Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტიქიით დაზარალებულთა აქცია ლაგოდეხში


ლაგოდეხი
ლაგოდეხი
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სტიქიით დაზარალებულმა მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად გურჯაანი-ლაგოდეხის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა გადაკეტა. დაზარალებულები კომპენსაციის არათანაბარი რაოდენობით მიღებას აპროტესტებენ. მათი თქმით, ზარალის დამთვლელმა სპეციალურმა კომისიამ ცუდად იმუშავა და, მათ მიერ არასწორად მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, მოსახლეობამ ზარალთან შეუსაბამო, მცირე თანხები მიიღო.

აქციის მონაწილეთა შორის იყვნენ ადამიანები, რომლებიც საერთოდ ვერ მოხვდნენ დაზარალებულთა სიებში. ნაწილი ახალ მთავრობას ბრალდებებს უყენებს, ნაწილი კი თვლის, რომ სპეციალური კომისიის უკან „ნაციონალური მოძრაობა“ დგას და სწორედ მათი მიზანია, ახლად არჩეული კოალიციისა და მისი ლიდერის მისამართით მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვიონ.

ამ დროისათვის აქცია დასრულებულია. საავტომობილო გზაზე მოძრაობა საპატრულო პოლიციის ჩარევის შედეგად აღდგა.

აქციის მონაწილეებს, რომელთა რაოდენობა 200-მდე იყო, გამგებლის მოადგილე გიორგი ბიჭიაშვილი და ეკონომიკის სამსახურის უფროსი ზურაბ თანდილაშვილი შეხვდნენ. ისინი სტიქიით დაზარალებულებს დაპირდნენ, რომ გამგეობა მათ პრეტენზიებს განიხილავს, შემდეგ კი რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიმართავს.

გამგებლის მოადგილე გიორგი ბიჭიაშვილი ამბობს, რომ თუ სამინისტრო გადაწყვეტს, რომ მოსახლეობის პრეტენზიები საფუძვლიანია, ზარალი ხელახლა დაითვლება.

დაზარალებულები ახალი, კომპეტენტური კომისიის შექმნას და ხელახალ აღწერას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში საპროტესტო აქციების გაგრძელებით იმუქრებიან.

აქციების პარალელურად თელავში კომპენსაციების გაცემა გრძელდება. მეოთხე დღეა ბანკ „ქართუს" თელავის ფილიალში ხალხმრავლობაა. ბოლო მონაცემებით, რეგიონში 2012 წლის 19 ივლისს 29 ათასამდე დაზარალებული მოსახლეობიდან ფულადი კომპენსაცია 2 ათას 500-ზე მეტ ოჯახზე უკვე გაიცა. გაცემული თანხის საერთო მოცულობამ 9 მილიონი ლარი შეადგინა.
  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG