Accessibility links

ქუთაისის სკვერებსა და პარკებში უსახლკარო ადამიანები ღამეს ღია ცის ქვეშ სკამძელებზე ათევენ. მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის მონაცემებით, ადგილობრივ თვითმმართველობას 900-ზე მეტმა ადამიანმა მიმართა საბინაო ფართით დაკმაყოფილების მოთხოვნით, თუმცა უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანების დახმარება შორეული პერსპექტივაა, რადგან ჯერჯერობით არ არსებობს მერიის ბალანსზე შენობა, რომლის გამოყენებაც შესაძლებელი იქნებოდა სოციალურად დაუცველთა თუნდაც დროებითი განთავსებისათვის.

დავით ტოგონიძე ერთ-ერთია, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა ღამეს ქუთაისში მდებარე მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში ათევს. როგორც თავად ამბობს, საცხოვრებელი ბინა იპოთეკური სესხის გამო დაკარგა, საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ კი, შერყეული ჯანმრთელობით, ვერსად დასაქმდა.

ქუთაისში, მოსწავლე ახლგაზრდობის პარკში ათევს ღამეს დიმიტრი მეფარიშვილიც დ, როგორც თავად ამბობს, ყოველდღიური სამუშაოს შესრულებით საკვების ფულს გამოიმუშავებს.

უსახლკაროდ დარჩენილთა ნაწილმა ქუთაისის მერიას დახმარებისთვის უკვე მიმართა. როგორც მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი ვლადიმერ ნაკაშიძე ამბობს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან მიმდინარეობს მუშაობა, რათა ადგილობრივ თვითმმართველობას ბალანსზე გადმოეცეს ფართები და კეთილმოეწყოს საცხოვრებლად, თუმცა მერია სოციალურად დაუცველებს ბინებს საკუთრებაში ვერ გადასცემს და მხოლოდ დროებითი საცხოვრებლის მოწყობას შეძლებს.

ვლადიმერ ნაკაშიძისავე განცხადებით, აუცილებელია იმ კრიტერიუმების განსაზღვრაც, რომელთა მიხედვით ბენეფიციარები უნდა შეირჩნენ, სოციალური სახლების არსებობის შემთხვევაში.

ამჟამად ქუთაისში ორი 16-ბინიანი სოციალური სახლი ფუნქციონირებს, სადაც მარტოხელა მოხუცები და სოციალურად დაუცველი ოჯახები ცხოვრობენ. რამდენიმეწლიანი მცდელობის მიუხედავად, ამ ადამიანებმა სოციალური პირობები ვერ გაიუმჯობესეს და სახელმწიფოსგან მუდმივი დახმარების მოლოდინში არიან.

XS
SM
MD
LG