Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოლეგ ტიმჩენკო - მხატვარი


7 აპრილი, კვირა
კვირას საერთოდ ვერ ვგრძნობდი ვერასოდეს, იმიტომ რომ არსად მიმუშავია. სკოლაში კვირა ნაკლებად მიყვარდა, შაბათი მიყვარდა უფრო, რადგან კვირას ველოდებოდი, კვირას კი ორშაბათი მოდიოდა და ამიტომაც არ მიყვარდა კვირა... მერე გამიქრა ეს შეგრძნება, იმიტომ რომ ხატვა დავიწყე. არასოდეს არ მქონია ისეთი სამსახური, რომ ყოველდღე დავდიოდე და, დავუშვათ, მერე კვირას ველოდებოდე დასასვენებლად. ყოველთვის ვფიქრობდი, რა ბედნიერი კაცი ვარ - ხალხი მუშაობს, მე კი თავისუფალი ვარ-მეთქი. დრო იყო ისეთი... კომუნისტების დროს ადამიანი თუ არ მუშაობდა, ითვლებოდა, რომ არ შეიძლებოდა. მაგრამ ვინც მუშაობდა, იტანჯებოდა, ზოგი - ქარხანაში. მამაჩემს რომ ვუყურებდი, როგორ მუშაობდა, მეცოდებოდა. ურთულესი სამუშაო ჰქონდა! მე კი ისე ვიყავი, რომ არც მახსოვდა, როდის იყო კვირა, როდის შაბათი. დღეები მერეოდა. როცა ხატავ, როცა მუშაობ და სხვაგან ხარ ჩართული, თვეები და კვირები მალე გადის და არეულია ერთმანეთში.

8 აპრილი, ორშაბათი
მხატვრობა ისეთი რამეა, რომ ძალიან ბევრი დრო მიაქვს. ისე არ არის, რომ აკადემიიდან სახლში მიხვედი, გამოიცვალე და ხატვა დაიწყე. ყოველ შემთხვევაში, მე ასე არ შემიძლია. რაღაც განწყობა უნდა გქონდეს. შეიძლება არ ვიყო ხასიათზე, საერთოდ არ დავხატო ერთი კვირა, ერთი თვე. რა მოხდა? მაგრამ შეიძლება ისე მოხდეს, რომ გადაბმულად მომიწიოს მუშაობა, მით უმეტეს, თუ გამოფენა იგეგმება ან უკვე ჩამოვყალიბდი და ვიცი, რა უნდა გავაკეთო და ცოტა დრო მაქვს. რა თქმა უნდა, იქ უკვე მიდის საშინელი მუშაობა: დღე და ღამე არ მძინავს. შეიძლება არც გქონდეს დაგეგმილი არაფერი და უცბად დაგარტყას თავში, რომ, აი, ახლა თუ არ დახატე, ხვალაც თუ არ დახატე, ზეგ უკვე გვიანია, იმიტომ რომ ეს იცვლება. მერე რაღაც კი დაიხატება, მაგრამ სხვანაირი გამოვა. რა თქმა უნდა, იმ მომენტში თუ დახატავ, სხვანაირი გამოვა, ის ემოცია სხვანაირად გადმოვა ტილოზე, დღევანდელი კი სულ სხვანაირად გადმოდის. შეიძლება ჯობია, დღეს არ დახატო და ხვალ დახატო. იმას არ ვამბობ, რომელი ჯობია, მაგრამ არის მომენტი, როცა არ შეიძლება, არ დავხატო. შეიძლება გავგიჟდე, რადგან დრო იკარგება, წამები იკარგება! ამასაც ვგრძნობ, ძალიან მძაფრად ვგრძნობ და აქ უკვე არც ტელევიზორი მოქმედებს, არც ცოლი, არც შვილი, არაფერი! ვდგავარ და ვხატავ. სხვადასხვა მდგომარეობაა. ზოგჯერ ნელა იწყებ და ნელა აგრძელდებ, როგორც მედიტაციას; მოგწონს კიდევაც, რომ დიდხანს გრძელდება, რადგან კარგი რაღაც გამოდის და სიამოვნებას იღებ. მაგრამ ზოგი სურათი ისეთია, რომ გაგაგიჟებს: ან მალე უნდა მორჩე, ან გაგაგიჟებს და ვერ დაამთავრებ, გადააკეთებ და ეს არის სანერვიულო. აი, ეს არის ყველაზე საშინელი!

მახსოვს სულ პირველად ვხატავდი რაღაც თვითმფრინავებს. ყველა ბავშვი ხატავს ჯარისკაცებს და ომს და ასეთ რაღაცებს, მაგრამ ერთი სურათი განსაკუთრებულად მახსოვს იმიტომ, რომ სკოლაში გამოაცხადეს რაღაც კონკურსი - თბილისის სკოლების კონკურსი - და მასწავლებელმა მთხოვა, დახატეო. პირველ კლასში ვიყავი მაშინ. ჰოდა, მეც ვუთხარი, დავხატავ-მეთქი. ბევრი ვიფიქრე. ბოლოს ავიღე და რატომღაც ცხენი დავხატე. ეს კარგად მახსოვს. მოვდივარ სკოლაში. მასწავლებელი მეძახის და მილოცავს, მკოცნის. თურმე გავიმარჯვე, ავიღე პირველი ადგილი! ეს ცხენი შემდეგ გაზეთშიც დაიბეჭდა. იმ დროს გაზეთში გამოჩენა რაღაც განსაკუთრებული იყო. ორი გაზეთი იყო სულ და იქ რომ შენი გვარი წერია და შენი ნახატია დაბეჭდილი, დიდი რამ არის. მთელი მეზობლები მილოცავდნენ! თან პატარა ვიყავი, უხაროდათ პაპაჩემს, დედაჩემს - ყველას...

9 აპრილი, სამშაბათი
მე რომ გავიღვიძე, ჩემი შვილი დგებოდა. ერთად უნდა გავსულიყავით და ვკითხე, სად მიდიხარ-მეთქი? მიტინგი იქნება დღეს? მექანიკურად ვკითხე: "რუსთაველზე მიდიხარ?" გაუკვირდა, რაო? 9 აპრილია და არ არსებობს, ხალხი არ მივიდეს-მეთქი.

...იმ დღეს იქ ვიყავი. მეც გადავრჩი პრინციპში. მე და ნიკო ცეცხლაძე ერთად ვიდექით, იქითა მხარეს ვიყავით ზუსტად. ტანკები რომ წამოვიდნენ, ჩვენ მოვასწარით იქით გადარბენა და მხატვრის სახლთან დავდექით. იქიდან ვუყურებდით ამ სიტუაციას, ყველაფერს ისე ვხედავდი, როგორც ლოჟიდან. ჩემი თვალით მაქვს ნანახი, როგორ წამოვიდნენ ეს ”ჩიტები”, შემზარავი სილამაზე იყო, თან - ძალიან საშიში. მართლა ვიგრძენი ეს სიჩუმე, სანამ ყველაფერი დაიწყებოდა. მაშინ ვიგრძენი ის საშინელება, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო. წინასწარვე ვგრძნობდი. როცა პატრიარქი გამოვიდა და თქვა, წამოდით, ეკლესიაში წავიდეთ და ხალხი არ გაინძრა, მივხვდი, რომ შეიძლება საშინელება მოხდეს. და მოხდა კიდეც.

10 აპრილი, ოთხშაბათი
ოთხშაბათი სულ მერევა ხუთშაბათში, იმიტომ რომ ხუთშაბათი რუსულად არის четверг და სულ მერევა ეს დღეები და ნერვებს მიშლის დღემდე. როცა მეტყვიან, ოთხშაბათს რაღაც ხდება, ან სადმე ვარ მისასვლელი, მივდივარ в четверг. ეს კი ხუთშაბათია...

მამაჩემი დაიბადა ბელორუსიაში, ვიტებსკში. მაგრამ ერთი წლის ასაკში წაიყვანეს ციმბირში. შემდეგ საცხოვრებლად ომსკში გადავიდნენ. მამაჩემი პროფესიით გეოლოგი იყო. გეოლოგები ხომ ბევრს დადიან და საქართველოშიც იყო, მთელი ჩრდილოეთი კავკასია ფეხით აქვს მოვლილი, ძალიან ბევრგანაა ნამყოფი. ძირითადად ეძებდნენ ბროლს. სახლში მქონდა ძალიან ბევრი ბროლის ნატეხი: შავი, ყავისფერი, თეთრი - ულამაზესი! მერე ოქროსაც ეძებდნენ. ყოველ სამ-ოთხ თვეში ჩამოდიოდნენ სოხუმში, ზღვაზე დასასვენებლად, ძალიან დიდ ფულს უხდიდნენ მაშინ და ფული ჰქონდათ. არ იცოდნენ, სად წაეღოთ ეს ფული და ჩამოდიოდნენ სოხუმში, დროს ატარებდნენ. დედაჩემი აქ დაიბადა, თბილისში. ისიც აკადემიაში აბარებდა და უშვებდნენ სოხუმში სახაზავად, პროექტს აკეთებდა. იქ გაიცნეს ერთმანეთი. ისე შეუყვარდათ ერთმანეთი, რომ მამაჩემმა დედაჩემის გულისთვის თავი დაანება გეოლოგიას. აღარც ომსკში დაბრუნდა. დედაჩემის სახლში ცხოვრობდა და პროფესია შეიცვალა. ქარხანაში მუშაობა დაიწყო. ყველაფერი ეხერხებოდა, მაგრამ თავისი პროფესიით აღარ მუშაობდა...

დედაჩემი აქ საიდან გაჩნდა? დიდი ბაბუა და ბებია პეტერბურგელები იყვნენ, გვარად გულიცკები, თავადები. იქ ცხოვრობდნენ დიდ სახლში, ნევის პროსპექტზე... ეს ამბავი სკოლაში ვიცოდი, დიდი ბებია სულ მიყვებოდა: ნანახი ჰყავდა მეფე ნიკოლოზი. მისი ძმა კანცელარიაში მუშაობდა და მიყვებოდა, თუ როგორ ნახა მეფე. ლენინიც ნანახი ჰყავდა ჯავშნოსანზე - დადიოდა მიტინგებზე. ლენინს თურმე სერიოზულად არავინ უყურებდა, ეს ვიღაც გიჟია, რაღაცას ლაპარაკობსო. მეორე რევოლუცია რომ მოხდა, აი, მაშინ მიხვდნენ, რომ მორჩენილი ამბავია. უკვე გვიან იყო და სადღა უნდა წასულიყვნენ? ბოლო მომენტში მოასწრეს გაქცევა.

ჩემს დიდ ბებიას სამი და ჰყავდა, ერთმა მოასწრო ამერიკაში წასვლა, მეორემ - გერმანიაში და ბებიაჩემი მოხვდა აქ, თბილისში. დიდ ბაბუას უყვარდა კავკასია. "Там тепло, там яблоки" - ამას იძახდა თურმე. მაგარი ქვეყანაა და აქ მოუნდა ჩამოსვლა. მაშინ აქ ჟორდანიას დრო იყო, ინგლისელები იდგნენ და ძალიან კარგი ცხოვრება იყო იმ პერიდში. არც აპირებდნენ არსად წასვლას, მაგრამ მერე ინანეს, როცა უკვე გვიან იყო. აქაც დააგვიანეს! ორჯონიკიძე რომ შემოვიდა, ვერც პარიზში გადახვიდოდი და ვერც ვერსად. ასე შერჩნენ...

მახსოვს, დიდი ბებია სახლიდან საერთოდ არ გამოდიოდა, მარტო იდგა და წიგნებს კითხულობდა. ქმარი ადრე გარდაეცვალა. რა თქმა უნდა, დეპრესიაში იყო. ძნელია, ყველაფერს რომ დაკარგავ - ამოდენა სახლებს, სადაც მთელი ცხოვრება გაქვს გატარებული. ალბათ, ბანკშიც ჰქონდათ ფული. ყველაფერი დაკარგეს. აი, ასეთი დრამა დაემართათ. მაგრამ ჩემთვის ეს, ალბათ, ბედნიერებაა, რადგან ეს რომ არ მომხდარიყო, მეც სხვანაირი ბედი მექნებოდა, ალბათ არც მხატვარი ვიქნებოდი და, საერთოდ, არ ვიცი, რა მოხდებოდა...

11 აპრილი, ხუთშაბათი
დღეს გამოფენის გახსნა იყო. ჩემთვის ეს გამოფენა საინტერესოა - მეგობრებთან ერთად გამოვფინე ნამუშევრები. ხშირად მაქვს გამოფენები, რა თქმა უნდა, მაგრამ ასეთი სამეული ჯერ არ ყოფილა: უშანგი ხუმარაშვილი, ვახო ბუღაძე და მე. მით უმეტეს, ეროვნულ გალერეაში. უწინ "ცისფერი" ერქვა. თავის დროზე იქ ძალიან ბევრი გამოფენა მქონდა, მაგრამ სულ სხვა სივრცეში, სხვა დროს და აბსოლუტურად სხვანაირ გარემოში, რა თქმა უნდა. ახლა ფანტასტიკური დარბაზია!

გამოვიდა ასეთი გამოფენა: “ვიქტორია”. ეს ჩემი ერთი სურათის სახელწოდებაა. ასე გადაწყდა, რადგან დედიკა ბულია იყო კურატორი, მისი ინიციატივით გაკეთდა ყველაფერი, თან თემატურია, რადგან ეხება ომს - ნაპოლეონს, კუტუზოვს... ჩემთვის ეს არ არის მარტო ფერწერა, ეს არის სურათი, რომელსაც აქვს შინაარსი. ეს სურათი არ არის მხოლოდ ემოცია, რომელიც მოდის. იქ არის ტექსტები, რომლების არსებობაც აუცილებელია. უტექსტოდ ის სურათი არაფერს ნიშნავს. ეს არის კონცეფცია, რადგან შენ თუ წაიკითხავ იდეას, თუ მიიღებ და ისიამოვნებ, მაშინ უკვე ეს სურათიც შედგა. თუ აზრს ვერ წაიკითხავ და მოგეწონება, როგორც ფერადი ლაქა, ან ლამაზად დახატული, ან ოსტატურად დახატული, ეს არაფერს ნიშნავს ამ შემთხვევაში.

მინდოდა გამომეხატა პატივისცემა იმ ჯარისკაცებისადმი, რომლებმაც იბრძოლეს, ყველაფერი გაიღეს. ზოგმა მოიგო, ზოგმა წააგო, მაგრამ victoria ხომ გამარჯვებას ნიშნავს? გამარჯვება კი ზოგჯერ სიკვდილის ფასად მოდის და ეს არის ჩემთვის მნიშვნელოვანი. ეს არ ეხება კონკრეტულ ომს ან ჯარისკაცს... ეს ყველას ეხება, საერთოდ, ამ ცნებას - რა ფასად მოდის ეს ყველაფერი... გახსნამ ძალიან კარგად ჩაიარა, უამრავი ხალხი იყო!

12 აპრილი, პარასკევი
დღეს წავედი ხათუნა მელიქიშვილის გალერეაში, იქ იყო შეხვედრა “კასტელის” ფირმის წარმომადგენლებთან. ძალიან საინტერესო იდეაა. რვა მხატვარი იმუშავებს და გამოვა ჩვენი ეტიკეტებით გაფორმებული “კასტელის” ლუდები. ვნახოთ, რა გამოვა. პირველი შეხვედრა იყო. მერე “ქარვასლაში” წავედი.

მართლა ფანტასტიკური ინსტალაცია გააკეთა კოტე ჯინჭარაძემ! დღეს კიდევ იყო ჩემი ყოფილი მოწაფის, სოფო შარიას გამოფენა. ორი წლის წინ დაამთავრა აკადემია, ძალიან მიყვარს. თაყაიშვილის ქუჩაზე იყო გამოფენა, დღეს გაიხსნა. ”კამუფლაჟი” ჰქვია. მე მგონი, ძალიან საინტერესოა.

13 აპრილი, შაბათი
ახლა ვმუშაობ, ინგლისში იგეგმება გამოფენა, ლონდონში. დაწყებული მაქვს ეს სერია, მაგრამ ერთი სურათი მაქვს დასამთავრებელი. ძალიან ბევრი სამუშაოა, მე მგონი, მოვასწრებ. ჰოდა, აი, ახლა მაგაზე ვმუშაობ. თემა, ალბათ, იქნება "ქალი და მამაკაცი" - ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი. მარტო ჩემთვის კი არა, ყველასთვის. ამაზე მნიშვნელოვანი რა უნდა იყოს! ყველაფერი ამაზე დგას. აქედან მოდის პრობლემებიც და გენიალური აზრებიც. საწყისი ეგ არის, ყველაფერი აქედან მოდის - კაცის და ქალის ურთიერთობიდან. ის კი არ მინდა გავაკეთო - ფილოსოფიური რაღაც - კაცური საწყისი და ქალური. არა, უბრალოდ ადამიანები: კაცი და ქალი, შიშვლები დარბიან ან ხტუნაობენ... ძალიან ექსპრესიული მინდა გავაკეთო, აუცილებლად მოძრაობაში. სტატიკურიც შეიძლება, მაგრამ, ამავე დროს, ძალიან ექსპრესიულიც უნდა იყოს. ეს სხვა მიდგომაა აბსოლუტურად, ეს სურათები ერთი ხელის მოსმით უნდა დაიხატოს: არ შეიძლება დაწყება და არდამთავრება. პირდაპირ უნდა გადავიდეს ტილოზე, ემოცია უნდა იყოს ძალიან ბევრი, რაც არ არის, დავუშვათ, “ვიქტორიაში”, რომელშიც, პირიქით, ემოცია ნულზე უნდა ყოფილიყო. ეს სერია უკვე კარგა ხანია, დაწყებული მაქვს. ექვსი ტილო გაკეთებული მაქვს, დავამატებ, ალბათ, ათს და საკმარისი იქნება...
XS
SM
MD
LG