Accessibility links

ზაზა თვარაძემ სიცოცხლეში მხოლოდ ოთხი წიგნი გამოსცა: ორი ლექსების კრებული, ერთი - მოთხრობების, და ერთიც - მცირე რომანი, მაგრამ იმ შვიდი წლის განმავლობაში, რაც იგი აღარაა ამქვეყნად, უკვე მისი ექვსი წიგნი დაიბეჭდა. ეს იმიტომ, რომ ზაზა თვარაძეს სიკვდილის შემდეგ ძალიან ვრცელი არქივი დარჩა, რაც იმით აიხსნება, რომ იგი არასდროს ჩქარობდა საკუთარი ნაწერების გამოქვეყნებას, ძალიან ბევრს უკირკიტებდა თავის ტექსტებს და გამოქვეყნებულ ნაწარმოებებსაც კი ხშირად ახალ რედაქციებს უკეთებდა. ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია მცირე რომანი „სიტყვები“, რომლის ორი ვერსია არსებობს - ძველი და ახალი, შევსებული, და ახალიც, შეიძლება ითქვას, მხოლოდ შუალედურია, ანუ ისაა, რაც ზაზამ ამ ვერსიაზე მუშაობისას სიცოცხლეში მოასწრო.

ჟანრობრივად ამ წიგნის განსაზღვრა ძალიან ძნელია, რაღაც გაგებით უცნაური წიგნია, როგორიც თვითონ იყო ზაზა თვარაძე. პიროვნულად ზაზა იყო ძალიან განსხვავებული ადამიანი, ჩემთვის პირადად, ყველაზე განსხვავებული, ვისაც ვიცნობდი ქართულ ლიტერატურაში და არა მხოლოდ ლიტერატურაში...

თუმცა მთელი ეს ვრცელი არქივი ასე სწრაფად ექვს ახალ წიგნად ვერ გარდაიქმნებოდა, რომ არა მისი მეუღლე მანანა ჯიქია, რომელმაც ბოლომდე ითავა ზაზას ნაწერების მოვლა-პატრონობა. წიგნი, რომელზეც დღეს მინდა გესაუბროთ, ალბათ ყველაზე ძნელი შესადგენი იყო და ყველაზე ბევრი საჭოჭმანო მომენტი სწორედ ამ წიგნს დაჰყვება, ვინაიდან ესაა სხვადასხვა ტიპის, ძალიან ხშირად დაუსრულებელი ჩანაწერების, მონახაზების ნაკრები. „ჩადექი მანდ!“ ჰქვია წიგნს და იგი სულ ახლახან დასტამბა გამომცემლობა „ინტელექტმა“. იგი რამდენიმე ნაწილისაგან შედგება. აქაა ესეებიც, ინტერვიუებიც, მოგონებებიც, სიზმრებიც, ჩანაწერებიც... როგორც მანანა ჯიქიაც აღნიშნავს წინათქმაში, ამ დაუსრულებელ ტექსტებში ხანდახან მეორდება აზრები, შეხედულებები, პრობლემები. ესაა შავი მასალა, საიდანაც ავტორს დასრულებული ტექსტები უნდა შეექმნა, მაგრამ არ დასცალდა. შემდგენელს ჰქონდა ორი გზა: ან გამოეხშირა ეს ტავტოლოგიები, ან ასევე დაეტოვებინა. მან მეორე გზა აირჩია. თუმცა ამაზე უფრო რთული გადასაწყვეტი იყო კონკრეტული ნაწერების, ნაფლეთების ბედი. რისი გამოტანა ღირდა სააშკარაოზე და რისი - მაინც არა. ეს შემდგენელს რომ ტანჯავდა, ჩანს წინათქმიდანაც. წიგნის წაკითხვის შემდეგ მეც გაორებული განცდა გამიჩნდა: ერთი მხრივ, ჩემი მეგობარი მწერლის ბლოკნოტებში, მის ფიქრებში ბოლომდე ჩავიხედე და ამან ბევრი რამ ახლებურად დამანახა, მეორე მხრივ კი რაღაცნაირად მაინც არ მსიამოვნებდა მის ინტიმურ სივრცეში ასეთი შეჭრა: რომ ვკითხულობდი, თითქმის სულ ზაზას გაბრაზებული სახე მედგა თვალწინ: ნუ კითხულობ ჩემს ამ ნაჯღაბნებს, ხომ იცი, გამოსაქვეყნებლად არ დამიწერია, უბრალოდ ჩემთვის რაღაცებს ვინიშნავდიო - მეუბნებოდა.

წიგნზე, და საერთოდ, ზაზაზე სასაუბროდ დღეს ჩვენ სტუდიაში პოეტი ზვიად რატიანი მოვიწვიეთ:

"ჟანრობრივად ამ წიგნის განსაზღვრა ძალიან ძნელია, რაღაც გაგებით უცნაური წიგნია, როგორიც თვითონ იყო ზაზა თვარაძე. პიროვნულად ზაზა იყო ძალიან განსხვავებული ადამიანი, ჩემთვის პირადად, ყველაზე განსხვავებული, ვისაც ვიცნობდი ქართულ ლიტერატურაში და არა მხოლოდ ლიტერატურაში. ზაზას განსხვავებულობა და უცნაურობა იყო კიდევ ის, რომ ნებისმიერი ავტორის შემთხვევაში შეიძლება ვთქვათ, რომ მისი ნაწარმოებებიდან ჩანს ავტორი რაღაც დონეზე, პიროვნება, მაგრამ ზაზა იყო აბსოლუტურ თანხვედრაში თავის პროზასთან და თავის პოეზიასთან, რაღაცნაირად ძალიან დიდი მთლიანობა იყო ზაზას ხასიათსა და მის ნაწერებს შორის. ალბათ მეც და ალბათ ნებისმიერს, ვინც ზაზას ვიცნობდით, დროდადრო შეიძლება გაგვჩენია შეკითხვა, რამდენად იქნება ზაზას ბუნება და პიროვნული ხასიათი გასაგები იმ ადამიანებისთვის, იმ მკითხველისთვის, ვინც მას პირადად არ იცნობდა და ახლა რატომღაც ვფიქრობ, რომ ეს წიგნი ყველაზე უკეთ მორგებული გასაღებია ზაზას პიროვნების აღსაქმელად".

რთული ავტორია. ეს სირთულე გამოიხატება ყველაფერში: თემატიკაში, იმ დიაპაზონში, რომელიც ვახსენეთ და მის ლექსიკაში...

ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც იკითხება ამ წიგნიდან, ეს ზაზა თვარაძის წუხილებია, მის ქვეყანაში არსებულ მახინჯ მოვლენებზე განუწყვეტელი დარდი და ამ სიმახინჯეების გადალახვის გზების ძიება. არცთუ იშვიათად, გზების ძიებაც კი არა, რაღაცნაირი პესიმიზმი, ხელის ჩაქნეულობა, და მერე ბრაზი, რაც ამ ყველაფრიდან მოდის. თავის მხატვრულ ტექსტებში ზაზა ამ თემებს, საკითხებს მეტაფორულ, სარკასტულ სახეს აძლევდა, სხვანაირად ამძაფრებდა, აქ, ამ ნაწერებში კი ეს ყველაფერი გაშიშვლდა, ავტორის საფიქრალმა მხატვრული შემოსილობა დაკარგა, მეტ-ნაკლებად პუბლიცისტური ფორმები მიიღო და ამიტომ ეს წიგნი საუკეთესო მაჩვენებელი შეიძლება გამოდგეს იმისა, თუ რა იყო მისი პოეზიისა თუ პროზის მთავარი მამოძრავებელი.

ერთ-ერთი თემა, რომელიც მთელ წიგნს მსჭვალავს, რწმენა და ეკლესიაა, და მათ შორის წინააღმდეგობანი. ამ ნაწერებში ბოლომდე ჩანს ზაზას ღრმად ქრისტიანული ბუნება, რომელიც ვერანაირად ვერ ეგუება ზედაპირულ, მოჩვენებით, არასწორად გაგებულ რელიგიურობას. ის ძალიან კარგად ხედავს იმ ნაპრალებს, რაც ნამდვილ ქრისტიანობასა და ეკლესიას შორის არსებობს, და ამაზე ლაპარაკობს, ინიშნავს, განიცდის, ხანდახან განრისხებაც იპყრობს. ხშირია მისი ფიქრებიც იმ საბჭოთა მენტალიტეტზე, რასაც ვერანაირად ვერ ვაღწევთ თავს. ზაზას ფსიქოლოგობაც ატყვია ნაწერებს. ის ზოგჯერ ცდილობს, თავისი პროფესია მოიშველიოს და მისი დახმარებით ახსნას არსებული პრობლემები თუ სიტუაციები. რა თქმა უნდა, არის ლიტერატურაზე ფიქრებიც. ძალიან პირადი ჩანაწერებიცაა: გარდაცვლილ მეგობრებზე, ყოველდღიურ ცხოვრებაზე - დღიურის ნაგლეჯებივით. ანუ, ყველაფერი ეს ერთი დიდი კოლაჟია - მწერალ ზაზა თვარაძის შინაგანი ბრძოლებით, სასტიკ რეალობაზე რეაქციებით თუ კოშმარული სიზმრებით აწყობილი.

ზვიად რატიანი

ზვიად რატიანი

მოივუსმინოთ ისევ ზვიად რატიანს: "დამაფიქრებელია დიაპაზონი მისი ინტერესების თუ საფიქრალების, რაზეც საუბარია ამ ჩანაწერებში. ძალიან ფართოა ეს დიაპაზონი. და საერთოდ, ზაზა თვარაძე არაა ადვილად მისაღები, თუნდაც შეჩვეულ მოტივებზე გაწაფული და ყურშეჩვეული მკითხველისთვის, ლიტერატორი მკითხველისთვისაც კი. ასე იყო პირადად ჩემთვისაც: იყო რაღაცა ზღვარი, რომლის შემდეგაც მე უფრო მეტად და მართლა მივიღე ზაზას შემოქმედება. რთული ავტორია. ეს სირთულე გამოიხატება ყველაფერში: თემატიკაში, იმ დიაპაზონში, რომელიც ვახსენეთ და მის ლექსიკაში. ეს რაღაც ამოვარდნები, რომელსაც ვერც გროტესკს დაარქმევ, ვერც გამომწვევ ლექსიკას, ძალიან დრამატულია. მიუხედავად იმისა, რომ ზაზას ნაწერებში უხვადაა ირონიაც, უხვადაა კონკრეტულად იუმორიც, ლექსიკურ დონეზე, მის ამოძახილებში, ძალიან დიდი სერიოზულობა იგრძნობა. საერთოდ ძალიან სერიოზული ადამიანი იყო, ხანდახან შემაშფოთებლად სერიოზულიც. და ეს ყველაფერი ამ წიგნში არის რაღაცნაირად კრისტალიზებული".

წიგნს, როგორც ვთქვით,„ჩადექი მანდ!“ ჰქვია. ამ სახელწოდების მქონე წერილის ბოლოს იგი ამბობს: „ქვეყნიერებიდან წამოსულ ხიფათს კი ვაჟკაცურად ვუთხრათ: ჩადექი მანდ!“ ჰო, ასეთია ეს წიგნი: ერთი მხრივ ზაზა თვარაძე ხიფათს ეუბნება, ჩადექი მანდ, ფეხი არ დაძრა, შენს ადგილას დაეტიეო, მეორე მხრივ კი თავადაა ჩამდგარი ყველაფრის ეპიცენტრში და თითქოს საკუთარ თავს ეუბნება, ავალდებულებს, ჩადექი მანდ, სადაც ცოდვა-მადლი ტრიალებს, სადაც მართალი სიტყვა და საღი თვალი ყველაზე მეტად საჭიროა, სადაც მთავარი წყდებაო.

XS
SM
MD
LG