Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფაჰრად ალიევი - გლეხი


2 ივნისი, კვირა
დილით 4 საათზე ავდექი და ბოსტნეული წავიღე ბაზარში გასაყიდად. 12 საათამდე კაბალის ბაზარში ვიყავი. იქ კვირაში ერთხელ დიდი ბაზრობა იმართება. დანარჩენ დღეებში ჩვეულებრივი ბაზრობაა ხოლმე. 12 საათის შემდეგ ჩემს ხელობას დავუბრუნდი – ტაქსისტი ვარ და 5 საათამდე ვიმუშავე. ძირითადად ლაგოდეხსა და კაბალში ვტაქსაობ. ხანდახან თბილისში, რუსთავში და თელავში წასვლაც მიწევს. ხან ვინ შემხვდება, ხან ვინ...

5 საათის შემდეგ ოჯახთან ერთად აგაროდში ვუმუშავე. საღამოს თავისუფალი დრო მქონდა და 11 საათამდე ტელევიზორს ვუყურე.

3 ივნისი, ორშაბათი
წვიმა ღამით დაიწყო, დაახლოებით პირველ საათზე. ამხელა წვიმა ჩემს სიცოცხლეში არ მინახავს. დილით რომ ავდექი, ბოსტნები წყლით იყო სავსე. ჩემი მეზობლების ეზოებშიც შევარდნილიყო წყალი – დაახლოებით 12-15 ოჯახს აღარც ბოსტანი დარჩა და აღარც არაფერი. ხელახლა უნდა დავხნათ და დავთესოთ ყველაფერი. კიდევ კარგი, ბევრს ჯერ არ ჰქონდა დარგული ბოსტნეული, მაგრამ ვისაც ჰქონდა, განადგურდა. მე, მაგალითად, ხელახლა უნდა ვიყიდო ნერგები.

ყოველ წელს ასეა – წყალი ადიდდება და ცოტა უკლია ხოლმე სოფელში შემოვარდნას. ვინ არის გამკეთებელი?! გვპირდებიან, გავაკეთებთ, სათავეზე დამბას გავასწორებთო. მაგრამ არც ტრაქტორია მოსული და არც დამბაა შეკეთებული.

შარშან რომ ადიდდა მდინარე კაბალი, სოფელში შემოვარდა და მარტო ჩემი კი არა, ბევრის ბოსტანი წაიღო, არაფერი დატოვა. იმხელა წყალი იდგა, ორი დღე ვერ შევდიოდით შიგნით. ორი დღე რომ წყალი იდგება, ის ბოსტანი რაღა ბოსტანია?! სილა იყო შეტანილი, სულ გაფუჭდა ყველაფერი. მე რაც ვიცი, ჩემს მეზობლებს, დაახლოებით 12 ოჯახს მაინც, იმ წელს მოსავალი საერთოდ არ აუღიათ. იძულებული გავხდი, სხვა სამუშაზე გავსულიყავი, თან კრედიტი მაქვს აღებული. წელსაც ქარმა გამიფუჭა ყველაფერი.

მდინარის სათავეზე ორი-სამი ადგილია გასაკეთებელი. საჩივარიც დავწერეთ, მაგრამ კაციშვილმა არ მოგვხედა. დიდი ტრაქტორია საჭიროო. მერე საკრებულოს თავმჯდომარემ გვითხრა, ტრაქტორი მოვიდა კაბალში; ჩვენ მოგვცეს, რომ სათავე გავასწოროთ და არხები გავწმინდოთო. წაყალი რომ ადიდდა, დავიწყეთ ტრაქტორის ძებნა, ვეძებეთ, ვეძებეთ, მაგრამ ვერ ვიპოვეთ, არც სათავესთან იყო და არც არსად. ბოლოს მივედით საკრებულოს თავმჯდომარის სახლთან და ვნახეთ, რომ იმ ტრაქტორით ტბას აკეთებდა. ერთი ამბავი ატეხა ხალხმა: „რას აკეთებ? ჩვენ წყალში ვიხრჩობით და შენ შენი ტბის დარდი გაქვს? რატომ არ აგზავნი ამ ტრაქტორს?“ მერე დაიწყეს: ეს კაბალის კი არა, ვაზისუბნის ტრაქტორიაო... ასეო, ისეო... თუ გინდა, ვაზისუბნის იყოს, რა მნიშვნელობა აქვს?! ლაგოდეხის რაიონის ხომ არის, დარეკე და უთხარი, წყალში ვიხრჩობით, დაგვეხმარეთ-მეთქი. მერე გვიან, გვიან, ყველაფერი რომ დაწყნარდა და წყალდიდობამ გადაიარა, მაშინ მოვიდა ტრაქტორი...

ახლაც გასაკეთებელია, ახლაც გვპირდებიან. ჯერჯერობით არაფერი ჩანს...

4 ივნისი, სამშაბათი
დილით, როგორც მიჩვეული ვარ, 5 საათზე ავდექი და ბოსტანში წავედი სამუშაოდ. კიტრი და პომიდორი გავთოხნე, მერე შევწამლე და 10 საათისთვის უკვე „სატაქსაოდ“ გავედი. „სატაქსაოდ“ ფულის გულისთვის კი არ დავდივარ, უფრო დროს ვატარებ და ვისვენებ. აქედან შემოსავალი არ მაქვს. რასაც ვიღებ ბენზინზე მიდის და სიგარეტზე; ზოგჯერ ბიჭებთან ერთად ბუნებაში გავდივარ; ოთხი შვილი მყავს და ხუთი შვილიშვილი – იმათ მოვლა უნდათ, მიხედვა უნდათ.

ბოსტანში ძირითადად მოგვყავს კიტრი, პომიდორი, ბადრიჯანი, ხახვი, მწვანილი, ლობიო – რაც საჭიროა გლეხისთვის. შემოსავალი აქედან გვაქვს.

5 ივნისი, ოთხშაბათი
ჩვენს სოფელში, ძირითადად, ბოსტნეული მოჰყავთ. სარწყავი არ გვაქვს, არხები არ არის. ამის გამო ბევრი ვიწვალე, გავაკეთებინე, მაგრამ წყალი ადიდდა და არხები წაიღო, ყველაფერი გააფუჭა. იმის შემდეგ ასე ვწვალობთ, ორ დღეში ერთხელ მატორით ვრწყავთ ხოლმე, მაგრამ არ ყოფნის.

6 ივნისი, ხუთშაბათი
კაბალში მამაჩემის მამა გადმოსახლებულა დაახლოებით 120 წლის წინათ, ასე ვიცი. მამაჩემი რომ გარდაიცვალა, 95 წლის იყო. მე დავიბადე უზუნთალის სკოლასთან, იქ ჰქონიათ სახლი. მერე გადმოსულან გზის პირზე, სამოსახლო უყიდიათ და სახლი აუშენებიათ. მეც იქ ვარ ახლა. ოჯახი 1975 წელს გაიყარა. მე ჩემთვის გავედი, ვიწვალე, სახლი ავიშენე – ბელეტაჟზეა, ორი საძინებელი, ერთი ზალა...

ასე ვცხოვრობ. მართალია, გაჭირვებულად, მაგრამ არც არაფერი მიჭირს – ოჯახს ვინახავ.

მეუღლე ქისტი მყავს, ქართული კარგად იცის. 58 წლისაა, სონა ჰქვია. ოთხი შვილი გაზარდა, ახლა შვილიშვილებს უვლის. ძმები და დები ჰყავს, დედ-მამა – არა. ბიჭი მყავს, სოინი ჰქვია, მერე გოგონაა – ასკინაზი, მერე – მუშკინაზი, მერე – ეგანა. ხუთი შვილიშვილი გვყავს, ღმერთმა ყველა გაზარდოს! ბიჭი რუსეთშია, 22 წელიწადია იქ ცხოვრობს, იქ ისწავლა, იქ მუშაობს. უფროსი გოგო ბელაქანში ცხოვრობს, იქაა გათხოვილი; საშუალო გოგო დმანისში იყო გათხოვილი, მაგრამ ქმარს გაეყარა და ახლა ჩემთან არის თავისი შვილით; უმცროს გოგოს ორი შვილი ჰყავს და თბილისში, სართიჭალაში ცხოვრობს, კარგად არიან...

7 ივნისი, პარასკევი
სოფელზე ერთს ვიტყვი: თბილისიდან ჩამოვიდა ერთი კაცი, სახელი არ მახსოვს. ყველაფერი ვაჩვენე და ვუთხარი კიდეც, რომ სარწყავი არხები არ გვაქვს, გზები საერთოდ არ ვარგა – ვერც ფეხით გახვალ და ვერც მანქანით; ხიდები დანგრეულია, ზოგან საერთოდ არ არის, ფეხზე უნდა გაიხადო და ისე გახვიდე მდინარეში, ან გადახტე, თუ შეგიძლია და წყალში არ ჩავარდები; ადგილები არ გვყოფნის...

1995 წელს კოლექტივში ვმუშაობდი ინჟინრად. მაგ დროს სოფლის მიწები რომ გავანაწილეთ, 30 ჰექტარი საძოვრად დავტოვეთ. ის ადგილი გაიყიდა. ახლა ეს მიწა არის მაჰმად ქაზიმოვის ხელში. გზაც იყო დატოვებული ხალხისთვის. ახლა ეს გზაც ჩაუკეტია, რომ ხალხმა ტაჩკით და საქონლით არ იაროს. ჩემთანაც მოვიდნენ, ასეთი ამბავიაო. ვიფიქრე, წავალ და ვნახავ, მერე ლაგოდეხში ამ საკითხს დავსვამ და რაღაცას მოვახერხებთ-მეთქი. მაგრამ ის კაცი თავის პრინციპზე დგას: სოფლის ნახირს იქ არ უშვებს; ბინა გაიკეთა, ცხვარი ჰყავს და საქონელი. ვიცი, ეს მიწა გაფორმებული არა აქვს. ან, დავუშვათ, გაფორმებულია ის საძოვარი. როგორ გაიფორმა, ვინ გაუფორმა? იძახის, ძლიერი ვარო და ხელს უშლის სოფელს, ძალიან უშლის. ყველას თითო-ოროლა სული საქონელი ჰყავს და საძოვარი არ არის. ხალხმა რა ქნას, არ იცის...

ჩვენ, მაგალითად, რამდენიმე ათეული ჰექტარი გვქონდა, ოცდათხუთმეტი კაცი ვიყავით ერთად. მერე სოფელმა ამირჩია არენდატორად ერთი წლით. 30 ჰექტარი მოვახნევინე, დავთესე ხორბალი, მოვიყვანეთ და გავანაწილე ხალხზე; მეორე წელს კი წაგვართვეს და ეს ადგილიც გაიყიდა. ახლა ისიც ერთი კაცის ხელშია, ცხვარს ინახავს, ბალახს თიბავს თავისთვის და ეგ არის...

8 ივნისი, შაბათი
ჩვენი სოფლის პირას არხი ჩამოდის, არხის იქით ქართველები ცხოვრობენ, აქეთ მე ვარ. ჩემი პატარაობა სულ ქართველებთან გავატარე, ყოველდღე ერთად ვიყავით. მამაჩემი მეჩხუბებოდა კიდეც: „გეყოფა, კარგი!“ აი, იქიდან დავიწყე და ჩემით ვისწავლე ქართული. ბედზე, ქალიც შემხვდა ქისტი, რომელმაც ქართული იცოდა. ჩემს შვილებსაც ვასწავლე. მხოლოდ ბიჭმა არ იცის – 22 წელი ცოტა არ არის: რუსეთშია და ქართული ენა არ იცის. ახლა პატარა შვილიშვილი ცხოვრობს ჩემთან და იმასაც ვასწავლით. ბაღშიც დადიან, სკოლაშიც და ქართულს სწავლობენ. ჯერ პატარები არიან, მაგრამ ძალიან კარგად ლაპარაკობენ ქართულად.

