Accessibility links

logo-print
გამომცემლობა “ინტელექტმა” ნობელიანტების სერიაში ორი ახალი წიგნი გამოსცა, ჩესლავ მილოშის “ისას დაბლობი” და ნადინ გორდიმერის მოთხრობების ბოლო კრებული - “ბეთჰოვენს 1/16 ზანგის სისხლი ჰქონდა”.

მილოშის წიგნის გამოსვლა, ალბათ, განსაკუთრებული მოვლენაა პოეზიის მოყვარულებისთვის, რადგან ეს მისი პირველი ქართული წიგნია, თანაც საინტერესო ის არის, რომ პირველად არა მისი ლექსების კრებული, არამედ პროზა გამოვიდა, 57 წლის წინ დაწერილი ავტობიოგრაფიული წიგნი, რომელსაც განსაკუთრებული ხიბლი შესძინა ქალბატონ ნათელა გავაშელის თარგმანმა. ჩემთვის ძალზე სასიამოვნო იყო, როდესაც აღმოვაჩინე, რომ გამომცემლობამ სწორედ მას ანდო ამ შესანიშნავი წიგნის თარგმნა. ქალბატონმა ნათელამ ჩემთან საუბარში ისიც აღნიშნა, რომ დიდხანს ემზადებოდა ამ წიგნის სათარგმნად:
მილოშის წიგნის გამოსვლა, ალბათ, განსაკუთრებული მოვლენაა პოეზიის მოყვარულებისთვის, რადგან ეს მისი პირველი ქართული წიგნია

“სხვათა შორის, ჩესლავ მილოში უფრო სხვებმა აღმოაჩინეს საქართველოში. იყო ასეთი თაობა, რომელმაც იცოდა მილოში და მე როცა აღმოვაჩინე, ვერ მივედი ახლოს, იმიტომ რომ ჩემი თავი არ მეიმედებოდა მილოშის სათარგმნად, არ ვიყავი მომწიფებული. ამ ჩემი ცხოვრების მიწურულს დამიგროვდა იმდენი გამოცდილება, რომ როდესაც “ინტელექტმა” შემომთავაზა თარგმნა, დავთანხმდი. გამომცემლობამ ორი წიგნი შემომთავაზა, სხვათა შორის. ერთია უბრწყინვალესი წიგნი, მაგრამ მე ვერ გავბედე, იმიტომ რომ მას საოცარი მომზადება სჭირდებოდა. ეს არის წიგნი, რომელიც დღეს ძალიან აქტუალური იქნება, რუსეთთან ურთიერთობის თვალსაზრისით. ესაა კომუნიზმის, სოციალიზმის, რეჟიმის წინააღმდეგ დაწერილი წიგნი. ეს წიგნი რუსებსაც არა აქვთ თარგმნილი. მისი არაფერი არა აქვთ თარგმნილი, იმიტომ რომ ყოველთვის მილოშს დასავლეთში ეძახდნენ რუსეთის აგენტს და რუსეთში - დასავლეთის აგენტს.”

მართლაც, 2011-2012 წლამდე მილოშის პროზა არ იყო თარგმნილი რუსულად, ხოლო წიგნი, რომელიც ქალბატონმა ნათელამ ახსენა ზემოთ, ალბათ, “მშობლიური ევროპაა”, რომელიც რუსულად სულ ახლახან გამოიცა, ისევე როგორც მილოშის სხვა პროზაული წიგნები, მათ შორის “ისას დაბლობი” და “დატყვევებული გონება”.

წიგნი სავსეა ბავშვობის მოგონებებით. ამ პოლონელი პრუსტის მეხსიერებაში დაგროვებული ხმები და სურნელები, გრძნობები და პორტრეტები ძალიან მდიდარი ქართულითაა გადმოტანილი და მკითხველს სიამოვნებასაც ანიჭებს და აიძულებს ზოგიერთი ფორმა ფანქრითაც მონიშნოს ხოლმე. სწორედ ასეთია ფრინველების ხმები პირველივე აბზაცებში, ეშმაკის აღწერა II თავში, ბებიას დახასიათება, რომლის საყვარელი საქმიანობაც ზამთრობით ღუმელთან კაბაწამოხდილი დგომა და ცეცხლისთვის ზურგის მიფიცხება იყო: "ეს პოზა ნიშნავდა იმას, რომ მზად იყო საუბრისთვის", ხოლო თუკი "თვალის უპეები დაუნაოჭდებოდა და ღაწვისთავები ჩვეულებრივზე მეტად წამოებურცებოდა", ეს სასაცილო ამბების მოყოლაზე თანხმობას ნიშნავდა.

წიგნში ძალიან ბევრი პერსონაჟი, უფრო სწორად, რეალური ადამიანი გაიელვებს და მათი აღწერისას ავტორი ხანდახან თავისი განსაკუთრებული მეთოდით სარგებლობს. ერთგან იგი ასეთ რამეს წერს: "ჟამთააღმწერლის მოვალეობა არ არის გამოწვლილვით აღწეროს მისი მხედველობის არეში მოხვედრილი ყოველი გმირი. ცხოვრებას ბოლომდე ვერავინ ჩასწვდება, მასზე გაკვრით შეგვიძლია ლაპარაკი და დაბეჯითებით მხოლოდ იმას თუ ვიტყვით, რომ პაკენასი არსებობდა ოდესღაც...." და ა.შ. ამის მიუხედავად, ზოგიერთი გმირი, რომელსაც მილოში ტომაშის, ანუ თავისი ბავშვობიდან გამოიხმობს, განსაკუთრებული სიზუსტითაა დახასიათებული. რამდენიმე თავი ეძღვნება მაგდალენას სასწაულებით სავსე ამბავს, რომლის უცნაური ფინალიც არავის დატოვებს გულგრილს.

ნადინ გორდიმერის წიგნი მოთხრობების კრებულია და 2007 წელს გამოვიდა. წიგნი ინგლისურიდან თარგმნა და კარგი წინასიტყვაობა დაურთო თამარ კოტრიკაძემ. შესავალში, კრებულში შესული მოთხრობების გარდა, გორდიმერის ზოგიერთ ბიოგრაფიულ დეტალზეცაა საუბარი.

გორდიმერს სახელი 1951 წელს “ნიუ-იორკერში” გამოქვეყნებულმა ერთმა მოთხრობამ მოუტანა. ეს ის პერიოდია, როდესაც ჯერომ სელინჯერის პირველი მოთხრობები იბეჭდება ამ ჟურნალში, გამოდის მისი ერთადერთი რომანი და ამ დროს ჩნდება სამხრეთაფრიკელი გოგონა, რომელიც მომავალში “ნიუ იორკერის” ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ და ერთგულ ავტორად დარჩება. საქმე ისაა, რომ იგი 60 წელზე მეტია თანამშრომლობს ამ გამოცემასთან.

მოთხრობას გორდიმერი ჩვენი ეპოქისთვის ყველაზე შესაფერის ჟანრად მიიჩნევს

მოთხრობას გორდიმერი ჩვენი ეპოქისთვის ყველაზე შესაფერის ჟანრად მიიჩნევს, იგი ამ ჟანრის ნამდვილ ოსტატად ითვლება, ეს კრებული კი გარკვეული შეჯამებაა, სადაც ეს ჟანრი ზოგჯერ ზღვრამდეც კი მიდის ხოლმე. ამ კრებულში შესული მოთხრობების შესახებ თამარ კოტრიკაძე ასეთ რამეს წერს: "ეს წიგნი არდადგმული მიზანსცენებისა და დიალოგების, არშემდგარი კონფლიქტებისა და განუვითარებული დრამების ნამდვილი მატიანეა", ხოლო კრებულის გამჭოლ მოტივს ძველ საოჯახო ჩანაწერებსა თუ წერილებში სასიცოცხლო მნიშვნელობის პასუხების ძიება წარმოადგენს. იგიც, მილოშის არ იყოს, წარსულს უტრიალებს, თუმცა გორდიმერი ამ წარსულს სხვადასხვა მხრიდან ქექავს. ზოგჯერ იგი ნამდვილი მეიგავეა და კაფკას ან ბორხესს გაგახსენებთ, სხვაგან კი მასში პორტრეტისტი იმარჯვებს, რადგან უკეთეს ფორმას ვერ პოულობს ყველაზე ძვირფას ადამიანებთან დაკავშირებული გრძნობების გადმოსაცემად. მისი მოთხრობა "სიზმრად ნანახი გარდაცვლილნი" (ისევე როგორც მთელი კრებული) გორდიმერის გარდაცვლილ მეუღლეს ეძღვნება, რომელსაც ის ამაოდ ელის. სამაგიეროდ, სიზმარში ჩნდებიან მისი გარდაცვლილი მეგობრები - ედვარდ საიდი, სიუზენ სონტაგი და ენტონი სემპსონი. ისინი ნიუ-იორკის რომელიღაც რესტორანში სხედან – სონტაგი, რომელიც მითიურ მედეას თუ ქალღმერთ ათენას ჰგავს "შავი თმით შემოსილი დიდებული თავით, ერთთავად მუქარისა და წყალობის გამომხატველი თვალებით", და საიდი, რომელიც წარმოშობით პალესტინელია, თავისი ეთიკური, ადამიანური მრწამსით კი - ებრაელი. სონტაგი და საიდი სულ კამათობენ გორდიმერთან, მაგრამ, იმავდროულად, სულ რაღაც იდუმალ სიმშვიდეზეცაა საუბარი. რეალურ ცხოვრებაში - ბრძოლა, მშვიდობის გზების ძიება, თავგანწირვა, სიკვდილის შემდეგ კი - დუმილი და გულგრილობა. სონტაგი, ეს უპირველესი ფემინისტი, შიგადაშიგ ლამის ანტიფემინისტური სიტყვით გამოდის სუფრასთან, საიდი კი კომპოზიტორობს და თავის ახლად დასრულებულ სიმფონიასაც ახსენებს. სწორედ ამ დროს ეკითხება სონტაგი საიდს: "დაგრჩა რამე დაუსრულებელი?" და საიდი უპასუხებს: "დასრულებული არაფერია. საბოლოო სრულყოფა ჩვენი ყველაზე დიდი შეცდომაა. დიქტატორებიც სწორედ ამას ესწრაფვიან: სრულ ჰეგემონიას. ჩვენ კი არსად არ ვყოვნდებით, ყველა გამოცდილებიდან მთავარს ვითვისებთ, შემდეგ ბარგს ვალაგებთ და ადგილს ვიცვლით..."

დაბოლოს, გორდიმერის ერთი პატარა ტექსტი მინდა ვახსენო, "გრეგორი", კაფკას "მეტამორფოზების" ერთგვარი ინტერტექსტი, სადაც მწერლის საბეჭდი მანქანის ეკრანის ქვეშ დატყვევებული ხოჭო აღმოჩნდება, რომელსაც იგი ვერაფრით ათავისუფლებს. ხან ვის ურეკავს, ხან ვის, მაგრამ ხოჭოს ვერაფრით შველის. აკვირდება მის დაგრეხილ შავ ფეხებს, რომლებიც სასვენ ნიშნებს ჰგავს, და მუშაობის ხასიათი უქრება, რადგან მუშაობისას სიმარტოვეს ჩვეული მწერალი გრძნობს, რომ მარტო აღარაა, ვიღაც თვალყურს ადევნებს და მისი წარმოსახვის მუშაობას ეს პატარა მწერი აყურადებს. ბოლოს მწერი სადღაც გაქრება, - ის, ვინც 5 დღე გაატარა გამოკეტილმა. დაშლილ მანქანაში ვეღარსად პოულობენ თანამედროვე გრეგორ ზამზას და ბოლოს იქვე, მანქანის რომელიღაც ვიწრო ღრმულში აღმოჩნდება მისი ნეშტი: "რა დარჩა მისგან? მტვრის ერთი მწიკვი. ფეხის ერთი სეგმენტი: იეროგლიფი, რომელსაც ვერასოდეს გავშიფრავ".

ამავე თემაზე

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG