Accessibility links

3 ივლისი, კვირა

მიუხედავად იმისა, რომ დასვენების დღეა, ათი საათისთვის სამსახურში უნდა ვიყო. დღეს ამერიკის ელჩის მეუღლე გვესტუმრება. ჩემს ძმასთან ვარ თბილისში, ამიტომ ძალიან ადრე ვდგები და გავრბივარ დიდუბის ავტოსადგურში − წეროვნის პირველი უბნის მარშრუტკას უნდა გავყვე. დილით ტრასა თავისუფალია და ოც წუთში უკვე წეროვანში ვარ.

დევნილთა დასახლებაში ქუჩებს სახელები არა აქვს. თითოეული ქუჩა დანომრილია. ტიხრული მინანქრის სახელოსნო, სადაც მე ვმუშაობ, განთავსებულია მეთერთმეტე ქუჩაზე, არასამთავრობო ორგანიზაციის − „უკეთესი მომავლისათვის“ − შენობაში. ჯერ კიდევ გზაში ვარ, როცა მირეკავს ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი დამაარსებელი და ჩვენი სოციალური საწარმო „იკორთის“ ხელმძღვანელი ნანა ჩქარეული. ვამშვიდებ, ვეუბნები, რომ უკვე წეროვანში ვარ და მალე ვიქნები სამსახურში.

ყველანი ადგილზე ვართ. თიკო ჯამრიშვილი ტიხრებს უკირკიტებს, თაკო ბერიანიძე ესკიზზე მუშაობს, ჩვენი მენეჯერი ეკა ზერიძე ღელავს. ერთადერთი ადამიანი, რომელიც სიმშვიდეს ინარჩუნებს, ნანაა. ზუსტად ათ საათზე მობრძანდება ელჩის მეუღლე. შემოდის ოთახში, გვესალმება და იმწუთშივე ამჩნევს ჩვენს ძველ პიანინოს. გამახსენდა, რომ მუსიკოსია და მშვენივრად მღერის. მას თან ახლავს რამდენიმე ქალი. ყველა დიდი ინტერესით ათვალიერებს ჩვენს სამკაულებს და თვალს ადევნებს ვერცხლზე მუშაობის პროცესს. აღფრთოვანებას ვერ მალავენ და ღიად გამოხატავენ. ნანა სტუმრებს უყვება ჩვენი საწარმოს შესახებ და ყველას ვორკშოპზე ეპატიჟება. ქალებს მოსწონთ ეს იდეა და ვფიქრობ, რომ ვორკშოპისთვის გამოყოფილ ერთ-ერთ შაბათ დღეს აუცილებლად გვესტუმრებიან და საკუთარი ხელით შექმნიან სასურველ სამკაულს. მანამდე კი ჩვენი ხელით შექმნილ სამკაულებს ყიდულობენ. მოხიბლული ვარ მათი უშუალობით, გახსნილობით და კეთილგანწყობით.

სახელოსნოს დათვალიერების შემდეგ ნანა და ეკა სტუმრებს ეპატიჟებიან სოციალურ კაფეში, რომელიც დევნილთა დასახლებაში ერთი წლის წინ გაიხსნა და მას „ჰელოუ-კაფე“ ჰქვია. გზად „ბუკმობილში“ შეიარეს. ეს კი ამერიკის საელჩოს პროექტია, რომელიც რამდენიმე წელია, მუშაობს და ემსახურება წეროვნის დევნილი ბავშვების განათლებას, კერძოდ ინგლისური ენის შესწავლას. ნანა და ეკა სტუმრებს აცილებენ და კმაყოფილები ბრუნდებიან სახელოსნოში. მიუხედავად იმისა, რომ დღეს კვირაა და მუშაობას არავინ გვაიძულებს, მაინც სამსახურში ვრჩებით და განვაგრძობთ საქმიანობას. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ შეკვეთილი ბროშები უნდა დავასრულოთ. მიყვარს ჩემი საქმე. ეს ჩემთვის ერთგვარი არტთერაპიაა. სამკაულზე მუშაობისას არაფერზე ვფიქრობ გარდა იმისა, თუ როგორ გამოვიყვანო დახვეწილი ტიხარი და როგორ შევუხამო ფერები ერთმანეთს. ამასობაში დიდი დრო გადის. მართალია, მუშაობის პროცესში საათს არასდროს ვუყურებ, მაგრამ დედაჩემის სატელეფონო ზარი მამცნობს, რომ სახლში წასვლის დროა.