აქ ძალიან ბევრს უყვარს ქართული, იმიტომ რომ ჩვენ საქართველოში ვცხოვრობთ და სადაც ვცხოვრობთ, იმ კუთხის ენა ბევრი თუ არა, ცოტა მაინც უნდა ვიცოდეთ, უნდა ვისწავლოთ. წესი ასეთია, მე ასე ვიცი...

ხუთი სკოლაა ჩვენთან, ხუთივეში არის ქართველი მასწავლებელი. მაგრამ ეს მასწავლებელი ქართულს რომ ასწავლის ბავშვს და ქართულად ელაპარაკება, ამ ბავშვმა არ იცის ქართული და რას ეუბნებიან, არ ესმის. ჩემი აზრით, უნდა იყოს აზერბაიჯანელი მასწავლებელი, რომელსაც ორივე ენა ეცოდინება და ქართულ ენასაც წესიერად ასწავლის. ბავშვს ვეკითხები: „შვილო, იმ მასწავლებელმა რა გასწავლა?“ არაფერიო, მეუბნება. რა ვიცი, მოვიდა, ასო მაჩვენა, მერე ხელით დამაწერინაო. „და ენა?“ ენას ვცდილობ, მაგრამ მაინც ვერაო...

ბავშვს ჯერ აზერბაიჯანულ ენაზე უნდა ასწავლო და მერე გადათარგმნო ქართულად, რომ მალე ისწავლოს. ინტერესი ყველას აქვს. ძალიან ბევრს უნდა, მაგალითად, ჩემსავით იცოდეს ქართული ენა და ჩემსავით ილაპარაკოს. ქართველებში რომ ვარ ხოლმე, ან სუფრასთან, ან სტუმრად, ან ბიჭებთან ვსაუბრობ და ვიღაც უცხო მოდის და მეკითხება, შენ სადაური ხარო? ვეუბნები - კაბალელი. არ მჯერა, შენ კაბალელი არ იქნები, რა კარგად ლაპარაკობ ქართულადო. ყველას უკვირს.

ეს ენაც მიყვარს და ეს ხალხიც. მამაჩემიც აქ არის დაბადებული, მეც აქ დავიბადე და აქ ვცხოვრობ. ჩემი მეგობრების, ამხანაგების, ძმაკაცების უმეტესობა ქართველია. გუშინაც იყო ერთი მეგობარი სტუმრად, ნოდარ ტყემალაძე, გოდერძის ვეძახით. 30 წელია, ოჯახებით მივდივართ და მოვდივართ ერთმანეთთან. დავჯექით წუხელ, ვისაუბრეთ. მოვუყევი, ასეა, დამირეკეს, თბილისში უნდა ჩავიდე-მეთქი...

შვილიშვილები ხშირად მნახულობენ, ათი-თხუთმეტი დღით რჩებიან ხოლმე. ახლაც უფროსი შვილიშვილები არიან ჩემთან – ბიჭიც და გოგოც. სწავლის დაწყებამდე ჩემთან იქნებიან. დილით ვეუბნები, ადექი, შვილო, შლანგი მოძებნე და მორწყე, მე ხომ ხედავ მივდივარ, დრო არა მაქვს-მეთქი. კი, ბაბუ, ახლა ავდგები და სანამ შენ მოხვალ, მე მოვრწყავო. დავტოვე და წამოვედი.
XS
SM
MD
LG