Accessibility links

logo-print

ლარის კურსმა დოლართან მიმართებაში ზოგიერთ კომერციულ ბანკში 22 იანვარს 2.5-ს გადააჭარბა. ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში ეს კურსი 2.46-მდე ადის, ხოლო, ეროვნული ბანკის მონაცემებით, 1 დოლარის ყიდვა 2 ლარად და 47 თეთრად შეგიძლიათ. საინტერესოა, რატომ აგრძელებს ლარი გაუფასურებას და შესაძლებელია თუ არა კურსის დარეგულირება.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარი ამერიკულ დოლართან მიმართებაში 2016 წლის დასაწყისიდან დღემე თითქმის 7 თეთრით გაუფასურდა. პირველ იანვარს ერთი დოლარის ყიდვა ორ ლარად და ორმოც თეთრად შეგეძლოთ, დღეს კი გაცვლითი კურსი 2.47-ია. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ლია ელიავა ლარის კურსის ვარდნას საგარეო ფაქტორებს უკავშირებს:

„ჩვენს მეზობელ ქვეყნებში ვალუტები უფასურდება: ზეწოლას განიცდიან, განსაკუთრებით, ნავთობის ფასის ვარდნის შედეგად; ფსიქოლოგიური ფაქტორი კი ისაა, რომ ადგილობრივი ბიზნესმენები ცდილობენ, თავიანთი კაპიტალის დაცვის მიზნით, ვალუტა გაიტანონ ქვეყნიდან. შესაბამისად, ბანკებს არ ჰყოფნით უცხოური ვალუტა იმისთვის, რომ მოემსახურონ ქვეყნიდან გასულ უცხოურ კაპიტალს“.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ გამგეობის თავმჯდომარე გიორგი კეპულაძე მიიჩნევს, რომ მეზობელ ქვეყნებში - განსაკუთრებით, რუსეთსა და აზერბაიჯანში - ვალუტის გაუფასურება, ადრე თუ გვიან, საქართველოს ეკონომიკაზეც იმოქმედებს, თუმცა ჯერჯერობით ის ამ გავლენას ვერ ხედავს:

„მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანული მანათი გაუფასურდა, რუსეთში, ნავთობის ფასის კლებასთან ერთად, რუბლის გაუფასურება დაიწყო. ამან შეიძლება მოლოდინებზე მოახდინა გავლენა, თუმცა რამე პირდაპირი კავშირი ამ ეტაპზე ნამდვილად არ არის“.

გიორგი კეპულაძე ამბობს, რომ, როგორც წესი, იანვარში ლარის კურსი სეზონურად ვარდება, თუმცა ეს ცვლილება სეზონურობის ფარგლებს გასცდა. საჭიროა ეროვნულმა ბანკმა და მთავრობამ ერთდროულად იმუშაონ მდგომარეობის გამოსასწორებლად. ლია ელიავა მთავარ პასუხისმგებლობას სწორედ ეროვნულ ბანკს აკისრებს:

„ეროვნულ ბანკს აქვს იმდენი რესურსი, რომ შეაჩეროს ლარის კურსის ვარდნა ან გახადოს ის უფრო რბილი, როგორც, ვთქვათ, ეს ორი თვის განმავლობაში იყო. სავალუტო რეზერვები ყველა ქვეყანას იმისთვის აქვს, რომ როდესაც ქვეყნის ეკონომიკას უჭირს, ეს რეზერვები გამოიყენოს მის საკეთილდღეოდ და არ დაუშვას ისეთი სავალუტო კრიზისი, როგორიც შარშან გვქონდა და რომელმაც ეკონომიკა, ფაქტობრივად, მიწასთან გაასწორა“.

ლია ელიავა დღევანდელ სიტუაციაში ლარის გამყარებას გამორიცხავს. მისი თქმით, შეიძლება, დროგამოშვებით მაქსიმუმ რამდენიმე პუნქტით გამყარდეს, შემდეგ კი ისევ გაუფასურდეს. ვარდნის ტენდენციის შესაჩერებლად ის ოთხ გამოსავალს ხედავს: პირველი, რომ ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებს უცხოური ვალუტა მიაწოდოს; მეორე, რომ სახელმწიფომ როგორღაც შეაჩეროს ქვეყნიდან კაპიტალის გასვლა; მესამე, ლარის კურსის დადგენის მეთოდოლოგია შეიცვალოს და, მეოთხე, მისი თქმით, ყველაზე რთული:

„მოსახლეობაზე ფსიქოლოგიური ზემოქმედა, მათი დარწმუნება, რომ ლარს არაფერი მოსდის და ენდონ ეროვნულ ბანკს“.

გიორგი კეპულაძე კი მეტ პასუხისმგებლობას სახელმწიფოს აკისრებს. მისი აზრით, უნდა დაჩქარდეს პრივატიზაციის პროცესი, გაუმჯობესდეს საინვესტიციო გარემო და ხელი შეეწყოს ტურიზმს:

„ასევე შესაძლებელია რეზერვების გამოტანა სავალუტო ბაზარზე, თუმცა თუ არ არის შესაბამისი გარემო, მხოლოდ რეზერვების ხარჯვით ჩვენ ვალუტის კურსს ვერ შევინარჩუნებთ“.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG