Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მესხური საახალწლო დალოცვა: "შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ წმ. ბასილი"


რაბათის ციხე
რაბათის ციხე

ბასილას პურები, ქადა–ხაჭაპურები, გოზინაყი და ჰალვა ბაქმაზით, ნაბახუსევზე კერძი ყაისაფა – ეს იმ ტრადიციული საახალწლო საკვების მცირე ჩამონათვალია, რომელსაც მესხეთში ხშირად ამზადებენ. მაყვალა ასპანიძე ამბობს, რომ ბაქმაზი თუთის წვენისგან დამზადებული ტკბილი სითხეა, რომელსაც საკვებად იყენებენ. მას სხვაგვარად თუთის თაფლსაც ეძახიან. ბაქმაზი, გარდა იმისა, რომ გემრიელია, ჯანმრთელობისთვის სასარგებლოცაა. დიასახლისი ირწმუნება, რომ მას სამკურნალოდ ხშირად იყენებენ როგორც სასუნთქი გზებისთვის, ასევე გულ–სისხლძარღვთა უკეთესი ფუნქციონირებისთვის. სწორედ ბაქმაზისგან დამზადებული გოზინაყი და ჰალვა გახლავთ ასპინძის რაიონის სოფელ ნიჯგორში საახალწლო სუფრის ერთ-ერთი აუცილებელი ატრიბუტი.

ბაქმაზისგან დამზადებული ტკბილეულის გარდა, სამცხე-ჯავახეთში სხვადასხვა გამხმარი ხილისგან მომჟავო წვნიან კერძსაც ამზადებენ. ყაისაფა, სავარაუდოდ, თურქული კერძია, რომელიც რეგიონში საუკუნეების წინ დამკვიდრდა. ქალბატონი მაყვალა ფიქრობს, რომ ყაისაფამ ქართველების მოწონება ბევრი მიზეზით დაიმსახურა.

კიდევ ერთი ტრადიციული საახალწლო საკვები ბასილას პურებია, რომელსაც მესხეთის თითქმის ყველა ოჯახში აცხობენ. მაყვალა ასპანიძე იხსენებს, რომ ახალ წელს გამომცხვარი კაცის ფორმის პური შობამდე ეკიდა სახლში.

წმ. ბასილის კვერები ტრადიციული იყო ახალციხეშიც. ნადირაძეების უხუცესი წევრი ირწმუნება, რომ ბასილას პურები ოჯახში ბარაქისა და წარმატების მომტანია. მზია ბებო სრულიად საქართველოს 2016 წელს, პირველ რიგში, მშვიდობასა და სიხარულს უსურვებს.

ნადირაძეების ოჯახი 2016 წელს განსაკუთრებულად ხვდება. წელს იგი იმ ამერიკულ ოჯახს მასპინძლობს, სადაც მათი შვილი ცხოვრობდა. ნადირაძეები ცდილობენ კალიფორნიელ სტუმრებს ის საახალწლო ტრადიციები გააცნონ, რომელიც მესხეთშია გავრცელებული. როგორც გაირკვა, წმ. ბასილის პურების მსგავს ტრადიციას ამერიკაშიც იცნობენ, თუმცა ბილ და ბარბარე ტეილორებს ძალიან მოსწონთ, რომ, ამერიკისგან განსხვავებით, ქართველებს მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია და კულტურა აქვთ.

თაობიდან თაობას გადაცემული ტრადიცია და პურისგან წამოსული სითბო – კალიფორნიელი სტუმრები სამცხე-ჯავახეთში ყველაზე მეტად ამან აღაფრთოვანა. სწორედ ამიტომ, ნადირაძეებისა და ტეილორების ოჯახები მესხეთიდან სრულიად საქართველოს ქართულ-მერიკულ ერთობლივ მილოცვას უთვლიან.

XS
SM
MD
LG