4 ივლისი, ორშაბათი

დილით მსოფლიოში საუკეთესო „მაღვიძარა“ მაფხიზლებს. მისი სახელია მარიამი და ის ჩემი ოთხი თავის ძმისშვილია. მზის ამოსვლისას კარგად ისაუზმა და ახლა ძილის დრო აქვს. ძალიან მეძინება, მაგრამ არ მასვენებს ჩემი წილი პასუხისმგებლობა მარიამის წინაშე. ამიტომ ვდგები და ვცდილობ მის დაძინებას. ეს მე კარგად გამომდის. ჩემი რძალი ნინო, ყავას მიდუღებს. ნელ-ნელა იღვიძებენ დანარჩენი ძმისშვილები. ყველაზე ყოჩაღი დადუა. ის ჩემთან ერთად მიირთმევს ყავას, გიო და მიხო მოგვიანებით დგებიან. არდადეგები აქვთ და შეუძლიათ დილის ძილით დატკბნენ.

ზაფხულობით ჩემი სახლი ძალიან ხმაურიანია. მიყვარს ეს ხმაური. დედა მახსენებს, რომ დღეს ჩემი დეიდაშვილის, ზაზას, და უახლოესი მეგობრის, ნონას დაბადების დღეა. ზაზა მოსამართლეა და, სანამ პროცესი დაიწყება, უნდა მოვასწრო დარეკვა. „ჩემო ზაზა! გილოცავ დაბადების დღეს! ღმერთმა სიხარული არ მოაკლოს შენს კეთილ გულს!“ – „მადლობა, გენაცვალე!“, მპასუხობს გახარებული. ალბათ, ერთ-ერთმა პირველმა დავურეკე. შემდეგ დედაჩემი ულოცავს ტირილნარევი ხმით. ძალიან ჰგვანან ერთმანეთს და ვფიქრობ, რომ გამორჩეულად უყვარს.

სამსახურში გავრბივარ. ბევრი რამ უნდა მოვასწრო, საღამოს ნონასთან წასვლა რომ მოვახერხო. ალბათ, უკვირს ტელეფონით რომ არ ვულოცავ დაბადების დღეს, ამიტომ თვითონ მირეკავს და მილოცავს მეგობრის იუბილეს. მოსაღამოვდა. ნანას მანქანით მივყავარ ნონასთან. იუბილართან მეგობრები და კლასელები შეკრებილან. საღამოს სიურპრიზის გარეშე არ ჩაუვლია. ნონასთან სტუმრად ახალგორის ეკლესიის წინამძღვარი, მამა ანტონი მოდის წითელი ვარდების თაიგულით ხელში. ყველას გვიხარია მამა ანტონის ნახვა. საბუთი, ე.წ. ფორმა N9, ახლახან მიიღო და ახალგორიდან გამოვლის უფლება მისცეს.

მოწყენილი მეჩვენება მამა ანტონი, ალბათ დაიღალა. ცოტა ხანს დარჩა ჩვენთან, მერე კი განმარტოვდა. ზეიმი გრძელდება, ვხუმრობთ, ვიხსენებთ ბავშვობის ამბებს, სამ ხმაში ვშლით სიმღერას. ნონა ძალიან ბედნიერია. უკვე გვიანია. შინ უნდა დავბრუნდე. წამოვიშალეთ და ნანას მანქანის ნაცვლად, შეცდომით მამა ანტონის მანქანაში ვჯდები. ყველას გულიანად ეცინება, მათ შორის მეც: „ნანა ხომ წეროვანში რჩება, მამა მიდის ახალგორში და, რა გასაკვირია, რომ მეც მინდა ჩემს დედულეთში წასვლა. მაგრამ არ მაქვს ეს ოხერი ფორმა N9“. გულში ვფიქრობ: „იქნებ ეს კურიოზი ნიშანია, იქნებ მალე წავიდე ახალგორში...“

5 ივლისი, სამშაბათი

დილით ჩემი ტკბილი „მაღვიძარა“ მოწოდების სიმაღლეზეა. ვდგები და ვაძინებ მარიამს. ცოტა ხანში მოდის ჩემი ძმა. უჩა თბილისში მუშაობს და ბოლო დროს იშვიათად ხედავს თავის გოგოს. შორიდან ვტკბები მამა-შვილის გულისამაჩუყებელი ურთიერთობით.

სახელოსნოში მივდივარ. გზაში მობილური რეკავს. „გამარჯობა, დუშეჩკა, შენ კიდევ ცოცხალი ხარ? ჯერ არ მომკვდარხარ?“ მოსალმების ეს ფორმა მხოლოდ ვალოდიასთვის არის დამახასიათებელი. ვალო ჩემი განსაკუთრებული მეგობარია. მას ბავშვობიდან გონებრივი ჩამორჩენა აქვს. უკვე ოცი წელია, ვმეგობრობთ და არაჩვეულებრივი მოძრაობის, „რწმენა და სინათლის“, წევრები ვართ. „რწმენა და სინათლე“ აერთიანებს გონებრივად ჩამორჩენილ ადამიანებს, მათი ოჯახის წევრებსა და მოხალისე მეგობრებს. სწორედ ამ მოძრაობას უნდა ვუმადლოდე, რომ ასეთი მრავალფეროვანია ჩემი ცხოვრება და ამდენი არაჩვეულებრივი მეგობარი მყავს, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. ჩვენთან „რწმენა და სინათლის“ სამი სამეგობრო არსებობს: ორი თბილისში და ერთიც − წეროვნის დევნილთა დასახლებაში. მე და ვალო თბილისის სამეგობროს წევრები ვართ. ის განსაკუთრებული ადამიანია. მიუხედავად იმისა, რომ არ შეუძლია თვლა, წერა, საათის ცნობა, თავის კონტროლი და კიდევ ბევრი რამ, მრავალმხრივი ნიჭი, რომელიც მას აქვს, გადალახავს ამ შეზღუდულობას და თავს იჩენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. მაგალითად, მას შეუძლია, თავიდან ბოლომდე მოუსმინოს ოპერას. ის კარგი მსახიობია და სიამოვნებით მონაწილეობს მონოსპექტაკლებში, რომელთაც ჩვენი სამეგობროს ყოველთვიურ შეკრებებზე ვდგამთ ხოლმე. ჩვენი დღევანდელი სატელეფონო საუბარი დაპირებით სრულდება. ვალოს გასეირნებას და „ჰელოუ-კაფეში“ დაპატიჟებას ვპირდები.

სახელოსნოში შევდივარ და ფეხდაფეხ მარიკა მომყვება. ისიც ჩემი განსაკუთრებული მეგობარია და წეროვნის „რწმენა და სინათლის“ სამეგობროს წევრია. მარიკა შეპირებულ ყავას მთხოვს. ერთად ვწრუპავთ ყავას და შევექცევით შოკოლადს, თან ჩემი მეგობრის უამრავ კითხვას ვპასუხობ: საერთო მეგობრებზე, სამეგობროს შეხვედრებზე, ჩემს ცხოვრებაზე. ყველაზე აქტუალური მაინც ბანაკის თემაა. უკვე ზაფხულია და ეს პერიოდი მარიკასთვის ბანაკის დროა. მგონი, ეშინია, რომ მის გარეშე წავალთ, მან ხომ ბარგის ჩალაგება დეკემბრიდან დაიწყო. ამიტომ ყოველდღე მიწევს გამეორება, რომ ბანაკი აუცილებლად გვექნება და ისიც წამოვა ჩვენთან ერთად.

6 ივლისი, ოთხშაბათი

დილით ძალიან წვიმს. თბილისში უნდა წავიდე. ჩემი მოსკოველი მეგობარი ნასტია ბელტიუკოვა უნივერსიტეტში ატარებს ტრენინგ-სემინარს მუსიკალური თერაპიის თემაზე. ცოტა არ იყოს ღელავს, რადგან კოლეგამ, რომელთან ერთადაც სემინარი უნდა ჩაეტარებინა, საქართველოში ჩამოსვლა ვერ მოახერხა, და ნასტია მარტო დარჩა. ნასტიას „რწმენა და სინათლიდან“ ვიცნობ. მოსკოვში ოცი ჩვენნაირი სამეგობრო არსებობს, მსოფლიოში კი − 1500-მდე. სხვადასხვა ქვეყნის ჯგუფებს შორის მეგობრობა ჩვენი მოძრაობის ერთ-ერთი მისიაა. ნასტია ყოველ წელს ჩამოდის საქართველოში და ჩვენი სამეგობროებისთვის მუსიკალური თერაპიის მასტერკლასებს მართავს. ჩვენს ქვეყანაში არსებობს არტთერაპიის სკოლა, მაგრამ მუსიკალური თერაპიის პრაქტიკოსი სპეციალისტები, სამწუხაროდ, არ გვყავს.

მოსკოვში ნასტია მუშაობს, როგორც ღრმა გონებრივი ჩამორჩენის მქონე ადამიანებთან, ისე გვერდითი ამიოტროფული სკლეროზით დაავადებულ პირებთან, მათ შორის არიან სრულიად პარალიზებული ადამიანებიც. ასეთი გამოცდილების მქონე სპეციალისტის სემინარი ბევრის მომცემი უნდა იყოს. საქართველოს უნივერსიტეტის 706-ე აუდიტორიაში საინტერესო ხალხი იკრიბება, ძირითადად, პრაქტიკოსი ფსიქოლოგები, არტთერაპევტები. შეხვედრის ორგანიზატორია სოფიკო ვერულაშვილი. ნასტია საინტერესოდ საუბრობს მუსიკალური თერაპიის არსზე, მის მნიშვნელობაზე და შედეგებზე, აგრეთვე, საკუთარ გამოცდილებაზე. შემდეგ ატარებს მუსიკალური თერაპიის პატარა მასტერკლასს. დასაწყისში მოგვიწოდებს, მოვუსმინოთ სიჩუმეს, შემდეგ კი ნელა-ნელა ჩავყვინთოთ მუსიკის ოკეანეში. ეს რაღაც საოცრებაა! მუსიკამ ყველა გაგვაერთიანა. შეხვედრამ წარმატებით ჩაიარა. ბრავო, ნასტია!

უკვე შვიდი საათია. ჩემი რძალი მარიამი (ის ჩემსავით უკვე 20 წელია, „რწმენა და სინათლის“ წევრია) მე და ნასტიას ვახშამზე გვეპატიჟება. გზაში ერთმანეთს შთაბეჭდილებებს ვუზიარებთ. აღტაცებას ვერ ვმალავ, აღფრთოვანებული ვარ ჩემი მეგობრის ტალანტით. ნასტია მეუბნება, რომ უნარშეზღუდულ პირებთან მუშაობისას, ჩემ მიერ დაწერილ ერთ-ერთ სიმღერას იყენებს. მიხარია, თუ ეს სიმღერა ვინმეს ეხმარება. გვიანობამდე ერთად ვართ. საღამო გაჯერებულია მუსიკით და ძალიან უხდება წითელი ღვინო.

7 ივლისი, ხუთშაბათი

დილით ადრევე ვბრუნდები წეროვანში. ჩემი უფროსი ძმის, გოჩას ოჯახი ნასტიასთან ერთად ვარძიაში მიდის. მე ვერ წავალ, ძალიან ბევრი საქმე მაქვს, თანაც მეგობარი უნდა მესტუმროს სახელოსნოში. ზოია პლატონოვა მოსკოველია. ისიც „რწმენადასინათლელია“ და უკვე ორი წელია, რაც თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად. ამჯერად მამასთან ერთად გვესტუმრება: მამამისსაც უნდა, თავისი თვალით ნახოს, როგორ კეთდება ტიხრული მინანქრის სამკაულები.

ზოია არც ამჯერად მოვიდა ხელცარიელი − მოსკოვიდან სამკაულების შეკვეთის მსურველთა დიდი სია ჩამოიტანა. უხარიათ გოგოებს, რომ ჩვენი ნამუშევრები სხვა ქვეყანაშიც პოპულარულია. ნანა გვეუბნება, რომ რადიო თავისუფლების მიერ ჩვენს საწარმოზე მომზადებული სიუჟეტი უკვე ინტერნეტში გამოჩნდა. მართლა ძალიან კარგი გამოვიდა, ისეთი ნამდვილი...

დღეს ჩემი ყოველდღიური გეგმა ვერ შევასრულე, დავიღალე. ამიტომ გადავწყვიტე, შინ ადრე წავიდე და ცოტა დრო მარიამს დავუთმო. ის ძალიან პატარაა, მაგრამ უკვე გამოხატავს ჩემ მიმართ ემოციას. ნეტა იცოდეს, როგორ მითბობს გულს! უკვე ყველამ დაიძინა. ახლა შემიძლია, მშვიდად მივუჯდე კომპიუტერს და სიახლეებს გავეცნო. ვრთავ ფეისბუკს − ჩვენს სიუჟეტს, რომელიც ნანამ უკვე დადო „იკორთის“ გვერდზე. ბევრი მოწონება აქვს. რამდენიმე ჩემმა მეგობარმა გააზიარა კიდეც, მათ შორისაა ნასტია. ვკითხულობ მის კომენტარს: „Любимые мои друзья из поселка для беженцев совсем недалеко от Тбилиси. Про любовь, про прощение, про победу жизни. Спасибо, что делитесь с нами своим непростым, но таким важным опытом!“

8 ივლისი, პარასკევი

დილით ადრე სახელოსნოში ჩემი უახლოესი მეგობარი, ეკა გაჩეჩილაძე გვესტუმრა და მე და ნანას „შატო მუხრანში“ წასვლა შემოგვთავაზა. რატომაც არა, ჩვენ ხომ ამას ვგეგმავდით. გზაში გადავწყვიტეთ, მივუახლოვდეთ ახალგორის პირობით საზღვარს. მანქანიდან გადმოსვლისთანავე ქართველი მესაზღვრე გვიახლოვდება. ვეუბნებით, რომ ისე, უბრალოდ ვართ მოსულები და ცოტა ხნით გავჩერდებით. „თქვენც არა გაქვთ საბუთი?!“ − და თავის ადგილს უბრუნდება ისე, რომ პასუხს არც ელოდება. შორიდან ვუმზერთ ახალგორის ტყეს. ჩუმად ვართ. ქსნის გაღმა ნაპირზე, სოფელ ახმაჯში რუსეთის სამხედრო ბაზას ვხედავ. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ დურბინდით გვათვალიერებენ. რამდენი ხანია, არ მინახავს ჩემი ახალგორი, ჩემი ლარგვისი, ჩემი კორინთა, ჩემი ყელის ტბა! ჩემი! ჩემი, და არა თქვენი! ჩემი! სიბრაზე მახრჩობს, თვალები ცრემლით მევსება, არ მინდა, გოგოებმა შეამჩნიონ და მანქანისკენ მივდივარ. ნანასთვის ეს ნიშანია და რამდენიმე წუთის შემდეგ უკვე მუხრანისკენ მივემართებით.

„შატო მუხრანი“ არაჩვეულებრივი ადგილია. მწვანე მოლზე ფეხშიშველი დავდივარ. ვათვალიერებთ მარანს, საჯინიბოს, ვაგემოვნებთ წითელ ღვინოსა და როზეს. ჩუმად ვმღერით... ამ კვირაში ჩემთვის დასვენების დღეს პარასკევი ჰქვია.

9 ივლისი, შაბათი

„უფალს ებარებოდე!“ − მლოცავს დედა სახლიდან გასვლის წინ. „ამინ!“ − ვპასუხობ მე. ეს ჩვენი დილის რიტუალია. ქუჩაში წვიმის, ვარდისა და ქინძის სუნი ტრიალებს, თითქმის ყველა სახლის კარი ღიაა (თურმე დევნილთა დასახლებებს შორის ჩვენი წეროვნის დასახლება უსაფრთხოების თვალსაზრისით მსოფლიოში პირველ ადგილზეა). როგორ შეიცვალა წეროვანი! აღარ ჰგავს გეტოს: ხეები გაიზარდა, სახლებს მიაშენ-მოაშენეს, ყვავილების უკან იმალება დევნილთა საცხოვრებელის ერთფეროვნება, ცოცხალი სიმწვანე თვალს ახარებს. შევიგრძნობ, ღმერთისგან დათესილი სიცოცხლე ჩვენს ცხოვრებას როგორ ამშვენებს!

თბილისში მივდივარ, ჩემი ერთი კვირის თავგადასავალი რადიო თავისუფლებას უნდა მოვუყვე.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG