Accessibility links

logo-print
ქალაქ ლაზიკას, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით შავი ზღვის პირას შენდება, სხვა ქალაქებისგან განსხვავებული, სპეციალური სტატუსი ექნება. კონსტიტუციაში შესატანი ცვლილების თანახმად, ლაზიკის სამართლებრივი სტატუსი ორგანული კანონით განისაზღვრება. პარლამენტის გადაწყვეტილებით, ლაზიკასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების მოსამზადებლად უკვე შეიქმნა საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია.

საქართველოს პრეზიდენტის ჩანაფიქრით, შავი ზღვის პირას - ყულევსა და ანაკლიას შორის - ნახევარმილიონიანი ქალაქი ლაზიკა ათ წელიწადში უნდა აშენდეს, თუმცა ჯერჯერობით ინტენსიური მუშაობა ქაღალდზე, უფრო სწორად, კონსტიტუციის ფურცლებზე მიმდინარეობს. მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში მიმდინარე მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ ლაზიკის განსაკუთრებული სტატუსი საქართველოს კონსტიტუციაში უნდა იყოს ასახული:

„განსაკუთრებული სტატუსი, რა თქმა უნდა, ნიშნავს, რომ იქ განხორციელდება საქართველოს იურისდიქცია, მაგრამ მმართველობის განსაკუთრებული ფორმა იქნება, სამოქალაქო დავების განხილვის განსაკუთრებული იურისდიქცია იქნება იმისათვის, რომ ეს ადგილი გახდეს მიმზიდველი ინვესტიციების განსახორციელებლად. ჩვენ შევისწავლეთ სხვადასხვა ქვეყნის მაგალითები აზიაში, ცენტრალურ ამერიკაში და გადავწყვიტეთ ლაზიკას მივცეთ განსაკუთრებული საკონსტიტუციო სტატუსი.“

განსაკუთრუბული საკონსტიტუციო სტატუსის მისაცემად კონსტიტუციაში ცვლილების შეტანაა საჭირო. პრეზიდენტის ინიციატივას მყისიერად გამოეხმაურა პარლამენტი, რომელმაც ცვლილების საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია შექმნა, თუმცა, როგორც დიმიტრი ლორთქიფანიძე, თავმჯდომარე ოპოზიციური ფრაქციისა „ერთობა სამართლიანობისთვის“, ამბობს, უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხის ინიცირება უცნაური ფორმით მოხდა:

„ბიუროზე ჩუმად, ყოველგვარი ანონსისა და მედიის საქმის კურსში ჩაყენების გარეშე ინიცირებული იქნა ლაზიკისთვის სპეციალური სტატუსის განსაზღვრის საკონსტიტუციო ინიციატივა.“

ოპოზიციონერი დეპუტატები საპარლამენტო უმრავლესობას საკითხის ბუნდოვანების გამოც საყვედურობენ. „თავისუფალი დემოკრატების“ წევრის გიორგი ცაგარეიშვილის თქმით, ცვლილების ტექსტი, რომელიც კონსტიტუციაში უნდა შევიდეს და ერთი თვის განმავლობაში საყოველთაო განხილვის საგნად იქცეს, დეპუტატებისთვისაც კი მიუწვდომელია, თუმცა ცაგარეიშვილი მის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე ვარაუდობს, რომ ცვლილება შეიძლება ქვეყნისთვის საზიანო იყოს.

„ეს ერთგვარად ავტონომიურობის სტატუსს მიანიჭებს მომავალში იმ დასახლებულ პუნქტს, რომელიც იქმნება საქართველოს ამ რეგიონში. განსაკუთრებული ეკონომიკური სტატუსი ექნება, იმოქმედებს განსაკუთრებული საგადასახადო რეჟიმი. ეს ქალაქი განსაკუთრებული თვითმმართველობით იქნება გამორჩეული - გაუტოლდება, ფაქტობრივად, ავტონომიებს. არ მგონია, საქართველოს ეს სჭირდებოდეს და რას გამოიწვევს ეს მომავალში, არავინ იცის. რისკები შეფასებული არ არის“, უთხრა გიორგი ცაგარეიშვილმა რადიო თავისუფლებას.

გიორგი ცაგარეიშვილის კრიტიკას არ იზიარებენ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები. ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პეტრე ცისკარიშვილის თქმით, ლაზიკას განსაკუთრებული სტატუსი ინვესტიციების მოზიდვისა და დინამიკური განვითარებისთვის სჭირდება. რაც შეეხება მაღალი დონის თვითმმართველობასა და კონსტიტუციაში შესატან ცვლილებას, ამასთან დაკავშირებით პარლამენტის რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ბალავაძე ასეთ განმარტებას იძლევა:

„ამ ეტაპზე საუბარია იმაზე, რომ იყოს განსაკუთრებული რეგულაციის ქვეშ. კონსტიტუციაში ვერ ჩაიწერება ძირითადი უფლებამოსილებები და მისი სტატუსი. აქ არის საუბარი იმაზე, რომ კონსტიტუციაში ჩაიწერება: ლაზიკა არის ქალაქი, რომელიც რეგულირდება ორგანული კანონით (როგორც სტატუსი, ასევე სამართლებრივი ფორმა და მისი შინაარსობრივი მხარე). ჯერჯერობით ამ ცვლილებაზეა ლაპარაკი. ვმსჯელობთ იმაზე, როგორი უნდა იყოს სამართლებრივი ფორმა, ეკონომიკური რეგულაციები და ასე შემდეგ.“

კონსტიტუციაში შესატანი ცვლილების საყოველთაო-საჯარო განხილვის დაწყებას ელოდებიან სპეციალისტებიც. სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი კონსტანტინე კანდელაკი ამბობს, რომ თვითმმართველობის ხარისხის ამაღლება ჯერ არაშენებულ ქალაქთან ერთად სხვა დასახლებულ პუნქტებსაც არ აწყენდა, თუმცა კანდელაკი არც იმას გამორიცხავს, რომ ცვლილება თვითმართველობას საერთოდ არ შეეხოს.

სულ რაღაც სამი კვირის წინ ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა NDI-მ სოციოლოგიური გამოკითხვა ჩაატარა. აღმოჩნდა, რომ გამოკითხულთა 84 პროცენტი ინფორმირებულია ლაზიკის მშენებლობის შესახებ. ამასთან, შეკითხვაზე, მხარს უჭერთ თუ არა პრეზიდენტის ინიციატივას, ინფორმირებული 84 პროცენტიდან დადებითად 59-მა პროცენტმა უპასუხა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG