Accessibility links

logo-print

ქუთაისის თვითმმართველობაში კონკურსი 184 თანამდებობაზე გამოცხადდა


ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში თანამშრომელთა შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა. მერიაში 179 ვაკანტურ თანამდებობაზე საბუთების ელექტრონულად მიღება 4 ნოემბერს დასრულდება, საკრებულოს აპარატის 15 თანამშრომლის ვაკანსიაზე კი - 5 ნოემბერს. ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომელთა შესარჩევი საკონკურსო-საატესტაციო კომისია პირველ ეტაპზე წარდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით შეარჩევს კონკურსანტებს, მეორე ეტაპი ტესტირებას გულისხმობს, ტესტირების წარმატებით გავლის შემთხვევაში კი კონკურსანტები გასაუბრებას გაივლიან საკონკურსო-საატესტაციო კომისიასთან, რომელიც 6 წევრითაა დაკომპლექტებული.

როგორც ქუთაისის მერიის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი ეკატერინე ბოჭორიშვილი განამრტავს, კონკურსში მონაწილეობა შეუძლია 21 წლის და მეტი ასაკის მქონე ადამიანს, რომელსაც სასურველი თანამდებობის დასაკავებლად შესაბამისი განათლება და კვალიფიკაცია აქვს.

ეკატერინე ბოჭორიშვილის მოლოდინით, ქუთაისის მერიაში დასაქმების მსურველი რამდენიმე ათასი ადამიანი იქნება, რადგან, მისივე თქმით, ვაკანსიების ელექტრონულად განთავსების დღიდან მას რამდენიმე ათეული დაინტერესებული ადამიანი დამატებითი კითხვებით უკავშირდება. დასაქმების მსურველთა სიმრავლეზე ლაპარაკობს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის ხელმძღვანელი დავით დვალიც, რომელიც იმავე დროს ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეცაა. საკონკურსო- საატესტაციო კომისია რამდენიმე თვის წინ შეიქმნა და მას მეექვსე წევრად ახლახან დაემატა ქუთაისის მერი შოთა მურღულია. დავით დვალის განცხადებით, არასრულყოფილად ან არასრულად შევსებული დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში კომისია კონკურსანტის განცხადებას არ განიხილავს.

ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომელთა შესარჩევი საკონკურსო- საატესტაციო კომისიის ხელმძღვანელის ინფორმაციით, კონკურსანტები ტესტირებას, სავარაუდოდ, ნოემბრის თვის ბოლოს გაივლიან, შემდეგ კი გასაუბრება ჩატარდება. კონკურსით შერჩეული თანამშრომლები მერიასა და საკრებულოში 2015 წლიდან იმ სახელფასო ანაზღაურებით დასაქმდებიან, რომელიც საკრებულომ რანგირების საფუძველზე უკვე დაამტკიცა.

სპეციალისტის, უფროსი, მთავარი და წამყვანი სპეციალისტის, განყოფილების ხელმძღვანელისა და სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის, მერის თანაშემწისა და მრჩეველის ვაკანტურ, სულ, 184 თანაბდებობაზე კონკურსის ჩატარების შემდეგ ატესტაციას მერიისა და საკრებულოს დანარჩენი თანამშრომლები გაივლიან. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის შესაბამისად, 2015 წლიდან ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში შტატით და ხელშეკრულებით 350-მდე თანამშრომელი იმუშავებს.

XS
SM
MD
LG