Accessibility links

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ 15 მაისის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ იქნება დაუმუშავებელი სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების მფლობელთა მიმართ დიფერენცირებული საგადასახადო პირობების შემოღების ინიციატივა. ხელისუფლების სურვილია ქვეყანაში არ დარჩეს დაუმუშავებელი მიწის ნაკვეთი. რამდენად შესაძლებელია მიზნის მიღწევა დამატებითი სანქციებით?

ის, ვინც მიზნობრივად დაამუშავებს სასოფლო-სამეურნეო მიწას, ისარგებლებს მეტი შეღავათით, მათ კი, ვინც საჭიროებისამებრ არ გამოიყენებს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს, განსხვავებული სატარიფო გადასახადი დაუწესდება. როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრი რადიო თავისუფლებასთან საუბარში განმარტავს, ჯერჯერობით დადგენილი არ არის, თუ რამდენად განსხვავებული იქნება ტარიფები. საკითხი ჯერ დამუშავების სტადიაშია, ინიციატივის სახეს კი, სავარაუდოდ, ორი თვის განმავლობაში შეიძენს. მანამდე ცნობილი მხოლოდ ის არის, რომ ცვლილებები არ შეეხებათ მცირემიწიან გლეხებს. საუბარია მიწის დიდი მასივების მფლობელებზე, რომლებიც მიზნობრივად არ იყენებენ ნაკვეთებს:

„მინიმუმ იჯარით მაინც გასცემენ და ვიღაც რაღაც მოსავალს მოიყვანს, ანუ საუბარია ნებისმიერი ტიპის დატვირთვაზე აგრარული სასურსათო პროდუქციის ნაწილში, რომ ათვისებული იყოს. ეს არის სტატუსის მქონე მიწა, სასოფლო-სამეურნეო, და შესაბამისი დატვირთვით უნდა იყოს გამოყენებული. გათვალისწინებული იქნება შესაბამისი რეგლამენტები, იმიტომ რომ შეიძლება მიწა მოითხოვდეს ერთი ან ორი წლით არდამუშავებას, მაგრამ ის, რომ მინიმუმ იმ მდგომარეობაში უნდა იყოს, რომ მომიჯნავე ნაკვეთებს პრობლემა არ შეუქმნას, ეს არის უდავო და გრძელვადიან პერსპექტივაში ნებისმიერი მიწის ნაკვეთი ათვისებული უნდა იყოს პროპორციულად“.

ფაქტობრივად, გლეხი, რომელიც კუთვნილ მიწას არ ამუშავებს, იმის ნაცვლად, რომ მის გაყიდვაზე ფიქრობდეს, ფიქრობს, შემდეგ არჩევნებში ვიღაც რაღაცას გადმომიგდებსო - უფასო ხვნა-თესვა იქნება თუ უფასო ტრაქტორი. ეს თავისთავად ქმნის მოტივაციას ამ მიწის მფლობელისთვის, რომ მიწა კი არ გაყიდის, არამედ გამოიყენოს პოლიტიკურ ვაჭრობაში...

ის, რომ დაუმუშავებელი მიწა სერიოზული პრობლემაა და შეზღუდვაა სოფლის მეურნეობის სფეროსთვის, ადასტურებს თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ბიზნესსკოლის დეკანი გიგა ბედინეიშვილი. მისი თქმით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურვილია, მიწის მფლობელებს გაუჩნდეთ მოტივაცია, რომ ან გაყიდონ, ან იჯარით გასცენ მიწები, მაგრამ შეიძლება ამასუარყოფითი შედეგებიც მოჰყვეს. გიგა ბედინეიშვილის აზრით, ამ სქემას უფრო მეტი მინუსი აქვს, ვიდრე პლუსი სამი მიზეზის გამო: ერთი, რომ ხელისუფლება აქამდე დეფრაგმენტაციას ახდენდა მიწის ნაკვეთების და არ დგამდა ნაბიჯებს მისი გამსხვილებისკენ, მეორე, რომ ზღუდავდა მიწის ნაკვეთების უცხოელებისთვის მიყიდვას, მესამე კი ის, რომ აუცილებელი გახდება ახალი ადმინისტრირების ინსტიტუტის შექმნა, რომელსაც თავისი ბიუროკრატია დასჭირდება. ამასთან, გიგა ბედინეიშვილის თქმით, როგორც წინა, ისე ამჟამინდელი ხელისუფლება არასწორ პოლიტიკას ატარებს სოფლის მეურნეობის სფეროში:

„ფაქტობრივად, გლეხი, რომელიც კუთვნილ მიწას არ ამუშავებს, იმის ნაცვლად, რომ მის გაყიდვაზე ფიქრობდეს, ფიქრობს, შემდეგ არჩევნებში ვიღაც რაღაცას გადმომიგდებსო - უფასო ხვნა-თესვა იქნება თუ უფასო ტრაქტორი. ეს თავისთავად ქმნის მოტივაციას ამ მიწის მფლობელისთვის, რომ მიწა კი არ გაყიდის, არამედ გამოიყენოს პოლიტიკურ ვაჭრობაში არჩევნების წინ და ეს ამახინჯებს ეკონომიკურ ურთიერთობებს“.

ის, რომ მიწები არ იყოს დაუმუშავებელი, ძალიან კარგი და ძალიან მისასალმებელია, ამბობს საქართველოს ფერმერთა და სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფესიული კავშირის პრეზიდენტი ირინე ფხოველიშვილი. მისი თქმით, მაგალითად, შარშან კახეთის რეგიონში მიწები დაუმუშავებელი დარჩა იმის გამო, რომ გვალვით დაზარალებული ფერმერების დასახმარებლად სახელმწიფომ არანაირი ქმედითი ღონისძიება არ გაატარა. ამასთან, მისივე თქმით, მიწების დამუშავებას ხელს უშლისმოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურაც:

„სამწუხაროდ, ნაკვეთთან მისასვლელი გზებიც არ ვარგა. თუ იქნება მოწესრიგებული გზები, თუ იქნება მოწესრიგებული სარწყავი სისტემა და თუ ფერმერი იმდენად ზარმაცი იქნება, რომ არ დაამუშავებს მიწას, მაშინ სიამოვნებით დავუჭერ მხარს, რომ ასეთი ფერმერი დაჯარიმდეს, მაგრამ თუ წინაპირობები არ იქნება, რომ ფერმერს მიწის დამუშავების შესაძლებლობა მიეცეს, მაშინ ფერმერის პასუხისმგებლობა კი არ უნდა დადგეს, არამედ იმისი, ვისაც ამ საკითხების გადაწყვეტა ევალება და არ აკეთებს, რაც ხელს უშლის ფერმერული მეურნეობის განვითარებას“.

სოფლის მეურნეობის სამინისტრო ცვლილებებს ეკონომიკის სამინისტროსა და ექსპერტების ჯგუფთან ერთად განახორციელებს მას შემდეგ, რაც საკითხი ინიციატივის სახეს მიიღებს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG