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების ქონებრივი საკითხების დაცვით. 2012 წლის აგვისტოში მან მკაცრად გააკრიტიკა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერი, ლეონიდ თიბილოვი,
იმ გეგმის გამო, რომლის მიხედვითაც დე ფაქტო მთავრობას უნდა გაენადგურებინა ის სოფლები, სადაც 2008 წლამდე ეთნიკური ქართველები ცხოვრობდნენ. ვოლებეკი მაშინ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერებს აფრთხილებდა, რომ საერთაშორისო სამართალი კრძალავს სამოქალაქო პირებისა და მათი ქონების წინააღმდეგ რეპრესიებს და რომ სოფლების განადგურება, საერთაშორისო სამართლით, დანაშაულად ითვლება.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG